კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდს დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაში.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე, 160–შრიანი ტომოგრაფით Toshiba Aquilion Lightning SP, რომელიც მოიცავს კვლევისთვის საჭირო უახლეს სისტემებს.
აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა 160 შრეა, რომლის დახმარებითაც მნიშვნელოვნად მცირდება სკანირებისთვის განკუთვნილი დრო და ერთ ბრუნში სხეულის მეტი დიაპაზონი იფარება.
კვლევა ხორციელდება სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ.
კლინიკის ტომოგრაფი უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტირების საშუალებებით, გამოსახულებითა და ინფორმაციულობით გამოირჩევა.
კლინიკა კვლევას სთავაზობს ბარიატრიული (მძიმე წონის), 255 კილოგრამამდე წონის პაციენტებს.
რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)?
მისი მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება რენტგენის სხივების გამოყენებით.
იგი ორგანიზმის სრულყოფილი გამოსახულებაა.
რადიოლოგი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის შემდეგ სვამს შესაბამის დიაგნოზს.
კვლევა ტარდება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ (სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევა) რეჟიმში.
მისი კონტროლით სრულდება სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია, საჭიროა ბიოფსიისა და რადიაციული თერაპიის დროს.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რადიოლოგი გიორგი ფიფია.
– რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას?
– კტ უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება.
მიმართავენ ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის, კერძოდ: სიმსივნური პათოლოგიის, სისტემური დაავადებების, თავის ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მილოვანი სეგმენტის, ძვლოვანი სისტემის დაზიანებების გამოვლენისა და მეთვალყურეობის მიზნით.
საჭიროა ისეთი მწვავე დაზიანებების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა:
- ტრავმები, რომლის დროსაც გამოკვლევის ეს მეთოდი პრაქტიკულად შეუცვლელია, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში შევაფასოთ სხვადასხვა ორგანოს დაზიანება და დაზიანების სიმძიმე;
- თავის ტვინის ინსულტი (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დიფერენცირება, კტ პერფუზიითა და კტ ანგიოგრაფიით დაზიანების ადრეულ ფაზაში გამოვლენა, პროგნოზისა და მკურნალობის ტაქტიკის დადგენა/დაგეგმვა);
- ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტის დაზიანება და სხვა.
გამოკვლევის ამ მეთოდით აგრეთვე შესაძლებელია შემდეგი ანგიოლოგიური (სისხლძარღვოვანი) პათოლოგიების დიაგნოსტირება და პოსტოპერაციული მონიტორინგი:
ჩვენს კლინიკაში 24 საათის განმავლობაში ვაწარმოებთ პრაქტიკულად ყველა სახის გამოკვლევას.
– რას გულისხმობს პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის მომზადება?
– გამოკვლევისთვის მომზადება არ საჭიროებს განსაკუთრებულ წესს. თუმცა საგულისხმოა რამდენიმე გარემოება და კერძოდ, მუცლისა და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია არაინფორმაციულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღო ბარიუმი. ამ დროს პაციენტს ვაძლევთ შესაბამის რჩევა–დარიგებას და შემდგომ ვატარებთ გამოკვლევას.
შაქრიანი დიაბეტის დროსაც, შესაძლოა პაციენტს მოუწიოს გარკვეული მედიკამენტის შეწყვეტა პროცედურამდე ერთი დღით ადრე და უშუალოდ პროცედურის დღეს.
სავალდებულოა, რომ ალერგიულმა პაციენტმა ალერგიის შესახებ აცნობოს პერსონალს – როცა ინტრავენური კონტრასტირებით მიმდინარე კვლევას იტარებს ალერგიული პაციენტი, რადიოლოგთან ერთად მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ალერგოლოგიც და მხოლოდ შესაბამისი მომზადების შემდგომ ტარდება.
კრეატინინის მაღალი მაჩვენებლის დროს ერთვება ნეფროლოგი და მხოლოდ მისი კონსულტაციის შემდგომ ვნიშნავთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
კვლევა უკუნაჩვენებია ორსულებში, მეძუძურ დედებში. ამ დროს კვლევა ტარდება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ან სასიცოცხლო ჩვენებით. ამ შემთხვევაშიც სასურველია, რომ პროცედურა შესრულდეს განსაკუთრებულად დამზოგველი პროტოკოლით.
– თუ პაციენტს დახურული სივრცის (კლაუსტროფობია) შიში აქვს, რა ალტერნატივას ვთავაზობთ?
– კლაუსტროფობიის შემთხვევაში პაციენტს წინასწარ ვათვალიერებინებთ აპარატს, მისი მოძრაობის ამპლიტუდას, სიღრმესა და სიხშირეს. ვუხსნით, რომ კვლევის პროცესი მიმდინარეობს საშუალოდ 5–დან 10 წუთამდე (რასაკვირველია, გააჩნია კვლევის სირთულეს), მუდმივად ვართ პაციენტთან კონტაქტში მიკროფონის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შევძლებთ პროცედურის შეწყვეტას. თუ ყველა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კვლევას ვატარებთ ინტრავენური ანესთეზიით.
- რას ნიშნავს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით?
- კვლევა ტარდება ან კონტრასტირებით, ან უკონტრასტოდ. თუ რომელი მეთოდია ადეკვატური, წყვეტს მკურნალი ექიმი. ამასთან, კვლევის პროცესში დეტალების უკეთესი ვიზუალიზებისა და დიფერენცირებისთვის რადიოლოგის რეკომენდაციაც საყურადღებოა.
განსხვავება კონტრასტირებისა და უკონტრასტო კვლევებს შორის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პათოლოგიის დადგენა გვსურს. თუმცა ძირითად შემთხვევებში, კვლევის მაღალი სიზუსტით ჩასატარებლად, მეტწილად კონტრასტული მეთოდია რეკომენდებული.
სხეულის სხვადასხვა ქსოვილს რენტგენის სხივების შეჩერების თვისება აქვს (ხშირ შემთხვევაში მოცულობითი წარმონაქმნის და ჯანსაღი ქსოვილის სიმკვრივე ერთმანეთთან ახლოსაა) და ამის გამო გამოსახულება სავსებით შესაძლებელია დიაგნოსტირებისთვის არ იყოს სრულყოფილი; სწორედ ამ დროს გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება.
იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება რადიოლოგს სისხლძარღვების სრულფასოვან შეფასებაში ეხმარება (უკონტრასტო კვლევით სისხლძარღვების კვლევა არაინფორმაციულია) და სისხლძარღვების შესაძლო ობსტრუქციის დასადგენად გამოიყენება, ხოლო პერორალური საკონტრასტო ნივთიერება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დიაგნოსტირებისთვისაა განკუთვნილი.
ი/ვ კონტრასტირების დროს ძირითადად არტერიულ და ვენურ ფაზებში ვლინდება პათოლოგიური პროცესები, ხშირ შემთხვევაში რადიოლოგი დამატებით დაყოვნების ფაზასაც იყენებს, რათა დიფერენცირება მოახდინოს: მაგალითად, ღვიძლში არსებულ ჰემანგიომასა და სხვა ტიპის მოცულობით წარმონაქმნს შორის, რამეთუ კონტრასტის ჩართვის ეფექტი და ხასიათი (პერიფერიული ან ცენტრალური ჩართვა), გამორეცხვის დრო და მოცულობა (სრული გამორეცხვა, არასრული გამორეცხვა–დაყოვნება) გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა ტიპის პროცესებთან გვაქვს საქმე.
აგრეთვე, მაგალითად, თავის ტვინის ნივთიერებაში კისტოზური ტიპის წარმონაქმნის დაფიქსირების დროს ი/ვ კონტრასტირება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მოცულობითი წარმონაქმნი კეთილთვისებიანია (მენინგიომა) თუ მეორეული დაზიანება – MTS (ბეჭდისებური ჩართვა), თუ საეჭვოა ავთვისებიანობაზე.
საბოლოო დიაგნოზი, რასაკვირველია, ციტო–მორფოლოგიური პასუხით განისაზღვრება, თუმცა ძირითადი რადიოლოგიური მაჩვენებლები კლინიცისტს შემდგომი მკურნალობისა და კვლევების დაგეგმარებაში ეხმარება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!