საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება წარმოადგენს ვენების გადიდებას საყლაპავში, უპირატესად საყლაპავის ქვედა მესამედში.
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ღვიძლის დაავადებებია (ჰეპატიტები, ციროზი). ასევე აღნიშნული პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს ელენთის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ტრავმები.
დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სტატისტიკური მონაცემებით, ამ პათოლოგიით მამაკაცები უფრო ხშირად ავადობენ. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ ღვიძლში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი, ისე რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ზეწოლას განიცდის კარის ვენა (კარის ვენა ეს არის მსხვილი კალიბრის სისხლძარღვი, რომლის მეშვეობითაც ღვიძლისკენ მიედინება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან შეგროვებული სისხლი).
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგი–ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე.
– ბატონო ირაკლი, რა პათოლოგიაა საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?
– სისხლის ნაკადი, რომელიც ღვიძლის მიმართულებით მიედინება, ღვიძლში შექმნილი დაბრკოლებების გამო ნაწილდება საყლაპავის ვენებში. საყლაპავის ვენა ღვიძლისთვის გათვლილ მაღალი წნევით მიდინებულ სისხლს ატარებს და ამის გამო განიცდის გაგანიერებას. სისხლის ნაკადი ღვიძლში იწყებს შეკავებას, რაც ზრდის ღვიძლში მიმავალი ვენის (პორტული ვენა) წნევას. ეს წნევა (პორტული ჰიპერტენზია) აიძულებს სისხლს, რომ მონახოს ალტერნატიული გზები მცირე ზომის ვენების სახით. ასეთი ვენები საყლაპავის ქვედა ნაწილში, მუცლის წინა კედელზე (ე.წ. მედუზას თავი) და სწორ ნაწლავში (ბუასილის კვანძები) მდებარეობს. სისხლის დიდი მოცულობის გადასვლის შედეგად საყლაპავის ვენები იბერება.
– როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?
– სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი პათოლოგიას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც სისხლდენით რთულდება. სისხლდენა ვარიკოზული ვენების ერთადერთი, მაგრამ ძალიან საშიში გართულებაა. ამ დროს ვენის კედლები ვეღარ უძლებს წნევას, სკდება და იწყება სისხლდენა.
ეს გართულებული მდგომარეობა ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
- სისხლიანი ღებინება;
- მუქი შეფერილობის, თხევადი კონსისტენციის განავალი;
- საერთო სისუსტე;
- ცივი ოფლი;
- წნევის ვარდნა და სხვა.
ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის დროს პაციენტს სასწრაფო სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
– საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოსტირებისთვის რომელი კვლევებია დანერგილი კლინიკაში?
– საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოსტირების მთავარი მეთოდი ენდოსკოპიური (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია) გამოკვლევაა. ამ დროს საჭიროა დადგინდეს ვარიკოზული ვენების ლოკალიზება, კერძოდ, საყლაპავი მილის რომელ მესამედშია. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები კუჭის კარდიალურ მიდამოშიც კი გვხვდება. აუცილებელია შეფასდეს ვარიკოზული ვენების გაგანიერების ხარისხი.
– საერთაშორისო კლასიფიკაციით, გამოყოფენ პათოლოგიის 3 ხარისხს. შეგიძლიათ განგვიმარტოთ თითოეული?
– დიახ, არსებობს 3 ხარისხი და ესენია:
- პირველი ხარისხი – როდესაც მთლიან სანათურში ერთეული, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენა იჩენს თავს, რომელიც კლინიკურ ღირებულებას ნაკლებად წარმოადგენს;
- მეორე ხარისხი – როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს საყლაპავი მილის სანათურის 1/3-მდე უკავიათ;
- მესამე ხარისხი – როდესაც ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებს საყლაპავი მილის სანათურის 1/3-ზე მეტი უკავიათ.
– როგორ მკურნალობთ საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას კლინიკაში?
– მკურნალობის მეთოდი ენდოსკოპიურია. დიაგნოზის დასმის და სიტუაციის ადეკვატურად შეფასების შემდგომ შესაძლებელია საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირების ან სკლეროზირების ჩატარება.
სკლეროზირება მხოლოდ პირველი ხარისხის ვარიკოზული გაგანიერების დროს ტარდება. აღნიშნული ენდოსკოპიური მანიპულაციის დროს ხდება ვენის პერიფერიაზე ინექცია – სპეციალური ნემსით სპირტის შეყვანა, რაც იწვევს ვენის გაგანიერებული მიდამოს ნეკროზს.
ენდოსკოპიური ლიგირება საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მეორე და მესამე ხარისხის დროს ტარდება. ამ დროს ყველაზე მეტად გაბერილ–გაგანიერებულ ვენას ან ვენებს უკეთდება სპეციალური რეზინის მარყუჟი, რაც სისხლდენის პრევენციას წარმოადგენს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარყუჟის ქვეშ მოქცეული ვენის ნაწილი თავისით ჩამოძვრება და საშიშროებას აღარ წარმოადგენს. უმჯობესია თუ პაციენტს ლიგირება ჩაუტარდება დროულად, რადგან სისხლდენის დროს ექიმის მიერ დაავადების მართვა მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ მდგომარეობიდანაც არის გამოსავალი.
სისხლდენის დროს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მკურნალობის ტაქტიკა იცვლება. თავდაპირველად საჭიროა ბლეკმორის ზონდის (Blakemore tube) ჩაყენება, დანაკარგის შევსება, შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა, პაციენტის ჰემოდინამიკურად შეძლებისდაგვარად დასტაბილურება და მომდევნო დღეს ენდოსკოპიური ლიგირების ჩატარება.
ენდოსკოპიური ლიგირების ჩატარება არ არის ყოვლისმომცველი მკურნალობის კურსი, რადგან ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ მხოლოდ შედეგს და არა მიზეზს.
საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ვმართავთ როგორც გადაუდებელ შემთხვევებში, ისე გეგმიურად.
დღესდღეობით ენდოსკოპიას ბევრი შესაძლებლობა აქვს. ენდოსკოპია გადამწყვეტ როლს თამაშობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
კლინიკაში ენდოსკოპიურად შესაძლებელია შემდეგი მანიპულაციების ჩატარება:
- სისხლდენის შეჩერება;
- საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება;
- კარდიო დილატაცია კარდიოსპაზმების (კარდიის ახალაზია) დროს;
- გადაყლაპული უცხო სხეულების ექსტრაქცია;
- პოლიპებისა და მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა - პოლიპექტომია, არგონოპლაზმური აბლაცია ბარეტის საყლაპავის შემთხვევაში;
- კუჭის ბალონირება წონის კლების მიზნით;
- მიკროინვაზიური ჩარევების განხორციელება სანაღვლე გზებზე (ქოლედოქოლითიაზის დროს);
- სტენტირებები და სხვა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!