მალე ზაფხული მოდის და შვებულების დრო დგება.
მოგზაურობას თან სდევს სასიამოვნო განწყობა, ახალი თავგადასავლები, გართობა და მხიარულება.
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მგზავრობის გარეშე. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც სასურველია, რომ მომავალმა დედამ გაითვალისწინოს და მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს მგზავრობა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.
როგორც ქალბატონმა თათიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, თუ ორსულობა არის ფიზიოლოგიური და მიმდინარეობს გართულებების გარეშე, ფრენა უსაფრთხოა და არ გააჩნია რაიმე მავნე ზემოქმედება ნაყოფზე. რასაკვირველია, ყოველთვის უმჯობესია, რომ ორსულმა ფრენამდე გაიაროს კონსულტაცია პირად ექიმთან და თან იქონიოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
“ანამნეზში ვენური თრომბოემბოლიზმი, ექსტრაგენიტალური დაავადებები, ასაკი >35 წელი, სამი და მეტი მშობიარობა, სიმსუქნე (BMI > 30 კგ/მ2) ორსულობამდე ან ორსულობის ადრეულ პერიოდში, მწეველობა, ვენების ძლიერ გამოხატული ვარიკოზული გაგანიერება და სხვა რისკ–ფატორები, ხანგრძლივი ფრენის დროს ზრდის ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბების რისკს. ზოგადად, საკმარისი მონაცემები და კვლევები ორსულობის დროს ფრენასთან დაკავშირებული თრომბოემბოლიური გართულების არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ სიმპტომური ვენური თრომბოემბოლიის საერთო სიხშირე ხანგრძლივი ფრენის შემდეგ (ხანგრძლივ ფრენაში იგულისხმება 4 საათი და მეტი) შეადგენს დაახლოებით 1/400 -1/10 000, ვინაიდან ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარეობს რიგი ცვლილებები და მათ შორის იცვლება სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობაც ანუ ფიზიოლოგიურ ორსულობას თან ახლავს ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, საჭიროა ანტენატალური ვიზიტის დროს სათანადოდ შეფასდეს ვენური თრომბოემბოლიზმის რისკ-ფაქტორები. აღსანიშნავია, რომ დატვირთული ანამნეზის დროს მსგავსი გართულებების განვითარების რისკი შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს. აქედან გამომდინარე პირადმა ექიმმა ეს რისკ–ფაქტორები უნდა შეაფასოს ორსულობის პირველ ვიზიტზე და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები“, – განმარტავს ქალბატონი თათია.
– რა უნდა გაითვალისწინოს ორსულმა უშუალოდ ფრენის დროს?
– მოგზაურობისა და ფრენის შესახებ წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ თქვენს პირად ექიმს. ყველაზე საშიში და არასასურველი გართულება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფრენამ ეს თრომბოემბოლიის რისკია, შესაბამისად, ზუსტად ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ. არის რიგი მარტივი რჩევები, რომელიც უნდა გაითავალისწინოს ორსულმა.
ფრენის დროს და ასევე დაბალი რისკის ჯგუფის ორსულებში თრომბოემბოლიზმის პრევენცია მოიცავს 2 ძირითად და მარტივ კომპონენტს – ეს არის დეჰიდრატაციის თავიდან აცილება და აქტივაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრენის დროს, ეცადეთ მიიღოთ 1–1,5 ლიტრი სითხე, უმჯობესია ეს იყოს ჩვეულებრივი წყალი. ასევე რეკომენდირებულია ყოველ 1 ან 2 საათში ერთხელ ადგეთ და სალონში გაიაროთ. ხანგრძლივი ფრენის დროს ასევე რეკომენდირებულია ელასტიური წინდის გამოყენება.
სასურველია:
- შეიმოსოთ სპორტული ტანსაცმლითა და კომფორტული ფეხსაცმლით;
- უმჯობესია ფრენის დროს ფეხზე გაიხადოთ;
- ფრენის დროს მოერიდეთ მძიმე და ზედმეტად ცხიმიან საკვებს.
– მაქსიმუმ რამდენი საათია სასურველი, რომ ორსულმა თვითმფრინავით იმგზავროს?
– ორსულობისას ნაყოფი კარგად არის დაცული თქვენს საშვილოსნოში, თქვენ წარმოადგენთ მისთვის საუკეთესო „ინკუბატორს“.
საშვილოსნო, მენჯის ძვლები და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას, მაგრამ მაინც უმჯობესია თავი შეიკავოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან. რაც შეეხება ფრენას, სასურველია ორსულმა იფრინოს 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.
– ორსულობის რა ვადამდეა უსაფრთხო თვითმფრინავით მგზავრობა?
– უმეტესად ფრენას თავს არიდებენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ამ დროს ორსულები უფრო მეტ დისკომფორტს გრძნობენ (ადვილად დაღლა, პირღებინება, ხშირი შარდვა). ასევე უმჯობესია კონკრეტულ ავიაკომპანიასთან შეთანხმდეს ორსულობის ვადები, რადგან თითოეული კომპანია განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს ორსულის ბორტზე დაშვების კუთხით. ზოგადად, გაურთულებელი ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, 36 კვირამდე ფრენა შორ მანძილზე დაშვებულია ექიმის მიერ ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის დადასტურებით.
ამასთან, ავიაკომპანიების უმეტესობა ითხოვს ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას ორსულობის 28 კვირის ზემოთ.
თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია.
აბსოლუტურ რეკომენდაციას და კატეგორიულად განსაზღვრულ ვადებს ვერ გამოვყოფთ, თუმცა სასურველია, რომ ფრენისგან თავი შეიკავოთ ორსულობის ბოლო ვადებზე (34-35 კვირა და ზემოთ).
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად და გართულებების გარეშე, ძირითადი, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისიწნებით, რაიმე განსაკუთრებული საფრთხე წნევის ცვალებადობის გამო ორსულს და ნაყოფს არ ექმნება.
– ავტომობილით, ავტობუსით, მატარებლით მგზავრობა. გთხოვთ, მოგვითხროთ ამ ტიპის ტრანსპორტით მგზავრობაზე.
– ავტომობილში ჯდომისას აუცილებლად შეიკარით ღვედი და მიაქციეთ ყურადღება, რომ ღვედი არ გაწვებოდეთ მუცელზე. თუ ტოქსიკოზი გაქვთ ავტომობილით მგზავრობამ შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიმძაფროთ.
მატარებელი გაცილებით უსაფრთხოა და შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე იმგზავროთ. თუმცა რეკომენდირებული არ არის ზედა საწოლზე ძილი.
– უსაფრთხო მგზავრობის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი – ღვედია. როცა მუცელი დიდია, ამ შემთხვევაში როგორ უნდა შეიკრას ის ორსულმა?
– ეცადეთ, ორსულობის ბოლო თვეებში არ მართოთ საჭე. ავტომობილში აუცილებლად შეიკარით ღვედი და მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გაწვებოდეთ მუცელზე. მისი ქვედა ნაწილი მუცლის ქვეშ გაატარეთ, ზედა ნაწილი კი მუცლის ზემოდან. სასურველია, შორს დაიჭიროთ მუცელი უსაფრთხოების ბალიშებისგან. თუ თავად მართავთ ავტომობილს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;
კლინიკა„ახალ სიცოცხლეს“შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!