გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს ვითარდება.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
იგი ორსულობისას პირველად განვითარებული ან დიაგნოსტირებული გლუკოზის ტოლერანტობის (გლუკოზის ტოლერანტობის ტესტით დგინდება თუ როგორ უმკლავდება ორგანიზმი გლუკოზით, ანუ შაქრით დატვირთვას) ნებისმიერი ხარისხის დარღვევაა.
რა არის გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი?
აღსანიშნავია, რომ ორსულებთან ორი ტიპის დიაბეტს ვხვდებით – გესტაციურს (როცა პირველად ორსულობისას გამოვლინდა) და პრეგესტაციურს (როდესაც ქალს დაორსულებამდეც ჰქონდა დიაბეტი ტიპი 1 ან ტიპი 2).
ორსულთა დიაბეტის სკრინინგის წარმოების ოპტიმალური ვადა ორსულობის 24-28-ე კვირაა, ხოლო ამ პათოლოგიის განვითარების გარკვეული რისკ–ფაქტორების არსებობის შემთხვევაში სკრინინგი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრე, მეან–გინეკოლოგთან პირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს.
ცნობისათვის, შაქრიანი დიაბეტისაგან განსხვავებით, ორსულთა დიაბეტის დროს, შესაძლებელია არ არსებობდეს კლინიკური სიმპტომატიკა. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ქალი უჩიოდეს: უხვ შარდდენას, მხედველობის გაუარესებას, წყურვილის გაძლიერებულ გრძნობას, დაღლილობას.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ანა კოპალეიშვილი.
– რა იწვევს გესტაციურ დიაბეტს?
– განვითარების რისკ–ფაქტორებია:
- შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
- 30 კგ/მ2–ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი;
- სიმსუქნე ბავშვობაში;
- ორსულის ასაკი (25 წელს გადაცილებული);
- ანამნეზში მშობიარობა დიდი (4 კგ და მეტი) ნაყოფით;
- ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;
- ანამნეზში მკვდრადშობადობა;
- ნაყოფის განვითარების მანკი;
- დედის წონა დაბადებისას (4,1კგ და მეტი ან 2,7კგ და ნაკლები);
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
- გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;
- ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.
– რა მეთოდებით დიაგნოსტირდება?
– ჩვენს ქვეყანაში არსებული პროტოკოლის საფუძველზე, ორსულთა დიაბეტის ორსაფეხურიანი სკრინინგი მიმდინარეობს. ორსულს ლაბორატორიაში ეძლევა სითხე, რომელშიც განსაზღვრული რაოდენობის გლუკოზაა გახსნილი, რის შემდგომაც ვენურ სისხლში ხდება გლუკოზის განსაზღვრა უზმოდ, 1, 2 და 3 საათში.
– რა გავლენას ახდენს ორსულობაზე, რა რისკის წინაშეა დედა და ნაყოფი?
– დედის მხრივ შესაძლო რისკებს წარმოადგენს:
- მრავალწყლიანობა (სანაყოფე წყლების სიჭარბე);
- ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებები;
- რეციდიული შარდ–სასქესო ინფექციური დაავადებები;
- სამშობიარო ტრავმები;
- მომავალში შაქრიანი დიაბეტის განვითარება.
ნაყოფისმხრივ შესაძლო რისკებს წარმოადგენს:
- მაკროსომია (დიდი წონის ნაყოფი);
- ნაყოფის საშვილოსნოშიდა სიკვდილი;
- სამშობიარო ტრავმა;
- პოსტნატალური სიკვდილიანობა;
- შესაძლო გართულებები ბავშვთა და მოზარდობის პერიოდში და სხვა.
მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირიდან მე-12 კვირამდე რეკომენდებულია 75 გ გლუკოზის 2 საათიანი ორალური ტესტის ჩატარება ან უზმოზე გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება ყველა იმ ქალისათვის, რომელსაც აღენიშნებოდა გესტაციური დიაბეტი.
ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში (უზმოზე = 140-125 მგ/დლ ან 75 გ გლუკოზის 2 საათიანი ორალური ტესტით = 144-199 მგ/დლ) სავალდებულოა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
თუ მშობიარობის შემდეგ ჩატარებული სკრინინგული ტესტების შედეგები ნორმალურია, რეკომენდებულია რეტესტირების ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ.
–რას გვეტყვით მშობიარობაზე, რაიმე განსაკუთრებული თუ ევალება მეანს?
– რომელი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა, დამოკიდებულია დედისა და ნაყოფის მდგომარეობაზე.
ასევე მშობიარობის განმავლობაში გლუკოზის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს ყოველ 2 სთ–ში ერთხელ, ხოლო მისი ოპტიმალური დონე შეადგენს 70-90მგ/დლ (3,9-5,0 მმოლ/ლ).
– მომდევნო ორსულობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია თუ არა, რომ დედას ჰქონდა გესტაციური დიაბეტი და შესაძლებელია ხელახლა გამოვლინდეს ორგანიზმში ეს დაავადება?
– აუცილებლად უნდა დაიგეგმოს შემდეგი ორსულობა. ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შემდეგ ორსულობაზეც განმეორებით გამოვლინდეს დიაბეტი. ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, რათა შეფასდეს განვითარების რისკები და ქალმა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!