წებო თერაპია - ვარიკოზული ვენების მკურნალობის უახლესი მეთოდი
საქართველოში ვარიკოზული ვენების მკურნალობის უახლესი ტექნიკა - წებო თერაპია დაინერგა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სისხლძარღვთა ქირურგმა შეასრულა. ამ ინოვაციური მეთოდის და პროცედურისთვის საჭირო დეტალების შესახებ პირველი ოპერაციის შემსრულებელი, სისხლძარღვთა ქირურგი, ირაკლი ძაძუა გვესაუბრება.
რას ნიშნავს წებო თერაპია და რითია გამორჩეული იგი ოპერირების კლასიკური მაგალითისგან?
-წებო თერაპია, იგივე ვენების პერკუტანული ოკლუზია, არის ვარიკოზული ვენების მკურნალობაში ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რა დროსაც დაზიანებული ვენების დახურვის მიზნით გამოიყენება სპეციალური სამედიცინო წებო. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, აქ გამორიცხულია ნერვის თერმული დაზიანება. არ საჭიროებს ადგილობრივ ანესთეზიას, რაც თავიდან გვარიდებს დამატებით ჩხვლეტებს. მანიპულაციის შემდეგ არ ვითარდება სისხლჩაქცევები და არ საჭიროებს ელასტიური ტრიკოტაჟის (ელასტიური წინდები, ბინტი) გამოყენებას.
რა არის ვენების პერკუტანული ოკლუზიის მთავარი სირთულე? გვიამბეთ მისი შესრულების ტექნიკასა და რისკებზე
-წებო თერაპიის ერთ-ერთი მთავარი რისკი არის წებოს მიგრაცია და ემბოლიის განვითარება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიის მაღალ დონეზე ცოდნა. თუ ექიმი კარგად ფლობს ულტრასონოგრაფიას, გართულებების რისკი პრაქტიკულად არ არის, რადგან ვენის თითოეულ მილიმეტრს ვაკონტროლებთ. ტექნიკურად, ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა არის მნიშვნელოვანი დეტალები და მათი ცოდნა, პროფესიულ უნარებთან ერთად, წარმატებული ოპერირებისთვის აუცილებელია.
ზოგადად კი, ინოვაციების დანერგვა მედიცინაში საკმაოდ რთულია და სამედიცინო დაწესებულების ნდობასა და მხარდაჭერას მოითხოვს. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ტიპის სირთულეები, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ყველა დაბრკოლება გადავლახეთ და საბედნიეროდ, პაციენტებს ჩვენთან უკვე შეუძლიათ ვარიკოზული ვენების უახლესი მეთოდით მკურნალობა.
რა არის ოპერირების მთავარი მიზანი, რას ემსახურება? რომელ პაციენტებს ჭირდებათ იგი და რა სარგებელი მოაქვს მათთვის?
-ეს ოპერაცია უტარდებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ვარიკოზული დაავადება, ქვედა კიდურების ვენების დუპლექს-სკანირებით დადასტურებული აქვთ სარქვლოვანი უკმარისობა, რეფლუქსი. წებო თერაპიის შედეგად ხდება დაზიანებული ვენების დახურვა თერმული დაზიანების და განაკვეთის გარეშე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ დაზიანებულ ვენებში სისხლის შეგუბება არ ხდება და იგი სხვა, ჯანმრთელ ვენებში ნაწილდება. საბოლოოდ, კიდურის ვენური სისტემა უბრუნდება ნორმალურ ცირკულაციას და პაციენტს ეხსნება ის სიმპტომები და გართულების რისკები, რაც ოპერაციამდე ჰქონდა.
გაიხსენეთ შესრულების ტექნიკის ისტორია, როდის, სად გააკეთეს პირველად და რატომ არ იყო მკურნალობის ეს ტიპი ამ დრომდე საქართველოში დანერგილი?
-მედიცინაში წებო 1950 წლიდან გამოიყენება და ის ციანოაკრილატის სახელით არის ცნობილი. ჰისტოაკრილის ლურჯი წებოს მსგავსად, ისიც გამოიყენებოდა ჭრილობის დასახურად. გარდა ამისა, წებო გამოიყენება ოფთალმოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ორთოპედიაში, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, ვარიკოცელეს და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დროს.
ვარიკოზული დაავადების დროს წებოს გამოყენების იდეა მოუვიდა აშშ-ის ინტერვენციულ რადიოლოგ როდნი რააბეს, რომელმაც ბევრი მუშაობის და მრავალი ექპერიმენტის შემდეგ შექმნა სრულფასოვანი პროდუქტი. 2011 წელს ეს მეთოდი აპრობირდა ევროპაში, 2015 წლიდან კი, ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. თავდაპირველად, მეთოდის მასიურ გამოყენებას ხელს უშლიდა მისი ღირებულება, თანაც სადაზღვევო კომპანიები პროცედურას არ აფინანსებდნენ. დროთა განმავლობაში, დაიწყო ოპერაციის ხარჯების ანაზღაურება და შესრულების ტექნიკაც უამრავმა კლინიკამ აითვისა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო ამ დრომდე საქართველოში დანერგილი, ვერ გეტყვით, თუმცა, სასიხარულოა, რომ ამ საკითხში ინოვატორები ვართ.
როგორ ხედავთ ამ ოპერაციის სამომავლო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ქართულ მედიცინაში?
-ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ამ მეთოდის წარმატების პროცენტულობა 98.9%-ზე მეტია. იმავდროულად, ახასიათებს ნაკლები გართულება, ვიდრე ვენების ლაზერულ აბლაციას ან ღია ოპერაციას. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია წებო თერაპიის ფართოდ დანერგვა, რათა ქართველ პაციენტებს მივაწოდოთ თანამედროვე, ხარისხიანი და ოპტიმალური მკურნალობის სერვისი.
გაიხსენეთ უშუალოდ თქვენ მიერ ჩატარებული და საქართველოში პირველი წებო თერაპიის ოპერაცია...
- ამ ოპერაციის საქართველოში ჩატარებამდე გავლილი მქონდა შესაბამისი კურსები და ყოველმხრივ მზად ვიყავი მის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, პროცედურის დაწყებამდე იყო მცირე ემოციური ფონი მაგრამ, საოპერაციოში ყველაფერი ქრება და უბრალოდ შენს საქმეს აკეთებ. საბედნიეროდ, ყველა ჩატარებულმა მანიპულაციამ გეგმის მიხედვით, გართულებების გარეშე ჩაიარა.
დასკვნის სახით, რას ურჩევდით, რას ეტყოდით ქართველ პაციენტებს?
-ხშირად, პაციენტებს რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადება და არ აწუხებთ ძლიერი ტკივილი, უჭირთ ექიმთან მიმართვა. ხოლო, თუ ექიმთან მივიდნენ და საკითხი ოპერაციულ მკურნალობას ეხება, მეტწილად პროცედურის ჩატარებაზე უარს აცხადებენ, რაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე მიდის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის წებო თერაპიით მკურნალობის მეთოდი მნიშვნელოვანი, რომ გახდეს იგი საზოგადოებისთვის ფართოდ ცნობილი. გაიგოს ყველამ, რომ ერთი ჩხვლეტით, სრულიად უმტკივნეულოდ შეუძლია ჩაანაცვლოს ღია ოპერაციები და მკურნალობის სხვა, მოძველებული მეთოდები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!