გასტროენტეროლოგიური დაავადებების მკურნალობა კლინიკა "ახალ სიცოცხლეში"
რა არის კრონის დაავადება?
-კრონის დაავადება მიეკუთვნება ნაწლავის ანთებითი დაავადებების ჯგუფს (წყლულოვან კოლიტთან ერთად) და წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკულ ანთებით პათოლოგიას. იგი იწვევს ნაწლავის კედლის მთელი სისქის ანთებას და შეიძლება, დააზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი პირიდან ანუსამდე. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება თეძო (წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილი) ან მსხვილი ნაწლავი, ან ორივე.
იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ხშირად, დაავადება ვლინდება სიცოცხლის მეორე და მესამე დეკადაში. ბოლო წლებში, მსოფლიო მასშტაბით, შეინიშნება პათოლოგიის მზარდი ტენდენცია, იგი თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.
რა სიმპტომებით ხასიათდება კრონის დაავადება?
-ანთების განვითარებისას ირღვევა ნაწლავის ძირითადი ფუნქციები, განსაკუთრებით კი, წყლის შეწოვა. შედეგად, ვითარდება ფაღარათი (დიარეა), რომელიც წარმოადგენს კრონის დაავადების ყველაზე ხშირ სიმპტომს. ასევე, სხვა ჩივილებიდან აღსანიშნავია:
- ტკივილი მუცლის არეში;
- ლორწო/სისხლი განავალში;
- ცხელება;
- ღებინება;
- ანემია;
- საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;
- მადის დაკარგვა;
- წონაში კლება;
- ტკივილი ან შეშუპება ანუსის ირგვლივ, გამონადენით ან მის გარეშე;
- შორსწასულ შემთხვევებში ვითარდება ფისტულები, სტრიქტურები ან აბსცესები (როგორც წესი, საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას).
პაციენტთა მცირე ნაწილში აღინიშნება სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებები, მაგალითად: სახსრების (შეშუპება, ტკივილი), თვალის (სიწითლე, ტკივილი, მხედველობის დარღვევა), პირის ღრუს (წყლულები), კანის (გამონაყარი, მტკივნეული წყლულები, სიყვითლე), თირკმლების (კენჭები), ძვლების (ოსტეოპოროზი), იშვიათად ღვიძლის (პირველადი მასკეროზებელი ქოლანგიტი, ციროზი). დაზიანებები შეიძლება წინ უსწრებდეს ნაწლავის მხრივ სიმპტომებს ან თან ახლდეს მას.
ბავშვებში დაავადება იგივე სიმპტომებით გამოვლინდება, თუმცა არანამკურნალევი პათოლოგიის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა. ამიტომაც, ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთების კონტროლი.
სიმპტომები და მათი სიმწვავე ინდივიდუალურია. ზოგ პაციენტში ხშირია გამწვავებები, ზოგში კი ნაკლებად, მაგრამ უფრო ხანგრძლივი რემისიები ახასიათებს (უსიმპტომო პერიოდი). გამოვლინებები და გართულებები დამოკიდებულია დაზიანებული ნაწლავის უბანზე, ასევე დაავადების მიმდინარეობის ტიპზე.
რა იწვევს კრონის დაავადებას?
-სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კრონის დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი მულტიფაქტორული დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია, როგორიცაა: გენეტიკური, გარემო, იმუნური და ინფექციური ფაქტორები.
დღეს 200-ზე მეტი ნაწლავის ანთებით დაავადებასთან ასოცირებული გენია ცნობილი, თუმცა მათი ზუსტი როლი მაინც შეუსწავლელია. სავარაუდოდ ადამიანს, რომელსაც მშობლისგან გადაეცემა ერთი ან მეტი მსგავსი გენი, უვითარდება კრონის დაავადებისადმი წინასწარგანწყობა. გარემო ფაქტორის ზემოქმედებით (ნაწლავის მიკროფლორა, დიეტა, ვირუსები, სტრესი, სიგარეტი და სხვ.) კი ვლინდება დაავადება. გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში, გამშვები მექანიზმის (ფაქტორის) რაობის მიუხედავად, „ირთვება“ იმუნური სისტემა, ახორციელებს შეტევას ნაწლავებზე და ვითარდება ანთება. სამწუხაროდ, იმუნური სისტემა „არ ითიშება“, შესაბამისად, ანთება გრძელდება, ზიანდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ვითარდება სიმპტომები.
რამდენად შესაძლებელია დაავადების განვითარება გენეტიკურ ნათესავებში?
-კრონის დაავადების განვითარებაში წამყვანი როლი სწორედ გენეტიკურ წინასწარგანწყობას ენიჭება. თუმცა, დაავადების ნათესავებში გავრცელების შესახებ მონაცემები საკმაოდ მრავალფეროვანია. პირველი რიგის ნათესავებში (დედ-მამა, და-ძმა, შვილი) დაავადების განვითარების რისკი სხვადასხვა მონაცემებით მერყეობს 1,5-დან 28%-მდე. ორივე მშობლის დაავადების შემთხვევაშიც კი, დაავადების განვითარების შანსი 40%-ს არ აღემატება.
კრონის დაავადების დიაგნოსტირების რა მეთოდია დანერგილი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
-კრონის დაავადების დიაგნოსტირების ერთი კონკრეტული, სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. როგორც წესი, პაციენტთა უმეტესობას რამდენიმე გამოკვლევა სჭირდება. დიაგნოსტიკური კვლევები შეიძლება მოიცავდეს განავლისა და სისხლის ანალიზებს, ენდოსკოპიურ გამოკლევას (კოლონოსკოპია/გასტროსკოპია) ბიოფსიით, რენტგენოლოგიურ კვლევას, ულტრაბგერით კვლევას (ექოსკოპია). ყველა ამ გამოკვლევის ჩატარება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შესაძლებელია.
შესაძლებელია თუ არა კრონის დაავადებისგან განკურნება და რა მეთოდით მკურნალობთ მას?
-როგორც უკვე ვთქვით, კრონის დაავადება ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც არ „იკურნება“ მედიკამენტებით თუ ქირურგიული ჩარევით. მკურნალობის მიზანია გამწვავების დროს რემისიის მიღწევა და შემდეგ მისი შენარჩუნება. საბოლოოდ კი, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ამ პათოლოგიის მართვისთვის გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები, როგორიცაა: ამინოსალიცილატები, კორტიკოსტეროიდები, იმუნომოდულატორები, ბიოლოგიური პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სხვადასხვა სიმპტომური საშუალებები. ისინი სხვადასხვა მექანიზმებით თრგუნავენ ანთებას, მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, დაავადების ამა თუ იმ სიმპტომსა და გართულებაზე. თერაპიული მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციაზე, მის სიმწვავესა და გართულებაზე.
შესაძლებელია თუ არა კრონის დაავადების პრევენცია და რა გზით?
-კრონის პრევენცია, იქედან გამომდინარე რომ ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, არ არსებობს. თუმცა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლითაც შეიძლება დაავადების გამწვავების თავიდან აცილება ან სიმპტომების შემსუბუქება. ეს რეკომენდაციები ძირითადად ვრცელდება საკვებსა და კვების რეჟიმზე. პაციენტთა უმეტესობას სპეციფიკური კვება არ სჭირდება და შეუძლიათ დაიცვან ჯანსაღი, ბალანსირებული დიეტა. თუ თქვენ გაქვთ კრონის დაავადება, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- დიეტაში შეამცირეთ ცხიმიანი ან შემწვარი საკვების ოდენობა (შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და შებერილობა);
- მიიღეთ საკვები მცირე ულუფებად და ხშირად;
- ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, შეამცირეთ რძის პროდუქტების რაოდენობა;
- ჭარბი მეტეორიზმის (აირების დაგროვების) შემთხვევაში, მოერიდეთ გაზიან სასმელებს;
- მძიმე დიარეის დროს შეზღუდეთ ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები (აძლიერებენ ფაღარათს);
- ნაწლავის შევიწროების შემთხვევაში, შეიძლება მდგომარეობა შეიმსუბუქოთ მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტების (მარცვლეული, უმი ბოსტნეული) შეზღუდვით.
სათანადო მეთვალყურეობის შემთხვევაში, დაავადება პაციენტებს დიდ პრობლემებს არ უქმნის. ისინი ცხოვრობენ სრულყოფილი, ბედნიერი და პროდუქტიული ცხოვრებით.