დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა ბაბაევი.
ჯაბა ბაბაევს დამთავრებული აქვს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსისტეტი, ასევე გავლილი აქვს მცხეთის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგიული განყოფილების ინტერნატურის კურსი. არის ზოგადი ქირურგი, ონკო-ქირურგი, ლაპაროსკოპიული და ბარიატრიული ქირურგი. 2018 წლიდან დღემდე გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი.
- როდის და რატომ აირჩეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- ამ პროფესიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან დავინტერესდი, როდესაც მაღალ კლასებში ქიმიის, ბიოლოგიისა და ანატომიის სწავლა დავიწყე. ჯერ იყო კონკრეტულად ამ საგნების სიყვარული, ხოლო შემდგომ, დროთა განმავლობაში, უფრო მეტად გამიღრმავდა ინტერესი მედიცინის მიმართ, განსაკუთრებულად კი ქირურგიამ დამაინტერესა და გამიჩნდა სურვილი ამ მიმართულებით მემუშავა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ექიმობა ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. მედიცინა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამ პროფესიის გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
- ძალიან მინდა საქართველოში დაინერგოს რობოტული ქირურგია და პიონერი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ვიყო, ვინც ამ დარგის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- უყვარდეთ ის გზა, რომელსაც აირჩევენ და არ ეზარებოდეთ შრომა. სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ეს ის დარგია, რომელიც ძალიან ბევრ სწვლას, შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, ამის გარეშე შუძლებელია ჩვენს სფეროში წარმატების მიღწევა.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
- ვფიქრობ, მსოფლიო მალე დაამარცხებს ამ ვირუსს, თუმცა, ფაქტია, რომ COVID19-თან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- ქირურგია და ზოგადად მედიცინა ყოველდღიურად განვითარებადი დარგია, შესაბამისად, ამ მიმართულებით პროგრესი ძალიან დიდია. 10 წლის შემდეგ, ვფიქრობ, უფრო მეტად იქნება განვითარებული, ისეთი დარგები, როგორიცაა ლაპარასკოპიული და ბარიატრიული ქირურგია, ასევე დაიხვეწება ბარიატრიული ქირურგიის სხვადასხვა მოდიფიკაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!