ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლე
რევმატოიდული ართრიტი რევმატიულ დაავადებებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი ამ დაავადებით იტანჯება. უფრო მეტად ავადდებიან ქალები, ვიდრე მამაკაცები. ის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება სახსრები და ვითარდება ეროზიული ართრიტი (სინოვიტი).
რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს არა მარტო სახსრებზე, არამედ დააზიანოს სხეულის სხვადასხვა სისტემა, მათ შორის:
- კანი;
- თვალები;
- ფილტვები;
- გული;
- სისხლძარღვები.
იგი მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს. ვითარდება აუტოიმუნური აშლილობა. ამ დროს საკუთარი ქსოვილის წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები. კერძოდ, სახსრების ხრტილოვან ნაწილში ვითარდება ანთება, რასაც თან მოსდევს სახსრების დეფორმაცია, ანკილოზი (სახსრის სრული ჩაკეტვა და ფუნქციის მოშლა), რამაც შეიძლება, პაციენტი ინვალიდობამდე მიიყვანოს.
რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მისი განვითარების რისკი იზრდება, როდესაც აღინიშნება:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ბაქტერიული ინფექციები;
- ჰიპოთერმია;
- ინსოლაცია;
- ინტოქსიკაცია;
- ემოციური დაძაბულობა, სტრესი;
- ორსულობა, აბორტი;
- მწეველობა;
- სქესი (ქალბატონები);
- სხვა სისტემის აუტოიმუნური დაავადებები.
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები
პათოლოგიის მთავარი კლინიკური გამოვლინებაა სახსრების დაზიანება და მისი ანთებითი ხასიათის ტკივილი, შესიება, მოძრაობის შეზღუდვა. ძირითადად ზიანდება მტევნების და ტერფების წვრილი სახსრები, ორმხრივად, სიმეტრიულად. გარდა ამისა, ზიანდება მუხლის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, მკერდ-ლავიწის, საფეთქლისა და ქვედა ყბის შესახსრებები.
პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს:
- სუბფებრილური ტემპერატურა;
- დილის შებოჭილობა;
- რეინოს სინდრომი (სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევა);
- რევმატოიდული (კანქვეშა, მოძრავი, უმტკივნეულო) კვანძები.
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა
დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია სიმპტომებსა და ფიზიკალური გამოკვლევის შედეგებზე, როგორიცაა: სიმხურვალე, შეშუპება, ტკივილი სახსრებში.
ზუსტი დიაგნოზის დასასმელად კი, საჭიროა ისეთი ანთებითი და იმუნოლოგიური მარკერების განსაზღვრა, როგორიცაა:
- ედსი;
- C რეაქტიული ცილა;
- რევმატოიდული ფაქტორი;
- ციკლური ციტრულინური პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები (anti-CCP).
გარდა ამისა, დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს მტევნების და ტერფების რენტგენოლოგიურ კვლევას. კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ კვლევა ტარდება უნივერსალური, მრავალფუნქციური, ციფრული რენტგენოგრაფით (FlexaVision HB), რომელიც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას და ელექტრონული დამხარე სისტემების საშუალებით, კვლევას უმოკლეს დროში ატარებს.
თუმცა, ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი ცვლილება არ ვლინდება, განსაკუთრებით დაავადების პირველი 3-6 თვის მანძილზე.
დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება მსუბუქი ანემია. ამ დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ელენთის გადიდებაც, რაც ფელტის სინდრომის სახელითაა ცნობილი.
რაც შეეხება მკურნალობას, რეკომენდებულია:
- ჯანსაღი კვება. რაციონი თევზეულით და მცენარეული ცხიმებით უნდა იყოს მდიდარი. არ არის მიზანშეწონილი წითელი ხორცი;
- სახსრების მოსვენება და იმობილიზაცია;
- გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და იმუნოსუპრესორები. ასევე, განსაკუთრებით ეფექრურია იმუნომოდულატორები.
რევმატოლოგთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!