კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მოქმედი დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
-ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მათ საერთო კლინიკური სურათი და გართულებები ახასიათებთ.
ხშირად, ტიპი 2 დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დიაგნოზი იმ ეტაპზე ისმება, როცა პაციენტს უკვე აღენიშნება მინიმუმ ერთი გართულება. ტიპი 1 დაავადების შემთხვევაში კი, გართულებები ხშირად ახალგაზრდა ასაკშივე იჩენს თავს. შესაბამისად, ორივე ტიპის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირება, გართულებების პრევენცია და პროგრესირების შეჩერება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ადრეული დიაგნოსტირების და მულტიდისციპლინური მიდგომის შემთხვევაში.
შაქრიანი პათოლოგიის მართვა საჭიროებს პაციენტის და სამედიცინო გუნდის ერთობლივ მუშაობას, რასაც ითვალისწინებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. შაქრიანი დიაბეტი სპეციფიკური მახასიათებლით, მიკროვასკულური გართულებებით გამოირჩევა, როგორებიცაა:
- რეტინოპათია;
- ნეიროპათია;
- ნეფროპათია.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში შაქრის მაღალი დონე სისხლში იწვევს ცვლილებების კასკადს - ოქსიდაციურ სტრესს, ქსოვილების ჰიპოქსიას (ჟანგბადით მომარაგების დაქვეითებას) და ანთებით ცვლილებებს, რასაც საბოლოოდ მივყავართ ქსოვილების დაზიანებამდე. პირველ რიგში, ამ დროს ზიანდება წვრილი სისხლძარღვები, რის შედეგადაც ვითარდება თირკმლების, თვალის და ნერვული დაბოლოებების დაზიანება.
საწყის ეტაპზე თირკმლის და თვალის დაზიანება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მათი პრევენცია კი, სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი, ამიტომ საჭიროა თირკმლის ფუნქციის, შარდში მიკროალბუმინურიის პერიოდული განსაზღვრა, ასევე ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
ნეიროპათიას თავდაპირველად ახასიათებს მსუბუქი სიმპტომატიკა, რასაც შეიძლება პაციენტი ყურადღებას არ აქცევდეს, ესენია პარესთეზიები, რაც გულისხმობს:
- დაბუჟების, ე.წ. „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნებას;
- ჩხვლეტით ტკივილს;
- წვის შეგრძნებას;
სიმპტომები იწყება მეტად დისტალურად (თითებში) და ვლინდება მოსვენების პერიოდში. პათოლოგიის პროგრესირებისას შესაძლოა დაქვეითდეს მგრძნობელობა, რასაც ხშირად მივყავართ „დიაბეტური ტერფის“ განვითარებამდე. აქედან გამომდინარე, პაციენტი პერიოდულად საჭიროებს ნევროლოგის ჩართულობას, რათა დროულად გამოვლინდეს ნეიროპათია.
აღსანიშნავია ავტონომიური ნეიროპათიაც, რაც ძირითადად ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საშარდე და სასქესო სისტემების დისფუნქციით. ამ დროს დამახასიათებელი სიმპტომებია:
- შეკრულობა/დიარეა;
- მუცლის შებერილობა;
- შარდის შეუკავებლობა;
- დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ;
- ერექციული დისფუნქცია.
ხშირად, შაქრიან დიაბეტს თან ახლავს დისლიპიდემია, ქოლესტერინის დონის მატება სისხლში, ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება. შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობის პროცესში კარდიოლოგის ჩართულობა.
შეგახსენებთ, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მოქმედებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ ყველა საჭირო კვლევა და დროულად გამოავლინონ დიაბეტთან ასოცირებული გართულებები. ამას გარდა, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის ექიმებთან, რათა გუნდური მუშაობის პრინციპით მოხდეს მკურნალობის დაგეგმარება და ტაქტიკის სწორად განსაზღვრა.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!