დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ სამეანო განყოფილების უფროსი, ალეკო დიაკონიძე.
ალეკო დიაკონიძეს დამთავრებული აქვს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ასევე გავლილი აქვს ზოგადი რეზიდენტურის კურსი, სპეციალობა – პედიატრია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სწავლობდა მეან–გინეკოლოგიას წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ და გახლავთ სამეანო განყოფილების უფროსი.
– როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
– სურვილი, რომ გავმხდარიყავი ექიმი ჩემს ცნობიერებასთან ერთად ჩამოყალიბდა და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ნაწილი ამ სურვილის განხორციელებას ემსახურებოდა. კონკრეტულად მეან-გინეკოლოგია კი ავირჩიე მას შემდეგ, რაც კლინიკურ საქმიანობას გავეცანი. სიცოცხლის საწყისთან შეხებამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
– რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
– როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ექიმობა უბრალოდ პროფესია არ არის. ექიმობა ჩემთვის ცხოვრების არსია. ეს არის დიდ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ყოველდღიურობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა სიამაყის საფუძველი.
– რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
– ექიმობის დიდი გამოწვევა არის ის რთული და ხანგრძივი გზა, რომელიც ამ პროფესიაში დამკვიდრებისთვის უნდა გაიარო. ასევე კონკურენცია, რომელიც თანამედროვე ქართულ მედიცინაში საკმაოდ მაღალია.
– ყველზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
– მთელი ჩემი ექიმობის პერიოდი ემსახურება ამ პროფესიაში თავის დამკვიდრებასა და პროფესიონალურ განვითარებას. ჩემთვის წარმატების ინდიკატორი კმაყოფილი პაციენტების რაოდენობაა, ამიტომ საკუთარ თავს მადლიერი პაციენტების სიმრავლეს ვუსურვებ.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
– პირველ რიგში, უყვარდეთ საკუთარი პროფესია. კონკრეტულად ექიმობის მსურველებს ვურჩევდი გამოიჩინონ დიდი ნებისყოფა და შრომისუნარიანობა ამ პროფესიის დაუფლების დროს. ეს არ არის მარტივი გზა. შესაძლოა, შეხვდეთ ბევრ იმედგაცრუებას, მაგრამ ექიმობისგან ჯილდოს სახით მიღებული სიამოვნება იმდენად დიდია, რომ ამად ღირს.
– რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID19?
– მიმაჩნია, რომ covid-19 ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი და უჩვეულო გამოწვევაა, რომელმაც სრულიად შეცვალა ყველა ჩვენგანის რეალობა. თუმცა, ვთვლი, რომ რთულ გამოწვევად ის რჩება მხოლოდ ვირუსის ჯერ კიდევ უცნობი ბუნებიდან გამოდინარე. მიმაჩნია, რომ გენური ინჟინერიის საუკუნეში მსოფლიო ამ გამოწვევასთან გამკლავებას შეძლებს .
– როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 20 წლის შემდეგ?
– მეან-გინეკოლოგია ბოლო ათწლეულში მედიცინაში ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. ვფიქრობ, ეს განვითარება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!