ვიზიტი ტრავმატოლოგთან

კითხვა: გადავიღე სახსრის ეხოსკოპია, დიაგნოზი ეს მაქვს. რას მირჩევთ? მარცხენა მუხლის სახსრის სუპრაპატელარული სიგრძივი კვეთისას ისახება მცირედ გამოხატული სინოვიტი. სახსარი მკვეთრად დისპლაზურია. როკთაშუა ფოსო იმდენად დაბრტყელებულია, რომ მისი გამოსახულება პრაქტიკულად არ მიიღება, რაც დაფიქსირებული იქნება სონოგრამაზე. ამ ფონზე ისახება კვირისტავის ქონდრომალაციის დასაწყისის სურათი. მუხლქვეშა ფოსოში კვლევისას უკანა ჯვარედინა იოგი სისქეში მომატებულია რაც ტრამვის დროს მის დაზიანებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ უკანა ჯვარედინა იოგის ზედაპირზე ისახება თავისუფალი ძვალ-ხრტილოვანი შენების ფრაგმენტის არსებობა, ზომით - 4,7მმ. რაც დამახასიათებელია დისპლაზიის ფონზე არასტაბილური კვირისთავისთვის, რაც უნდა ჩაითვალოს ჩივილის მიზეზად. შესაძლებელია დიდი წვივის შემაღლების მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, მეტად ლატერალური ზედაპირის მიმართულებით. აღსანიშნავია , რომ მარჯვენა მუხლის სახსარი ასევე მკვეთრად დისპლაზიურია, ასევე ისახება ფემუროაპატელარული ართროზის სურათი მეტი ხარისხით გამოხატული, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ჩივილს არ აღნიშნავს. ისახება მედიალური მენისკის წინა რქისა და სხეულის დეგენერაციის სურათი. მედიალური უკანა რქის პერიფერია სისქეში მომატებულია, მის სიღრმეში ისახება ძველი ნაწილობრივი გაგლეჯის სურათი. მარცხენა ტერფ-ზურგის ზედაპირიდან კვლევისას ისახება ნავისებრ შუამდებარე სოლისებრ ძვლის ოსტეოართროზი - პირველი სტადიის სურათი, ასევე კოტრატერალურ მხარესთან. მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი არ ისახება.
პასუხი:

მოგესალმებით,
პირველ რიგში მოგახსენებთ, იმისთვის რომ ამომწურავი პასუხის გაცემა შევძლოთ, აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება.
თუმცა ექოსკოპიური კვლევის პასუხთან დაკავშირებით, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია, ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
ზოგადად, მუხლის სახსრის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება წვივისა და ბარძაყის ძვლები. სახსრის კომპონენტები: სასახსრე ჩანთა, მყესები, იოგები, სინოვიური გარსი, სინოვიური სითხე – მის თავისუფალ მოძრაობასა და მოქნილობას უზრუნველყოფს.
ართრიტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია გამონაჟონის, სინოვიური სითხის არსებობა.
მკურნალობა კომპლექსურია. პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ ტკივილის მოხსნას, რაც სახსართა დაავადებების ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია.
თუ მუხლში მდგრადი სინოვიტია, საუკეთესო გზაა სითხის ადგილობრივი ევაკუაცია (გამოდევნა) და სტეროიდული პრეპარატების ლოკალურად შეყვანა სახსარშიდა ანუ ინტრაარტიკულური ინექციით.
რაც შეეხება მუხლის სახსრის ოპერაციულ მკურნალობას, იგი ორეტაპიანია.
პირველ ეტაპზე ტარდება ართროსკოპია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თერაპიული მკურნალობის პარალელურად. ართროსკოპიის დროს ქირურგი ასუფთავებს, რეცხავს სახსარს, მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს გადაგვარებულ მენისკს. თუ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, ტარდება მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება.
თქვენი ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ სიტუაციის შეფასებას მკურნალობის შემდგომი დაგეგმვის მიზნით.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
არის რიგი ფაქტორები, რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა