ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს. ოსტეოქონდროზის ერთ–ერთი გამოვლინებაა დისკოპათია, რომელსაც შეცდომით დისკოზს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის ფრაგმენტაცია ანუ სეკვესტრაცია. ოსტეოქონდროზის პირველი სიმპტომი ტკივილია. მანამდე, როგორც წესი, დაავადებას ყურადღებას არავინ აქცევს. ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გადაცემითი. ეს უკანასკნელი მაშინ ვითარდება, როდესაც ძვლის სტრუქტურა ან მალათაშუა დისკი ნერვს აწვება. ასიდან 99 შემთხვევაში ოსტეოქონდროზი სწორედ ტკივილით ვლინდება. შესაძლებელია ასევე პარესთეზიული მოვლენების (დაბუჟება, წვა და ა.შ.) არსებობა. კლინიკური ნიშნები დაზიანების ანატომიაზეა (დაზიანების დონე, ზეწოლის მიმართულება და სხვა) დამოკიდებული.
რაც შეეხება დიაგნოზის დასმას, მთავარია, პაციენტი ვიწრო სპეციალისტთან – ნევროპათოლოგთან/ნეიროქირურგთან მოხვდეს, რომელიც გასინჯვით დაახლოებით დაადგენს დაზიანების ადგილს, პრობლემის ხასიათს და მდგომარეობის სირთულეს. ხერხემლის ამა თუ მონაკვეთის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს არა ოსტეოქონდროზით, არამედ სიმსივნით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, პარაზიტული დაავადებით, ანევრიზმით, მიოზიტით (კუნთის ანთებით), ანემიით ან შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებებით.
რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია მედიკამენტური თერაპია, ხრტილის გასაძლიერებლად – ქონდროპროტექტორები, დაჭიმული კუნთის მოსადუნებლად – მიორელაქსანტები, დაზიანებული ნერვისა და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად – B ჯგუფის ვიტამინები, ანთების ჩასაცხრობად – ანტიანთებითი საშუალებები და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ბევრი თვითნებურად იყენებს ჰორმონულ პრეპარატებს, რაც ოსტეოქონდროზის საწყის ეტაპზე არ არის სასურველი. ისინი მაშინ გამოიყენება, როდესაც სხვა წამლები უეფექტოა. ამასთანავე, ჰორმონის მიღებას თავისი წესი აქვს: უნდა განისაზღვროს, როგორია დასაშვები დოზა, რა სახით მიეწოდოს ავადმყოფს… ამ ტიპის პრეპარატების არასწორი მოხმარება იწვევს ოსტეოპოროზს (ძვლიდან კალციუმის გამოდევნის გამო), ენდოკრინულ პრობლემებს.უმჯობესია სხვა დამატებითი დეტალური ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის მიხედვით შეაფასოს ექიმმა სპეციალისტმა .ჩვენს კლინიაკში გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე ნევროლოგთან/ნეიროქირურგთან , სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!