ორსულობის შეწყვეტა

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს სახლის პირობებში როგორ შეიძლება აბორტი
პასუხი:

მოგესალმებით! აბორტი არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც ტარდება ორსულობის შეწყვეტის მიზნით. კანონმდებლობით, აბორტის ჩატარება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შემთხვევაში, რომელიც განიხილება ინდივიდუალურად, კომისიური წესით.
ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება აბორტის ორი მეთოდი: მედიკამენტური და ქირურგიული. • მედიკამენტური მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას მედიკამენტური საშუალებების გამოყენებით; • ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით, რომლის დროს ნაყოფის ქსოვილების გამოძევება ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნით. ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით (ასევე, შესაძლებელია ნარკოზის გამოყენებაც). ექიმი კონსულტაციის საფუძველზე შეგირჩევთ აბორტის მეთოდს ორსულობის ვადების, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეხედულებების გათვალისწინებით.
მედიკამენტური აბორტის დროს მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები და გართულებები: სისხლდენა (მცირე რაოდენობით ან ძლიერი სისხლდენა საშოდან), ტკივილი მუცლის არეში, ინფექციური გართულებები, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა; ასევე, შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოს გახევა და წარუმატებელი მედიკამენტური აბორტი, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა; იშვიათად, შესაძლებელია დადგეს სასიკვდილო გამოსავალი
ქირურგიული აბორტის დროს მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები და გართულებები: ტკივილი მუცლის არეში, სპაზმი, სისხლდენა (ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია უფრო მსუბუქი ხასიათის სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, ვიდრე მედიკამენტური აბორტის დროს); იშვიათად შეიძლება, აღინიშნოს ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, საშვილოსნოს ყელის ტრავმა, საშვილოსნოს ტრავმა/პერფორაცია, ინფექციური გართულებები და წარუმატებელი ქირურგიული ოპერაცია, ასევე, ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები, მაგალითად, სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ გადაწყვეტილების მიღებას არასასურველი და არადროული ორსულობის თავიდან აცილებაზე კონტრაცეპციის თანამედროვე მაღალეფექტური, უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ მხოლოდ უსაფრთხო აბორტს. ექიმთან მიმართვა არ არის მოსარიდებელი – ახალგაზრდობაში გადადგმული დაუფიქრებელი ნაბიჯი შეიძლება ცხოვრების პრობლემად იქცეს (უნაყოფობა, სერიოზული დაავადებები და სხვა)ყველა შემთხვევაში,გირჩევთ , მიმართოთ სპეციალისტს.
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა