ორსულობის დაგეგმარება და მართვა თრომბოფილიის დროს
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- დაავადების წარმომავლობა;
- სამეანო შემთხვევა;
- ჩატარებული კვლევები და საყურადღებო მდგომარეობა;
- დამძიმებული სამეანო ანამნეზი.
მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევებისა, თრომბოზი და მასთან დაკავშირებული გართულებები კვლავ გლობალურ სამედიცინო-სოციალურ პრობლემად რჩება მთელი მსოფლიოსთვის.
ორსულობის დროს თრომბოფილიის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი თამარ დიაკონიძე.
– ქალბატონო თამარ, რას გვეტყვით თრომბოფილიის შესახებ?
– თრომბოფილია სისხლის შედედების მომატებული უნარი, ანუ მიდრეკილებაა თრომბის წარმოქმნისაკენ. იგი შეიძლება, იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. შეძენილს მიეკუთვნება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ხოლო გენეტიკური ეს არის სისხლის შედედების სისტემის გენეტიკური ფაქტორების მუტაცია – პოლიმორფიზმები.
იგი თავისი შედეგებიდან გამომდინარე აქტუალურია მედიცინის ნებისმიერ დარგში: ნევროლოგია, კარდიოლოგია, დერმატოლოგია, ონკოლოგია და სხვა. თუმცა, თავისი შედეგების სიმძიმიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია სამეანო-რეპროდუქციულ პრაქტიკაში.
მასთან ასოცირდება ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა:
- ორსულობის განმეორებითი დანაკარგები - ორსულობის სხვადასხვა ვადაზე და მათ შორის პრეემბრიონული დანაკარგები (ორსულობის დადგომიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში);
- მძიმე ჰესტოზი (ტოქსიკოზი);
- ემბრიონის პათოლოგიური ნიდაცია (პლაცენტაცია);
- წარუმატებელი In Vitro განაყოფიერება;
- ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომი;
- ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;
- ნაადრევი მშობიარობა;
- ეკლამპსია-პრეეკლამპსია;
- ნაყოფის ანტენატალური დაღუპვა;
- სხვა ტიპის გინეკოლოგიური პათოლოგიები.
– პრაქტიკაში თუ გქონიათ, თრომბოფილიის საინტერესო სამეანო შემთხვევა?
– ვინაიდან, 2002 წლიდან, აღნიშნული პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა ჩემს განსაკუთებულ ინტერესსა და მიმართულებას წარმოადგენს, განვიხილავ ერთ-ერთ საინტერესო კლინიკურ შემთხვევას.
მოგვმართა 44 წლის ქალბატონმა, ჩივილით - ორსულობის განმეორებითი დანაკარგი. აღენიშნებოდა დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზი.
პირველი ორსულობიდან 3 თვეში, ულტრაბგერითი კვლევით აღინიშნებოდა ნორმალური მაჩვენებლები, თუმცა ორსულობის 6 კვირის ვადაზე, პაციენტს დაეწყო ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არეში და აღნიშნული ორსულობა შეწყდა.
ამ ფაქტის შემდეგ, სხვადასხვა კლინიკაში უტარდებოდა კომპლექსური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და მკურნალობა, მათ შორის:
ანალიზებიდან საყურადღებო იყო ჰერპეს და ციტომეგალოვირუსის ქრონიკული ფორმა, ზომიერი ჰიპერპროლაქტინემია.
ჩაუტარდა სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია-ჰისტეროსკოპია, ქრომოპერტუბაციით (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა).
– როდის მოგმართათ პაციენტმა და რა ტიპის კვლევები ჩაუტარდა მას?
– ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, 3 წლის მანძილზე ორსულობის დადგომის მცდელობა უშედეგო იყო. ყოველივე ამის შემდეგ, პაციენტმა მომართა ჩვენს კლინიკას, სადაც ანამნეზის სრული შეკრების შემდგომ, მიეცა რეკომენდაცია ჰემოსტაზის (სისხლის შედედების სისტემის) დეტალურ კვლევაზე.
ჩაუტარდა შეძენილი და გენეტიკური თრომბოფილიის სადიაგნოზო ანალიზები. კოაგულაციური მონაცემები მიუთითებდა საყურადღებო ჰიპერკოაგულაციაზე (სისხლის მომატებული შედედება).
– კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, რა დიაგნოზი დაესვა ქალბატონს და რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდა?
– პაციენტს ჰქონდა დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზი, დიაგნოსტირებული იყო ისეთი ტიპის პათოლოგიები, როგორიცაა:
- ორსულობის განმეორებითი დანაკარგები;
- ზომიერი ჰიპერპროლაქტინემია და ჰიპერანდროგენემია;
- ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა;
- თრომბოციტების ჰიპერაგრეგაცია;
- ჰიპერჰომოცისტეინემია (სისხლის პლაზმაში გოგირდშემცველი ამინომჟავის შემცველობის მომატება);
- პათოლოგიის კომბინირებული ფორმა;
- ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი + გენეტიკური თრომბოფილია;
- V- ლეიდენის გენის ჰეტეროზიგოტური მუტაცია (არტერიულიდავენურითრომბოზებისგენეტიკურიმარკერი);
- PAI-1 გენის ჰეტეროზიგოტური და MTHFR - გენის ჰომოზიგოტური პოლიმორფიზმები.
პაციენტს დაენიშნა ანტიკოაგულაციური, ანტიაგრეგაციური, ანტიოქსიდანტური და ვიტამინოთერაპია. კლინიკურ-ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე, სქემის მიხედვით გრძელდებოდა ჰემოსტაზის კორექცია. მოგვიანებით ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევით კი, დადასტურდა საშვილოსნოს ღრუს პროგრესირებადი ორსულობა.
რა თქმა უნდა, მთელი ორსულობის განმავლობაში, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ ჰემოსტაზის სისტემის დინამიკური კონტროლით.
ორსულობის მიმდინარეობისას ჩაუტარდა პლაზმაფერეზის (მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გათავისუფლების) ერთი კურსი. აღნიშნულის ფონზე ორსულობა მიმდინარეობდა კომპენსატორულ ფარგლებში, გართულებების გარეშე.
ორსულობის 38 კვირის ვადაზე ჩატარდა გეგმიური საკეისრო კვეთა, დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი - წონით 3200 გრ, სიგრძე- 51 სმ. ლოგინობის ხანის ჩათვლით, ჰემოსტაზის ანალიზების სრულ კორექციამდე, პაციენტს უგრძელდებოდა ანტიკოაგულანტური თერაპია.
დროული, სწორი დიაგნოსტირება, სათანადო პროფილაქტიკა და მკურნალობა საშუალებას იძლევა, ორსულობამ გაურთულებლად ჩაიაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორსული ქალბატონი მინიმალურ ინფორმაციას ფლობდეს სისხლის შედედების და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ.
კონკრეტული შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დადებითი შედეგის მისაღებად და სამეანო გართულებების თავიდან ასაცილებლად
თრომბოფილიის დროული დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობა, რაც კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ და განსაკუთრებით კი, თამარ დიაკონიძის სამეანო პრაქტიკაში არაერთ გადარჩენილ სიცოცხლეს, წარმატებით დაგეგმარებულ ორსულობასა და სამეანო პერიოდის თანამედროვე სტანდარტებით მართვას ითვლის.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, იხილოთ სამეანო აქცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!