ორსულობა და 10 ფაქტი ორსულობის შესახებ – რა არის სიცრუე და რა რეალობა?

ორსულობა და 10 ფაქტი ორსულობის შესახებ – რა არის სიცრუე და რა რეალობა?

ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 38–40 კვირის განმავლობაში. ორსულობა იყოფა სამ I, II და III ტრიმესტრებად.

ჩასახვიდან მე–5, მე–7 დღეს ბლასტოცისტი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. ამ დროს შეიძლება შეამჩნიოთ მცირე რაოდენობით მოყავისფრო გამონადენი. იწყება ემბრიონის ზრდა–განვითარება. იმპლანტაციის შემდეგ ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი. ემბრიონი მოთავსებულია სითხით სავსე ამნიონის გარსში.

პირველ თვეში ჩამოყალიბებას იწყებს ჩანასახის ზურგის ტვინი და ნერვები, მე–6 კვირის ბოლოს ჩანასახს აქვს თავი და ტანი. დაახლოებით მეხუთე კვირას ჩანასახი შედგება 3 შრისგან: გარეთა შრე – ტვინი, ნერვები და კანი, შუა შრე – ძვლები, კუნთოვანი ქსოვილი, სისხლძარღვები, გული და სასქესო ორგანოები, შიგნითა შრე – კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა.

ორსულობის სტრიები, კანის პიგმენტაცია, წონის მატება, მუცლის მიდამოში კანის დაჭიმვის შედეგად გამოწვეული ქავილი და დისკომფორტი, ორსულობის ეს და სხვა ბევრი თანხმლები ფიზიოლოგიური მოვლენის თავიდან არიდება რთული ან შეუძლებელია.

ორსული ემოციურად ლაბილურიც ხდება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის მას, იზრდება თვითკრიტიკა გარეგნობის მიმართ.

თუ ამ ყველაფერს დაემატება ის მითები, რომ ორსულობისას კატეგორიულად აკრძალულია თმის შეღებვა, ეპილაცია, მოგზაურობა, ზღვაში და აუზში ცურვა, სქესობრივი ურთიერთობა და ა.შ ეს ყველაფერი ალბათ კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს მათზე.

და მართლაც შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულებისთვის, რა არის რეალურად აბსოლუტურად უკუნაჩვენები, რა არის რისკის შემცველი და რა უსაფრთხო ამ მშვენიერი 9 თვის განმავლობაში?

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

ფაქტი N1

ორსულობისას თმის შეღებვა არ შეიძლება

უმჯობესია, დაელოდოთ მეორე ტრიმესტრს. ორსულობის დასაწყისში ჰორმონული გარდატეხის ფონზე, შესაძლებელია თმის ზრდა უფრო აქტიური იყოს და შესაბამისად, მისი შეღებვაც უფრო ხშირად გიწევდეთ. უმჯობესია თუ შეღებვისგან თავს შეიკავებთ ორსულობის 12 კვირამდე (პირველი 3 თვე), რადგან 12 კვირამდე ხდება ნაყოფის ორგანოგენეზი (ორგანოების ჩამოყალიბების პროცესი).

მიუხედავად იმისა, რომ უამიაკო და ბუნებრივი საღებავი ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, მაინც რატომ უნდა გავრისკოთ? ყველაზე უსაფრთხოა თმის ბოლოების შეღებვა და არა თმის ძირების. რაც შეეხება თმის ძირების შეღებვას – გამოიყენეთ სპეციალური შესაღები ქუდები, რათა არ მოხდეს კანთან საღებავის შეხება ან შეხება იყოს მინიმალური. კანის ფორებიდან საღებავის შეწოვა უფრო კარგად ხდება, რაც გარკვეულ რისკს ქმნის.

გამოიყენეთ უამიაკო ან ბუნებრივი საღებავები (მაგალითად ხნა). თმის გაუფერულება (გათეთრება) კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.

სალონში თუ სახლში თმის შეღებვისას დაჯექით უფრო მეტად ვენტილირებულ ადგილას ან ფანჯარასთან, რათა ნაკლებად ჩაისუნთქოთ არასასიამოვნო სუნის მქონე, ტოქსიკური საღებავის სურნელი.

ფაქტი N2

ორსულობისას მძიმე ნივთის აწევა არ შეიძლება

ქალბატონები და განსაკუთრებით ორსული ხელის გულზე უნდა ვატაროთ, შესაბამისად, ორსულისთვის არ არის რეკომენდებული 9 კილოგრამზე მეტი წონის ნივთის აწევა. ორსულობის დროს მყესები და იოგები უფრო მოდუნებულია, ასევე სახსრები ნაკლებად მყარია, შესაბამისად, ადვილად ზიანდება.

ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, იზრდება მუცელიც და გრავიტაციის ცენტრიც უფრო წინ არის გადახრილი, შესაბამისად, იზრდება დატვირთვა ხერხემალზე და ზურგის კუნთებზე, რაც უფრო მგრძნობიარეს ხდის მათ.

ორსულმა უნდა ატაროს 28–30 კვირის ზემოთ საორსულო ბანდაჟი ან ქამარი რათა შეამსუბუქოს ხერხემალსა და კუნთებზე დატვირთვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კიდევ ზედმეტი სიმძიმის აწევა და დამატება. სიმძიმის აწევისას იჭიმება კუნთები, მყესები, იოგები, სახსრები და შესაბამისად, შესაძლოა მოხდეს ბალანსის დარღვევა, რასაც მოყვება ტრავმა, ამ სტრუქტურების დაზიანება, ნაადრევი მშობიარობის, პლაცენტის აცლის, სისხლისდენის და უამრავი არაკეთილსაიმედო გამოსავლის არსებობა. ადრეულ ვადებზე შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტაც (აბორტი).

ფაქტი N3

ორსულისთვის ავტომობილის მართვა, მატარებლით, გემით, თვითმფრინავით მგზავრობა სახიფათოა

მოგზაურობისა და ფრენის შესახებ წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ თქვენს პირად ექიმს. ყველაზე საშიში და არასასურველი გართულება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფრენამ ეს თრომბოემბოლიის რისკია და ზუსტად ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ. არის რიგი მარტივი რჩევები, რომელიც უნდა გაითავალისწინოს ორსულმა ფრენის დროს.

ორსულობა და თვითმფრინავი

ფრენის დროს  და ასევე დაბალი რისკის ჯგუფის ორსულებში თრომბოემბოლიზმის პრევენცია მოიცავს 2 ძირითად და მარტივ კომპონენტს – ეს არის დეჰიდრატაციის თავიდან აცილება და აქტივაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრენის დროს ეცადეთ მიიღოთ 1–1,5 ლიტრი სითხე, უმჯობესია ეს იყოს ჩვეულებრივი წყალი. ასევე რეკომენდებულია ყოველ 1 ან 2 საათში ერთხელ ადგეთ და სალონში გაიაროთ. ხანგრძლივი ფრენის დროს ასევე რეკომენდებულია ელასტიკური წინდის გამოყენება.

სასურველია:

  • შეიმოსოთ სპორტული ტანსაცმლითა და კომფორტული ფეხსაცმლით;
  • უმჯობესია ფრენის დროს ფეხზე გაიხადოთ;
  • ფრენის დროს მოერიდეთ მძიმე და ზედმეტად ცხიმიან საკვებს.

ორსულობისას ნაყოფი კარგად არის დაცული თქვენს საშვილოსნოში, თქვენ წარმოადგენთ მისთვის საუკეთესო „ინკუბატორს“.

საშვილოსნო, მენჯის ძვლები და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას, მაგრამ მაინც უმჯობესია თავი შეიკავოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან.

სასურველია, ორსულმა იფრინოს 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.

თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია.

ავტომობილი და ორსულობა

ავტომობილში აუცილებლად შეიკარით ღვედი და მიაქციეთ ყურადღება, რომ ღვედი არ გაწვებოდეთ მუცელზე. თუ ტოქსიკოზი გაქვთ ავტომობილით მგზავრობამ შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიმძაფროთ.

მატარებელი და ორსულობა

მატარებელი გაცილებით უსაფრთხოა და შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე იმგზავროთ. თუმცა რეკომენდებული არ არის ზედა საწოლზე ძილი.

ორსულს ზღვაში, აუზსა და ტბაში, მდინარეში ცურვა ეკრძალება

„დასვენება, განტვირთვა, მზე და ზღვა ორსულებს ნამდვილად ესაჭიროებათ. როგორც უკვე აღვნიშნე ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც მკურნალობა არა, მაგრამ გაფრთხილება ნამდვილად სჭირდება. ორსულისთვის ზღვაში, მდინარეში, აუზსა თუ ტბაში ცურვა აკრძალული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია უსაფრთხოების წესები.

ცურვა დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა წყალსაცავსა და აუზში. ზოგადად ცურვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, ამცირებს წნევას და ქოშინს, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ასევე სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის. თუ თქვენი ექიმი ზღვაზე გამგზავრების ნებას დაგრთავთ, არც ჩვენ დაგაკავებთ. მარილიანი წყალი ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და დადებითი ემოციებით ტვირთავს ორსულებს. ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოვების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ამიტომ, თუ ცურვა იცით, შეგიძლიათ დაკავდეთ ამ აქტივობით მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, ხოლო თუ ცურვა არ იცით, შეგიძლიათ შეასრულოთ სავარჯიშოები აუზის იმ კუთხეში, სადაც წყალი ღრმა არ არის ან ინებივროთ ზღვის ნაპირზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულთა ჰიპოდინამიამ შესაძლოა გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და ასევე ტონუსის დაქვეითება. ამიტომ ცურვა ერთ–ერთი სასიამოვნო და სასარგებლო სპორტია ორსულებისთვის“, – აცხადებს ქალბატონი თათია. 

ფაქტი N4

ორსულმა ორის ნაცვლად უნდა იკვებოს

მუცლადყოფნის დროს ბავშვისთვის საკვების მიწოდების ერთადერთი წყარო არის დედა. ამიტომაც, ორსულობისას უაღრესად მნიშვნელოვანია დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. ორსულის ორგანიზმისთვის სხვადასხვა საკვებს სხვადასხვაგვარი სასარგებლო დანიშნულება აქვს.

ასევე მნიშვნელოვანია ორსულმა მიიღოს საკვები ცოტ–ცოტა და ხშირ ხშირად. ულუფები უნდა იყოს პატარა და საკვების მიღება შესაძლებელია 4–5 ჯერ დღეში. კვება უნდა იყოს საათობრივი. სწორი კვების გარდა აუცილებელია 2 ლიტრი წყლის მიღება დღის განმავლობაში (წყალი და არა ყავა, ჩაი, წვენები). მთავარი პრინციპია ჯანსაღი კვება, რაც გულისხმობს ნაკლებცხიმიანი საკვების მიღებას, არ არის რეკომენდებული ნახარშების, ზედმეტი პურ–ფუნთუშეულის და ტკბილეულის მიღება. ხილი, ბოსტნეული, ხორცი და ზოგადად დაბალანსებული საკვები ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროს წარმოადგენს (ფოლიუმის მჟავისა და რკინის ჩათვლით), რაც ხელს უშლის ორსულობის დროს, თუნდაც ანემიის განვითარებას.

გარდა ამისა, ეს პროდუქტები ორსულის ორგანიზმს ამარაგებს ნახშირწყლებით, რომელიც ენერგიის ძირითადი წყაროა. უჯრედისი, რომელიც ორსულის ყოველდღიური რაციონის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს, ხელს უწყობს ყაბზობის თავიდან აცილებას. ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინი C ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს და აგრეთვე ხელს უწყობს რკინის შეწოვას. ორგანიზმში ვიტამინ C-ს დაგროვება არ ხდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი მიღება ყოველდღიურად. ხანგრძლივი შენახვა და თერმული დამუშავება იწვევს ვიტამინის დაშლას, ამიტომ პროდუქტები უნდა იყოს ახალი. სასურველია, ბოსტნეული მოხარშოთ ორთქლზე ან უმად მიირთვათ. ხორცი, განსაკუთრებით კი საქონლის, ასევე თევზი, მშრალი ლობიო ან მუხუდო, სოიო, ისპანახი, თხილი, ნიგოზი და არაქისი რკინის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს. ხორცით მიღებული რკინა უკეთ შეითვისება, ვიდრე მცენარეული პროდუქტების რკინა. შეეცადეთ რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ ფორთოხლის ან კენკრის წვენთან ერთად. რაც შეიძლება მეტად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი ცხოველური ცხიმების ნაცვლად.

ორსულობის დროს ცილაზე მოთხოვნილება იზრდება. თევზი, თხილი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ლობიო – ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ცილებით.

კალციუმს არსებითი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნერვული, ძვლოვანი სისტემებისა და კბილების განვითარებისათვის, რაც იწყება ორსულობის მე-8 კვირიდან. ორსულობის დროს კალციუმის დოზა ნორმაზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. რძის პროდუქტები კალციუმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. გამომდინარე იქიდან, რომ რძის პროდუქტი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, მიიღოთ უცხიმო ხაჭო, ყველი, დაბალცხიმიანი რძე და იოგურტი.

ორსულის დაბალანსებული დიეტა სხვადასხვა საკვებ ნივთიერებასთან ერთად სასურველია მოიცავდეს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალურ დანამატებს.

ფაქტი N5

პირველი მშობიარობა რთულია, შემდგომი მშობიარობა მარტივი

ყველა ორსულობა ინდივიდუალური და განსხვავებულია, შესაბამისად, ყველა მშობიარობაც. თუმცა თუ მშობიარობა ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და პროცესი სწორად იმართება, გართულება და სირთულეც ნაკლებია.

მშობიარობას მარტივ პროცესს ვერ დავარქმევთ, მაგრამ 21–ე საუკუნეში უამრავი ფაქტორი ამსუბუქებს ამ პროცესს. სწორად წარმართული 9 თვე, რაც გულისხმობს წონის ნორმის ფარგლებში მატებას (მაქსიმუმ 15 კილოგრამი), დაშვებულ და სწორ ფიზიკურ აქტივობას (ცურვა, ვარჯიში, ფეხით სიარული), ექიმის რეკომენდაციით ეპიდურული ანესთეზიის წარმოებას, პარტნიორის დასწრებას, მშობიარობის დროს სწორად სუნთქვას.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ განახლებულ გარემოში ხელახლა ფუნქციონირებას იწყებს მშობელთა სკოლა, სადაც გამოცდილი გუნდი ჩაგიტარებთ ლექცია–პრაქტიკულებს და მოგამზადებთ მშობიარობის პროცესისთვის.

პირველი მშობიარობა რთულად იმიტომ ითვლება, რომ ქალს არ აქვს გააზრებული და არ იცის რას მოელოდოს. არ იცის ტკივილის ხარისხი, არ არის მზად და არ არის გამოცდილი. ასევე წინა წლებში განსხვავებული იყო მშობიარობის მართვაც. მშობიარობაც ხდებოდა სტრესულ გარემოში, არ იყო ოჯახური ტიპის ბლოკ–პალატები. ამ ფაქტორებმა შექმნეს მითი რომ მშობიარობა რთულია და პირველი მშობიარობა უფრო მეტად რთულია, ვიდრე მეორე.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორსულის, მშობიარისა და ახალშობილის კომფორტისათვის ყველა პირობაა დაცული. შეიძლება ითქვას, რომ ორსული მშობიარობს ოჯახურ გარემოში. კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე ბლოკ–პალატებით.  

ფაქტი N6

ორსულობა და ექოსკოპია – ექოსკოპია ნაყოფს ასხივებს

არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს რომ ექოსკოპია საზიანოა ნაყოფისთვის და ასხივებს მას.

ორსულობის განმავლობაში, ანტენატალური პროტოკოლის მიხედვით, დაახლოებით 5 ექოსკოპიური კვლევა უნდა ჩატარდეს.

პირველი ეს არის ორსულობის დადასტურების მიზნით. მეორე პირველ ანტენატალურ ვიზიტზე. მესამე 11-13 კვირის ვადაზე, კისრის ნაოჭის შემოწმების მიზნით (ხშირად მეორე და მესამე ერთ ჯერზე კეთდება, ვადიდან გამომდინარე). მეოთხე ექოსკოპიური კვლევა ტარდება მეორე ანტენატალურ ვიზიტზე, 18-20 კვირაზე ნაყოფის ორგანოების დათვალიერების მიზნით. მეხუთე კვლევა ტარდება ორსულობის 36-37 კვირის ვადაზე ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრის მიზნით.

გარდა ამისა ექიმის გადაწყვეტილებით (საჭიროებიდან გამომდინარე) შესაძლოა საჭირო გახდეს ექოსკოპიური კვლევის დამატებითი წარმოება, 2 კვირაში ერთხელ მონიტორინგი, დოპლეროგრაფიული კვლევა და ა.შ.

ასევე ორსულები თავისი ნებასურვილით იტარებენ ექოსკოპიურ კვლევას, მათ ენატრებათ თავიანთი პატარა, აინტერესებთ როგორია. ეს გასაკვირი არაა, რადგან 9 თვის განმავლობაში მშობელი მოუთმენლად ელის განუსაზღვრელ ბედნიერებასთან, შვილთან შეხვედრას. ვის ჰგავს, როგორ გამოიყურება? ამ საკითხებზე მომავალ დედას ერთხელ მაინც უფიქრია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ უნიკალურ შანსს, იხილოთ შვილი მუცლადყოფნის პერიოდში. კლინიკის უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10-ით შესაძლებელია საშვილოსნოში მყოფ პატარას მიუძღვნათ ფოტოსესია, გაიცნოთ შვილი დაბადებამდე.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექოსკოპიის აპარატით შესაძლებლობა გეძლევათ, რომ იხილოთ ნაყოფის მიმიკა, გაიგოთ როგორ გუნება–განწყობილებაზეა პატარა ადამიანი. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექოსკოპიის კაბინეტში ხშირად ნახავთ შვილის ხილვით გამოწვეულ ბედნიერების ცრემლებს. თქვენც შეუერთდით ამ სასიამოვნო პროცესს! მიეცით შვილს საშუალება, წლების შემდეგ დაათვალიეროს უნიკალური კადრები, იხილოს თავისი მუცლადყოფნის პერიოდი.

ფაქტი N7

ორსულობისას სქესობრივი კავშირი აკრძალულია

არ არის აკრძალული. უმჯობესია თავი შეიკავოთ 16 კვირამდე და ბოლო ვადებზე, 33-34 კვირის ზემოთ.

ფაქტი N8

მომავალი ბავშვის სქესის განსაზღვრა მუცლის ფორმითაა შესაძლებელი

„ძალიან სასაცილოა! რა მნიშვნელობა აქვს სქესს. ახალი სიცოცხლე უნდა მოავლინოთ ქვეყანაზე. იფიქრეთ მის ჯანმრთელობაზე, სასიამოვნო გარემო შეიქმენით. რა მნიშვნელობა აქვს გოგოა თუ ბიჭი?“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი.

ფაქტი N9

ორსულისთვის ლაზერული ეპილაცია დაუშვებელია

რაც შეეხება ეპილაციას, ლაზერული ეპილაცია არ არის რეკომენდებული ინტიმურ ადგილებსა და მუცელზე. სახეზე, ხელებზე და ქვედა კიდურებზე დაშვებულია. თუმცა აუცილებელია ორმაგი დაცვა (სპეციალური ტანისამოსის ან საფარის დაფარება მუცელზე). უფრო უსაფრთხოა შუგარინგი ან ელექტრო ეპილატორები. ეპილაციის გაკეთება ასევე უმჯობესია დაიწყოთ მეორე ტრიმესტრიდან.

ფაქტი N10

ფიზიოლოგიური მშობიარობა მხოლოდ ახალგაზრდა (როგორც წესი 23 წლამდე გულისხმობენ) ორსულს შეუძლია

ფიზიოლოგიური მშობიარობა ყველა ასაკის ორსულს შეუძლია. რასაკვირველია, ასაკთან ერთად სხვადასხვა გართულების რისკი იზრდება, მაგრამ ისიც უნდა გაიაზროთ, რომ საკეისრო კვეთა ეს არის ოპერაცია და მას უფრო მეტი გართულება შეიძლება მოჰყვეს.

„საკეისრო კვეთას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული  ჩვენებები. ორსულს უნდა ავუხსნათ ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობა. სახელმწიფომ ამ კუთხით ძალიან სწორი რეგულაციები შემოიღო. ასე რომ ჩვენო საყვარელო ორსულებო, ასაკი არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და კატეგორიულ ჩვენებას. იცხოვრეთ ჯანსაღად, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, დაესწარით მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, დადექით აღრიცხვაზე და იმშობიარეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი და ოჯახური გარემო. ჩვენს კლინიკაში დავამსხვრევთ მითებს, ისარგებლებთ მედიცინაზე, კვლევებზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდებით“, – აცხადებს თათია ცხომელიძე.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!