პაციენტების უმეტესობას ეშინია დიაგნოზის და ამ გაუმართლებელი მიზეზით აჭიანურებს კონსულტაციას, რეალური დახმარების მიღება კი, ონკოლოგთან დროული მიმართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
4 თებერვალი - კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ უერთდება და მხარს უჭერს ძალისხმევას კიბოს პრევენციის, დაავადების გამოვლენის და მკურნალობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებას.
ონკოლოგიური დაავადებები წარმოადგენს რთულ სამედიცინო და სოციალურ პრობლემას, რადგან ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობითა და მძიმე პროგნოზით.
დღეისათვის დიდი მნიშვნელობა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას და დროული, შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას ენიჭება. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგ-ქიმიოთერაპევტი და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი ირინა ელიავა.
- ქალბატონო ირინა, რომელ ორგანოებს აზიანებს სიმსივნე?
- კიბოს ადამიანის ორგანიზმში შეუძლია, დააზიანოს ყველა ორგანო და ქსოვილი. სიმსივნე შესაძლოა, იზრდებოდეს ერთ კონკრეტულ ორგანოში, მაგრამ დროთა განმავლობაში, დააზიანოს სხვა ორგანოები და სისტემები, მათ შორის სისხლის მიმოქცევის, ლიმფური სისტემა და ძვლები. დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს პირველ-მეორე სტადიაში, თუმცა არსებობს მრავალი მიზეზი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, აუცილებელია, პაციენტებმა დროულად მიმართონ ონკოლოგს.
- რა სიმპტომებით ხასიათდება კიბო?
- სიმსივნეს მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- სისხლდენა აუხსნელი მიზეზით (შარდში, განავალში, ცხვირიდან, სასქესო ორგანოდან);
- წონის მკვეთრი კლება (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
- სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნის ან ნევუსის (ხალის) გაჩენა კანზე (საყურადღებოა მდგომარეობა, როდესაც გამოხატულია ნახეთქები, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე);
- მკვრივი წარმონაქმნების არსებობა სხეულის სხვადასხვა მიდამოში (განსაკუთრებით სარძევე ჯირკვალში);
- თავის ტკივილი ხანგრძილივი ეპიზოდებით, რომელსაც ერთვის მხედველობის, სმენისა და კოორდინაციის დარღვევა;
- უმადობა;
- ყლაპვის გართულება;
- ხანგრძლივი დისკომფორტი, ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის ან მუცლის მიდამოში;
- ხმის ტემბრის ცვლილება.
- როდის უნდა მიმართონ პაციენტებმა ონკოლოგს?
- არის მდგომარეობები კიბოს ისეთი გამოვლინებისა, როდესაც პაციენტებმა გეგმიურად ან წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოგვმართონ, ეს შემთხვევებია:
- სიმსივნის ან ზოგადად ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდგომი პერიოდი;
- 40-45 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომლებსაც არ უმშობიარიათ;
- დადასტურებული ისეთი დაავადებები როგორიცაა: ნაწლავის პოლიპოზი, მასტოპათია, ფიბროადენომა, ღვიძლის ციროზი;
- სიმსივნის ოჯახური (სისხლით ნათესავური) ისტორია;
- ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მუშაობა;
- თამბაქოს მოხმარება.
ყველა სიმსივნე სპეციფიკური გამოვლინებით ხასიათდება, სწორი და დროული მკურნალობა კი, დადებითი შედეგის მომტანია.
- რას გვეტყვით კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის შესახებ?
- ოქტომბრის დასაწყისიდან, კლინიკაში ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ონკოლოგიური სერვისი. თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ონკოლოგიური გუნდის, Tumor board-ის ანუ, კიბოს ჯგუფის მიერ, კონსილიუმის საფუძველზე, რომელშიც ჩართულია ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი,, მორფოლოგი და რადიაცული ონკოლოგი. მოგეხსენებათ, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ არის ქირურგიის ეროვნული ცენტრის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ჩვენც ვსარგებლობთ ონკოლოგიური სერვისის ყველა იმ კომპონენტით, რომელიც ცენტრშია დანერგილი.
ამ მოკლე პერიოდში წარმატებით შესრულდა არაერთი მასშტაბური მულტიცენტრული ონკოქირურგიული ოპერაცია. წარმატებით გამოიყენება ყველა სახის ქიმიური, ჰორმონული და თარგეთული თერაპია, რაც სიმსივნის მკურნალობაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგთა მულტიდისციპლინური მიდგომა, გამოცდილი გუნდი და მოწინავე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს კლინიკის ბაზაზე შევთავაზოთ ნებისმიერი ტიპის მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს არაერთ სკრინინგს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქსოვილებში ადრეული ცვლილებების გამოვლენა, შესაბამისად, მკურნალობის დროული ჩატარება და კიბოს პრევენცია.
მთავარია, გახსოვდეთ, რომ დროული აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, კიბო განაჩენი არ არის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!