დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგი, გიორგი ფიფია.
გიორგი ფიფიას დამთავრებული აქვს ქ. თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, სპეციალობა – ზოგადი პროფილის ექიმი. ასევე სწავლობდა რადიოლოგიას თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 2017–2018 წლებში იყო ისრაელის სამედიცინო კვლევითი კომპანია Braian Gateses–ის ექსპერტი–რადიოლოგი. გახლდათ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 2018 წლიდან დღემდე არის ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგი.
- როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა ოჯახმა, კერძოდ კი დედაჩემმა, რომელიც თვითონ წარმატებული ექიმი–რადიოლოგია. თავდაპირველად ოფთალმოლოგობას ვაპირებდი, თუმცა, მედიცინაში მაღალტექნოლოგიური კვლევების მნიშვნელობის გაანალიზების შემდეგ, რადიოლოგობა გადავწყვიტე.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ადამიანები ერთმანეთს რაღაც ფორმით ყოველთვის უნდა ვეხმარებოდეთ, ჩემთვის ექიმობა სწორედ ამის შესაძლებლობაა. მედიცინაში მუდმივად არის სიახლეები, ვერასდროს ამოწურავ ამ დარგს, იმდენად საინტერესოა. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი სხვა სფეროში წარმოდგენილი არასდროს მყოლია.
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- ყველაზე დიდი გამოწვევა კონკრეტულად ჩემს სპეციალობაში არის საწყის ეტაპზე, დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე დიაგნოსტირება და, რა თქმა უნდა, კლინიცისტთან ერთად მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის დაგეგმვა.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
- ექიმი მუდმივად უნდა იზრდებოდეს პროფესიული თვალსაზრისით და ჩემი მიზანიც ეს არის, შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა ჩემს საქმიანობაში, ასევე პაციენტებისა და კოლეგების ნდობის კიდევ უფრო გაღრმავება.
- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- პროფესიის არჩევისას აუცილებელია კარგად გქონდეს ჩამოყალიბებული და გააზრებული, რას გინდა, რომ მიაღწიო. ის, რასაც აკეთებ, ახლოს უნდა იყოს შენს მორალურ პრინციპებთან. მუდმივად უნდა იყო მზად შრომისთვის და ახალი გამოწვევებისთვის, ასევე სიახლეების მიღება–დანერგვისთვის.
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID19?
- მგონია, რომ უახლოეს მომავალში ამ გამოწვევასაც გადავლახავთ.
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- რადიოლოგია მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება. ვფიქრობ, ახალი და არსებული მეთოდების დანერგვა და გაუმჯობესება გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, 10 წელიწადში მნიშვნელოვანი მიღწევები გვექნება, როგორც ადრეული დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!