ყურში ხმაურის მიზეზი – ტინიტუსი

კითხვა: მოგესალმებით, მაწუხებდა ხერხემალი... კისრის ოსტეოქონდროზი... მარჯვენა ყურში დამეწყო ხმაური წუილი, უკვე მეორე ყურშიც მესმის... ვიმკურნალე ოსტეოქონდროზზე მაგრამ ამ ყურებს არაფერი ეშველა... ხმაური მატულობს... არც საცობია ყურში.... მაინტერესებს ტინიტუსი თუ იკურნება საერთოდ თუ უნდა შევეჩვიო ხმაურში ცხოვრებას? ვის მივმართო?
პასუხი:

გამარჯობა! თუ თქვენ იმკურნალეთ ნევროლოგიური მიმართულებით , სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი ყურში ხმაურის მიზეზზე–ტინიტუსზე .
ტინიტუსი ნიშნავს “ყურებში რეკვას” მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი და ასე შემდეგ. ეს ხმაური შესაძლოა მხოლოდ ცალ ყურში იყოს ან ორივეში. თითქმის ყველა ადამიანს ხანმოკლე პერიოდში გამოუცდია მცირე ხმაური ყურებში. თუმცა ზოგ ადამიანს შემაწუხებელი და უწყვეტი ტინიტუსი აქვს. ადამიანთა 10-15%-ს აღენიშნება უწყვეტი ტინიტუსი, რომელიც არ ცხრება და საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას.

ცალმხრივი ხმაური შესაძლოა ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნის გამოხატულება იყოს. უმეტესად ეს არის ნევრინომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ადრეულ სტადიებზე მხოლოდ ტინიტუსითა და სმენის ცალმხრივი დაქვეითებით ვლინდება და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ოპერაციული ჩარევით სავსებით იკურნება. ნებაზე მიშვებული მზარდი სიმსივნე აზიანებს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრუქტურებს და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზადაც იქცეს. ამავე მიდამოში ხშირია ქოლესტეატომები და მენინგეომებიც, ამიტომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ტინიტუსით თანხლებული სმენის ცალმხრივი დაქვეითება აღმოაჩნდება, უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ამ მიდამოს სიმსივნის გამოსარიცხავად.
უეცარი ცალმხრივი ტინიტუსი, ცალ ყურში ხმაურის უეცარი წარმოშობა, ზოგჯერ ლაბირინთულ იშემიას და ტვინის ღეროს იშემიურ დაზიანებას ახასიათებს.

მკურნალობა გამომწვევი ფაქტორის რაობაზეა დაფუძნებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს. მაგალითად, როცა ტინიტუსი ინტოქსიკაციითაა გამოწვეული, მის მოხსნასთან ერთად ხმაურიც ქრება. თუ ტინიტუსი ჰორმონული ცვლილებების შედეგია, ჰორმონული ფონის მოწესრიგების შემდეგ გაივლის.
ნებისმიერ შემთხვევაში ტინიტუსი ის სიმპტომია, რომელსაც დროული ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება.
თუ დაზიანება შეუქცევადია და ვეღარ აღმოიფხვრება (მაგალითად, დაზიანებულია კოხლეარული ნერვი), ხმაური დარჩება, მაგრამ შესაძლებელია მისი მედიკამენტური მართვა და ინტენსივობის შემცირება.
თუ შეუქცევადი დაზიანების გამო ტინიტუსის მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ხმაურის დონემ აღარ მოიმატოს, ასწავლოს პაციენტს, როგორ შეეგუოს არსებულ ხმაურს, როგორ მოახდინოს მისი იგნორირება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა, სპეციალური ტრენინგი და ზოგჯერ – ანტიდეპრესანტის გამოყენება. ხდება ასეც: როდესაც პაციენტი საფუძვლიან გამოკვლევებს ჩაიტარებს და დარწმუნდება, რომ საშიში არაფერი სჭირს, მშვიდდება და შუილი მოკლე ხანში თავისთავად უქრება. ეს იმიტომ, რომ დაძაბულობა, სტრესი, ნევროზი ტინიტუსს ხშირად თან ახლავს და ამძაფრებს.

ასე , რომ სასურველია მიმართოთ ექიმ სპეციალისტს ,რომელიც შეკრებს სწორ ანამნეზს და განსაზრღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას . ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25 გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა