მოგესალმებით!
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე დაავადებები. ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად და ეგრეთწოდებული მექანიკური შეკრულობა, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ოპერაციული ჩარევა. ყაბზობის მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც ვიყენებთ კვლევის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მეთოდებს.
რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ ჰიდროკოლონოთერაპიას, მოგახსენებთ რომ, მისი გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო .
მსხვილი ნაწლავი სრულფასოვანი ორგანოა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ფეკალური მასის გადაადგილებაში მონაწილეობს, სასარგებლო მიკროორგანიზმებითაც არის დასახლებული, ეს მიკროორგანიზმები კი ცხოველქმედებისას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს წარმოქმნიან. ოყნის ხშირი გამოყენების დროსაც სასარგებლო მიკროფლორა ნაწლავის სანათურიდან იდევნება და ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა. გარდა ამისა, ოყნამ მიჩვევა იცის და რეზინის ბალონის დაუხმარებლად ნაწლავთა მოქმედება თანდათან თითქმის შეუძლებელი ხდება.
შესაბამისად ჰიდროკოლონოთერაპიას, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე პროცედურაა, განსაკუთრებით ყურადღებით ესაჭიროება დანიშვნა , მისი ჩვენებების და უკუჩვენებების გათვალისწინება.
ჩვენს კლინიკაში აღნიშნული თერაპია არ ტარდება და ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ მოგცემთ.
თუმცა , შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს გასტროენტეროლოგთან და გაიაროთ კონსულტაცია, რის შედეგადაც დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მაქვს ყაბზობა და მირჩიეს ნაწლავების გამორეცხვა(ჰიდროკოლონოსკოპია) რომელიც კეთდება წყალტუბოში როდონის წყლით.რამდენად უსაფრთხოა ასეთი წყლით პროცედურის ჩატარება და ზოგადად ნაწლავის ფლორა ხომ არ დაზიანდება.არადა წლების განმავლობაში მაქვს ეს პრობლემა და ვფიქრობ გარდაუვალია გამორეცხვა....
პასუხი: