ვიზიტი ანგიოლოგთან

კითხვა: მაწუხებს შიდა ვენები მემართება კრუნჩხვები.მკურნალობა ჩავიტარე შედეგი არ მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ვერტიკალურ მდგომარეობაში ორგანიზმში არსებული სისხლის 60-70% სხეულის ქვედა ნაწილში, გულის დონის ქვემოთაა დაგროვებული. მის ამოსატუმბად ორგანიზმმა, თავისთავად, დიდი ჯაფა უნდა გასწიოს. პირველ რიგში იტვირთება გული: რიტმული მუშაობის (შეკუმშვის) შედეგად სისხლი მაღლა იწყებს დენას. გულს ქვედა კიდურების კუნთებიც ეხმარება – ისინი პერიოდულად იკუმშება, შემდეგ ფართოვდება, ანუ მუშაობს რა ტუმბოს პრინციპით, აიძულებს სისხლს „თავის კალაპოტს“ დაუბრუნდეს.
გარდა ამისა, სისხლის ზემოთ, გულისკენ დინებას განაპირობებს ვენებში გზადაგზა მოთავსებული სარქველები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით იხსნება, სისხლს ზემოთკენ ატყორცნის და ეწინააღმდეგება მის უკუდენას.
საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში უწევს ქვედა კიდურების სისხლძარღვებს მუშაობა, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მწყობრიდან გამოვიდეს.
გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, იქნება ეს სარქვლოვანი აპარატის მემკვიდრული არასრულფასოვნება თუ პროფესია, რომელიც ხანგრძლივ ჯდომას და ფეხზე დგომას მოითხოვს, ადგილი აქვს სისხლის უკუდინებას, ქვედა კიდურის ვენებში დაგროვებას, რაც თავის მხრივ სისხლძარღვთა კედლების გაჭიმვას და მათი კონფიგურაციის დარღვევას იწვევს, შედეგად კი კანზე კოსმეტიკური დეფექტი – კანქვეშა ვენური ქსელი ჩნდება. სწორედ ასე ყალიბდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ქრონიკული ვენური უკმარისობა.
მათი ნიშნებია:
● სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაბუჟების და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში;
● შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ ცხრება;
● ფეხის სხვადასხვა უბანში კუნთების ტკივილი, “გაკვანძვის” შეგრძნება და კრუნჩხვები;
● კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● ტელეანგიექტაზიები – კანზე გამოხატული მოლურჯო-იასამნისფერი ობობის ბადის მსგავსი კაპილარული ქსელი.
როგორც მოგვითხრობთ, იმკურნალეთ, თუმცა უშედეგოდ, რაც სამწუხაროა.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
● ვენებს არ უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუმცა, მთლად “დაბლებზეც” ნუ გადახვალთ. სასურველია ფეხსაცმელს ჰქონდეს 4 სანტიმეტრიანი ქუსლი. ასე კანჭის კუნთები უკეთ მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, ვენებისთვისაც სასარგებლოა.
● მიიღეთ საკვები, რომელიც სისხლძარღვებს რგებს. ესენია: ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ანუ პროდუქტი, რომლებით დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მოერიდეთ მარილიან, ცხარე, სანელებლებიან და შემწვარ საკვებს. სვით სითხეები, განსაკუთრებით წელიწადის ცხელ დროს.
ასევე, შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა