რევმატოიდული ართრიტი

კითხვა: ჩემს მეუღლეს დაუდგინეს რევმატიული ართრიტი, რამდენად საშიში დაავადებაა და რა მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეს ციხის პირობებში?
პასუხი:

გამარჯობა!
რევმატოიდური ართრიტი არის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც აზიანებს უპირატესად ტერფის, კოჭ-წვივის, მუხლის, სხივ-მაჯის და მტევნის სახსრებს.პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები. სპეციალისტებისათვის უცნობია, რატომ ეწყება უცაბედად ადამიანს სახსრების ანთება. დაავადების გამოვლენის შემდგომ , მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს პერიფერიული ნერვები, სისხლძარღვები, გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები. დაავადებას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის ზომიერად მომატება, უძილობა და უმადობა. არანამკურნალებ შემთხვევაში რევმატოიდული ართრიტი დაზიანებული სახსრების თანდათანობით დაშლას იწვევს.დადგენილია, რომ დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს გადაცივება, სტრესები, სახსრების ტრავმა და ინფექციები, აგრეთვე რევმატოიდული დაავადება ხასიათდება მემკვიდრეობითი განწყობით.
ამწუხაროდ, "ჯადოსნური" აბები, რომლებიც პაციენტებს რევმატოიდული ართრიტისაგან სამუდამოდ განკურნავს, მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაავადებას არ უნდა ვებრძოლოთ ,პირიქით, ეს აუცილებელია. თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება-მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ორი სახის საშუალებები გამოიყენება - ანთების საწინააღმდეგო და იმუნომამოდულირებელი. ასევე იმუნოდეპრესანტები და ციტოსტატიკური პრეპარატები. მკურნალობის მთავარი პრინციპი ანთებისა და ტკივილის მოხსნა, იმუნური რეაქციების დათრგუნვაა, რითაც ფაქტობრივად დაავადების განვითარება და პროგრესირება ფერხდება. საყურადღებოა ის, რომ აღნიშნული პრეპარატები პაციენტმა ხანგრძლივად და მუდმივად უნდა სვას. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ გვერდით მოვლენებს იწვევს, ამიტომაც მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა ტარდებოდეს. კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს ფიზიოპროცედურებს, ოღონდ ისეთს, რომლებიც დაზიანებული სახსრების გაცხელება-გახურებას არ იწვევს. განსაკუთრებით სასარგებლოა დაბალსიხშირული მაგნიტოთერაპია და დაბალსიხშირული ლაზეროთერაპია. პაციენტებისათვის ნაჩვენებია აგრეთვე სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო მასაჟი. როდესაც მედიკამენტური მკურნალობა პაციენტს შვებას ვერ ჰგვრის, მას ქირურგიულ მკურნალობას უნიშნავენ - სახსრიდან დაზიანებული ქსოვილის ამოკვეთას და კორექციას .
რაც შეეხება ციხის პირობებში ამ დაავადების მკურნალობას,ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას და უმჯობესია მიმართოთ შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციას !
გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა