პარკინსონის დაავადება

კითხვა: გამარჯობათ, რომელი ანალიზების საფუძველზე დგინდება, რომ ადამიანს აქვს პარკინსონის დაავადება და თუ შეიძლება ამ დიაგნოზის დასმა შესაბამისი ანალიზების გარეშე.
პასუხი:

მოგესალმებით, პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს, მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება. თავის ტვინის პროგრესულ დაზიანებას დოფამინის დეფიციტი იწვევს. დოფამინი ნივთიერებაა , რომელსაც ორ ნერვულ უჯრედს შორის ინფორმაცია გადააქვს. ის თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში – შავ სუბსტანციაში გამომუშავდება. პარკინსონის დაავადების დროს სწორედ დოფამინის წარმომქნელი უჯრედები ნადგურდება. ამ ნივთიერების ნაკლებობა კი, თავის მხრივ, იწვევს ნეირონული კავშირების რღვევას და ამით განპირობებულ სიმპტომებს: შებოჭილობას, კანკალს, მოძრაობათა შენელებას და გაღარიბებას, სიარულის გაძნელებას. პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს და ნევროლოგიური გასინჯვის მონაცემებს. არც ერთი ინსტრუმენტული კვლევა არ იძლევა პირდაპირი დიაგნოსტიკის საშუალებას, თუმცა, მაგალითად, DAT (Dopamine Transporter Imaging) სკანირებით შესაძლებელია თავის ტვინში დოფამინის შემცველობის განსაზღვრა. ამ კვლევას მიმართავენ, როდესაც დაავადება ადრეულ ასაკში იწყება ან სიმპტომოკომპლექსი მწირია და კლინიკური სურათის საფუძველზე დიაგნოზის დასმა ჭირს. საქართველოში ის არ ტარდება. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა საჭიროა სხვა პრობლემის, მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადების დასადასტურებლად ან გამოსარიცხავად. საჭიროებისამებრ, ტარდება რუტინული ლაბორატორიული კვლევებიც.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს კლინიკაში მომართოთ ნევროლოგს და მის მიერ დანიშნული კვლევების ჩასატარებლად ისარგებლოდ სპეციალური ფასდაკლების აქციებით.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა