მიოკარდიუმის ინფარქტი

კითხვა: გამარჯობა,37 წლისამ მივიღე პირველი ინფაქტი სუსტი ფორმით,სახსრების გამო ბოლომდე ვერ ვიმკურნალე,მეორე უფრო რთული ფორმით 44 წლის ასაკში,მთელი მარცხენა მხარე ვიყავი უამრავი ჩატრომბილი წერტილებით სახის არეშიც კი,დაახლოებით 7 საათი მოძრაობის უნარი არ მქონდა და მარცხენა გულის არის გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს დანის წვერით გულს მისერავდნენ,ეს მკურნალობაც ბოლომდე ვერ დავისრულე, მის შემდეგ მუდმივი ყრუ ტკივილი მაქვს,თუმცა ხშირია მომატებული ტკივილი და გადადის მკერდის ძირთან წვაში,ძალიან მალეც ვიღლები და სულ მეძინება,ბოდიშით შეიძლება უაზრო კითხვა დაგისვა,თქვენი აზრით შეიძლება იყოს საშიშრობა,ან არსებობს ისეთი წამალი რომ ცოტა ძილიანობა მომეხსნას? როდესაც მეძინება უფრო მემატება ტკივილი,ბოდიშით თუ ბევრი და გაურკვეველი რამ მოგწერეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
საბოდიშო არაფერია, ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე და ვცდილობთ დისტანციურ რეჟიმში, მაქსიმალურად გავუწოდოთ დახმარების ხელი, ამიტომ, შეძლებისდაგვარად მოგაწვიდთ ზოგად ინფორმაციას.
მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა.
რისკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, კვების დარღვევები, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი.
მიოკარდიუმის ინფარქტი ყალიბდება გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის ან მისი რომელიმე ტოტის სანათურის დახშობით თრომბის მეშვეობით ან ხანგრძლივი სპაზმით, რასაც მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა და მწვავე იშემიური ნეკროზი - გულის კუნთის კვდომა. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დახშული სისხლძარღვის კალიბრზეა დამოკიდებული. ინფარქტული უბნის ზომას, მის ლოკალიზაციასა და გულის კუნთის ფუნქციურ მოშლილობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას და ინფარქტის შედეგს.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისთვის დამახასიათებელია უეცარი და ძლიერი, აუტანელი ტკივილი გულის არეში, განსაკუთრებით - მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ზურგის, მხრების, ზოგ შემთხვევაში – ქვედა ყბის და კბილების მიმართულებით.
მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის უეცრად და ელვისებურად არ იწყება. ზოგჯერ მას წინ უძღვის ხშირი სტენოკარდიული შეტევა.
მწვავე ინფარქტი ყველაზე ხშირად იწყება ღამით, ძილის დროს.
ჩვენს კლინიკაში, კლინიკური ნიშნების და ეკგ ცვლილებების გათვალისწინებით ტარდება კორონაროგრაფიული კვლევა, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა კორონარული არტერიის სტენოზირება (შევიწროება) ან ოკლუზია (დახშობა), ხდება დაზიანებული სისხლძარღვის სტენტირება ანუ რევასკულარიზაცია. ამით პრობლემა, შეიძლება ითქვას, გვარდება და ინფარქტი აღარ ყალიბდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12, რომელიც კორონარული ინტერვენციის მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას იძლევა.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ჩვენი მხრიდან სრულიად არაპროფესიული მიდგომა იქნება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას, თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმი შეარჩევს შესაბამის მკურნალობას .
თქვენს შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა ორი გარემოება : პირველი , რომ ხართ ქალბატონი და ახალგაზრდა , რის გამოც თქვენი შემთხვევა არ არის ტიპიური და გამორჩეულია .მეორე კი ის არის ,რომ აღნიშნავთ „44 წლის ასაკში,მთელ მარცხენა მხარე ვიყავი უამრავი ჩათრომბილი წერტილებით სახის არეშიც კი“ , ეს აღწერილობა იძლევა ეჭვის საფუძველს იმასთან დაკავშირებით , რომ შესაძლოა გქონდეთ ე.წ. თრომბოფილია ,რომელიც მოითხოვს გადაუდებელ კვლევას. ამ დაავადების დადასტურების შემთხვევაში , მკურნალობა ჩატარდება ამ მიმართულებით და შესაბამისად მოხერხდება,როგორც კარდიოლოგიური ,ისე ნევროლოგიური სიმპტომების კვლავ განვითარების პრევენცია .
თრომბოფილიის კვლევის საშუალება ,ქვეყნის მასშტაბით , მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებელი და მასთან დაკავშირებით საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს ექიმ–ჰემატოლოგებთან .
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა კვლევაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/25670/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები, დამოუკიდებლად ნუ მიმართავთ მკურნალობას, მობრძანდით და ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა