მოგესალმებით!
მივიღეთ თქვენი შეტყობინება და თქვენს მდგომარეობას ვეკიდებით გულისხმიერებით.
რასაც თქვენ მოგვითხრობთ, ეს ყველაფერი არის მარიხუანას უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზე, ვეცდებით ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
მარიხუანა წარმოადგენს არალეგალურ ნივთიერებათა შორის ყველაზე ხშირად მოხმარებად საშუალებას.
მარიხუანას აქტიურ ფსიქოტროპულ თვისებათა მქონე შემადგენელს ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) წარმოადგენს.
ფსიქოტროპულ ეფექტებიდან აღსანიშნავია: ეიფორია, რელაქსაცია და ძილისაკენ ლტოლვა. ეს ეფექტები მიღებისთანავე ვლინდება და რამოდენიმე საათს გრძელდება. მცირე დოზებში მარიხუანა თრგუნავს მეხსიერებასა და მოტორულ (მოქმედებით) აქტივობას, ცვლის დროისა და სენსორულ (მგრძნობელობით) გამღიზიანებელთა პერცეფციას (მიღებას), იწვევს რქოვანას გაწითლებას და შეიძლება გაზარდოს ჭამის მადა და სექსუალური ლტოლვა.
მარიხუანა ზემოქმედებს ტვინის გარკვეულ ნაწილზე, კერძოდ კი, ჰიპოკამპუსზე, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით ორიენტაციაზე, ინფორმაციის გადამუშავებასა და შენახვა–რეპროდუქციაზე. ნეიროფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ტვინის სწორედ ამ სფეროს დაზიანება იწვევს შიზოფრენიას.
როგორც აღნიშნავთ თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე იღებდით "გრანდაქსინს", ყურებში შუილი შესაძლებელია, მარიხუანის ზეგავლენის გარდა, ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენაც იყოს.
გრანდაქსინის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს: ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაძაბულობის შეგრძნება, უძილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, კუნთების დაჭიმულობა,გონების დაბინდვა. "გრანდაქსინი" იწვევს მიჩვევას, რითაც შეიძლება აიხსნას თქვენი სიმპტომები.
სასურველია თუ სამომავლოდ გაითვალისწინებთ ამ შემთხვევას და თავს აარიდებთ გართობის მსგავსს საშუალებებს, ვინაიდან განმეორების შემთხვევაში პათოლოგიური სიმპტომები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს.
გირჩევთ, ფსიქოლოგიურად აიყვანოთ თავი ხელში და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ პრევენციის მიზნით თქვენთვის აუცილებელია მიმართოთ ნარკოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს. თქვენ თავად, დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და სხვისი ძალისხმევის გარეშე საკუთარი ნებით მიაკითხოთ ნებისმერ ცენტრს, სადაც მკურნალობა მიმდინარეობს ანონიმურად, შეარჩევენ, სპეციალურ-ინდივიდუალურ მკურნალობის რეჟიმს და დაგეხმარებიან რესოციალიზაციაში.
ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებათ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა პატივცემულო ექიმო. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ, ვაფასებ თქვენს დარგს და პროფესიონალიზმს თქვენს სფეროში რადგან ვიცი რა რთული დარგია და თქვენი მიდგომაც ძალიან კარგად მესმის თქვენს სფეროში. ვარ 23 წლის, რაც შეეხება ჩემს პრობლემას არის ის რომ, უკვე 2 თვეა შეიძლება ითქვას ყურებში მაქვს ხმა ან უ მიბჟუის, ადრე ტელევიზორში არხი რო ითიშებოდა დაახლოებით ეგეთი ხმა მაქვს ყოველთვის მითუმეტეს როცა სიჩუმეში ვარ მარტო, მინდა მოგახსენოთ რომ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სხვადასხვა ჯიშების მარიხუანას ვეწეოდი რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაქსიმალური პროცენტაჟით იყო 2 წლის განმავლობაში, შემდგომ შეიძლება ითქვას თავი დავანებე და მირჩიეს დამამშვიდებელი პრეპარატი ''გრანდა ქსინი'' ამ პრეპარატის მიღების შემდგომ დამემართა ეგ ყველაფერი ანუ ხმა ყურებში. კიდევ მინდა გითხრათ რომ ვარ ძალიან ნერვიული და პრეპარატები არ მშველის მგონია რომ უფრო უარესს მიშვება, დალევით ვეღარ ვსვავ ძალიან მალე ვთვრები და ალკოჰოლური მდგომარეობა აღარ მომწონს. რაც შეეხება ''გრანდაქსინს'' ექიმის დანიშნულების გარეშე ვიღებდი მაგრამ ბევრი არ დამილევია 10 ტაბლეტი იყო და ხანდა ხან ისე ხდებოდა რომ 3 ცალს ერთად ვსვავდი მაგრამ არაფერი მოკლედ დიდი ხნის განმავლობაში არ ვსვავდი 10 ტაბლეტი მაქ მიღებული ჯამში.. მოკლედ მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგრად ვინერვიულე და შეიძლება ითქვას მქონდა ფსიქიკური აშლილობა ამ ყველაფერს მოყვა ''გრანდაქსინი'' და ეგ ხმები. პლიუს წნევები მაქ 120- 60 იდან 120-85 მდე. რეზუსი მეორე დადებითი. მადლობელი ვიქნები თუ სწორად გამიგებთ და მიპასუხებთ.
პასუხი: