ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა

კითხვა: მეუღლეს ლიპიდების განსაზღვრის ანალიზებში ცვლილებები აქვს. არაფერს უჩივის გარდა უძილობისა. რას მიანიშნებს და რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით ! ქოლესტერინი ცხიმოვანი ცვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მონაწილეობს ყველა ორგანოსა და ქსოვილის უჯრედების მემბრანების შენებაში; ქოლესტერინისაგან სინთეზირდება მთელი რიგი ჰორმონები – სასქესო ჰორმონები, ვიტამინი D.
ქოლესტერინისაგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომლებიც შედიან ნაღვლის შემადგენლობაში და მათი მეშვეობით ხდება ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
ჰიპერქოლესტერინემიის მიზეზები:
მოზრდილებში პროფილაქტიკური გამოკვლევებისას შედეგების მიხედვით განარჩევენ სამ ჯგუფს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის ხარისხის მიხედვით:
1. ქოლესტერინის მისაღები დონეა < 200 მგ/დლ – დაბალი რისკი 2. ქოლესტერინის ზღვრული დონე – 200-239 მგ/დლ – საშუალო რისკი 3. ქოლესტერინის მაღალი დონე – > 240 მგ/დლ – მაღალი რისკი საშუალო და მაღალი რისკის შემთხვევაში დამატებით უნდა განისაზღვროს ლიპიდური სპექტრი, რათა გაირკვეს ქოლესტერინის რომელი ფრაქციის (მაღალი სიმკვრივის თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ხარჯზეა გაზრდილი საერთო ქოლესტერინი.
ქოლესტერინის დონის მატების მიზეზი შეიძლება იყოს:
1. ქოლესტაზი – ნაღვლის შეგუბება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ღვიძლის დაავადებებით (ჰეპატიტი, ციროზი) ან ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობით 2. ნეფროზული სინდრომი 3. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა 4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი) 5. არანამკურნალები შაქრიანი დიაბეტი 6. ალკოჰოლიზმი 7. გაცხიმოვნება 8. პროსტატის ან თირკმელზედა ჯირკვლის კიბო .
ჰიპოქოლესტერინემიის მიზეზები:
1. მემკვიდრული ფაქტორი
2. ღვიძლის მძიმე დაავადებები
3. ძვლის ტვინის ონკოლოგიური დაავადებები
4. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი) 5. ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევა 6. ფოლიუმდეფიციტური ან B 12 ვიტამინდეფიციტური ანემია 7. გავრცელებული დამწვრობა 8. ტუბერკულოზი 9. მწვავე ინფექციური დაავადებები 10. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ქოლესტერინის დონის განსაზღვრისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, რომ დროთა განმავლობაში მისი დონე იცვლება, რაც არ წარმოადგენს პათოლოგიას, ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევით არ უნდა მოხდეს მდგომარეობის შეფასება.
გარდა ამისა მხედველობაში უდა მივიღოთ ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე.
ამიტომ ,გირჩევთ, რეკომენდაცია მიიღოთ მკურნალი ექიმისგან , ვინაც დაგინიშნათ აღნინშული კვლევა ამა თუ იმ პათოლოგიის გამოსაკვლევად . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა