მოგესალმებით!
ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს – სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას დაუღალავად ფილტრავს. ლიმფა სისხლის თხევადი ნაწილისგან წარმოიქმნება, რომელიც კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების მეშვეობით კვლავ სისხლს უბრუნდება. ლიმფურ კვანძებში ლიმფა ნელა გაედინება, ხოლო აქ არსებული იმუნური უჯრედები, მაკროფაგები, მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ცილებსა და დეფექტურ (სიმსივნურ) უჯრედებს ანადგურებენ. ლიმფურ კვანძებშივე წარმოიქმნება ლიმფოციტები – დამცავი უჯრედები, რომლებიც უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში მონაწილეობენ.
თუ ლიმფური კვანძი თანმხლები დაავადების გარეშეა გადიდებული, საქმე ლიმფადენოპათიასთან გვაქვს. სავარაუდოდ, მიმდებარე უბანში ანთებადი კერა წარმოიშვა.
გადიდებული ლიმფური კვანძის მტკივნეულობა ლიმფადენიტის ნიშანია. ლიმფადენიტი საკუთრივ ლიმფური კვანძის ანთებაა. ის მაშინ ვითარდება, როცა ლიმფური კვანძი ინფექციას ვერ უმკლავდება (რაც იმუნიტეტის დაქვეითებით ან ძლიერ გამძლე და აგრესიული ინფექციური აგენტის შეჭრითაა განპირობებული).
როგორც მოგვითხრობთ, ექოსკოპია გაიკეთეთ და ლიმფური კვანძის პათოლოგია არ გამოიკვეთა, ასე რომ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ორ კვირაში ლიმფური კვანძები საწყის ზომას დაუბრუნდება, სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო, თუმცა გამომწვევი მიზეზის გასარკვევად გირჩევთ, მიბრძანდეთ ექიმ–თერაპევტთან ვიზიტზე.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მარჯვენა მხარეს ნიკაპის ქვეშ მესინჯება ლიმფური კვანძი და ვიზუალურადაც შესამჩნევია,ნერვიულობის ფონზე მტკივდება .ეხოზე მითხრეს არაფერიაო შეიძლება ესე ჩანდეს და არ იყოს არაფერი საშიში?მადლობა წინასწარ
პასუხი: