კუჭის წყლული

კითხვა: გამარჯობათ. რა სახის სიმპტომები აქვს კუჭის წყლულს?
პასუხი:

ტერმინი "კუჭის წყლული",რომელიც ხალხში გამოიყენება, აერთიანებს როგორც საკუთრივ კუჭის ,ისე თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს .წყლული შესაძლებელია არსებობდეს როგორც ცალ–ცალკე ,ასევე ორივე ორგანოზე ერთდროულად.ჩვენ სტატიაში ტერმინად “კუჭის წყლულს” გამოვიყენებთ, თუმცა ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებსაც ეხება.
აქვე დავამატებთ,რომ ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს.
ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:
• სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
• ფსიქოლოგიური სტრესი;
• კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
• გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა).
დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 90%-ში H.pylori-თ არის განპირობებული და ანტიბიოტიკებით სათანადო მკურნალობას მოითხოვს. დანარჩენ 10%-ში H.pylori-თ ინფიცირება არ დასტურდება. ამ შემთხვევაში მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება ან რომელიმე სხვა ზემოხსენებული ფაქტორი. განურჩევლად წარმომშობი მიზეზისა, პეპტიური წყლულის კლინიკურ გამოვლინებას, მის შეხორცებასა და გამწვავებას მჭიდრო კავშირი აქვს კუჭის სეკრეციასთან, კერძოდ, კუჭის წვენის PH-მაჩვენებელთან და პეპსინის აქტიურობასთან. ფარმაკოლოგიური საშუალებებით კუჭის სეკრეციის დათრგუნვა ამცირებს ლორწოვანის დაზიანების ხარისხს, აგრეთვე სისხლდენისა და სხვა გართულებების განვითარების ალბათობას.


პეპტიური წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ზოგჯერ - ყაბზობაც. ამასთანავე, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ახასიათებს:

რიტმული ტკივილი მუცლის არეში, რომელიც საჭმლის ან ანტაციდების მიღების შემდეგ ქრება. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ე.წ. მშიერი ტკივილი) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ.
ღამის ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღვიძებს და მეტწილად ღამის 1-დან 3 საათამდე აღმოცენდება.
ტკივილის ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშ ან ზურგში.
მუცლის ხანგრძლივი ტკივილი ჩვეული რიტმის გარეშე ხშირად წყლულის პენეტრაციაზე მიუთითებს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანია პერიოდულობა - გამწვავებისას ტკივილი ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის ინტერვალით, რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი გასტანოს . წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო მეტად გამოხატულია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, რაც პათოლოგიური პროცესის გამწვავების მაუწყებელია. კუჭის წყლულის დროს ტკივილი რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, უზმოზე ტკივილის შეგრძნება ან უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ აღინიშნება. ის მეტწილად ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ იჩენს თავს და კუჭის შეგთავსის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე ან ღებინებამდე გრძელდება. ამის გამო ხშირად ავადმყოფები ჭამას თავს არიდებენ და ხდებიან. კუჭის ტკივილი იშვიათად შესაძლოა ღამითაც აღმოცენდეს.
საკვებისა და ანტაციდური პრეპარატების მიღების შედეგად ტკივილის შემცირება-გაქრობა განპირობებულია კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას ნეიტრალიზაციით, თუმცა ამასთანავე საკვების მიღება გასტრინის სეკრეციას ასტიმულირებს, რაც საბოლოოდ კვლავ აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის დაცლის შემდეგ კუჭის წვენისა და თორმეტგოჯა ნაწლავის PH საგრძნობლად იკლებს, რაც ტკივილის ხელახალი აღმოცენების მიზეზად იქცევა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას მარილმჟავათი განპირობებულ ტკივილს ქემორეცეპტორების გაღიზიანება ან პერისტალტიკური ცვლილებები იწვევს. ზემოთ დასახელებული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია, კვალიფიციურ ექიმს, კერძოდ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებას განიცდის და შესაძლოა, გამოიწვიოს ძალიან მძიმე გართულებები, რომელთაგანაც ზოგი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია.კლინიკაში გვყავს ნამდვილად მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეცილისტი გასტროენტეროლოგი ,შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს .გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა