ექსტრასისტოლია

კითხვა: გამარჯობა, მქონდა ექსტრასისტოლიები, დამინიშნეს კორდარონი 3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი, ვსვამ უკვე 10 დღე, გავაგრძელო თუ უნდა შევცვალო დოზა (ექსტარსისტოლიები მომეხსნა) მადლობა
პასუხი:

ექსტრასისტოლია – ეს არის გულის ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც განპირობებულია სინუსის კვანძის გარეთ იმპულსის წარმოქმნით. ექსტრასისტოლიის დროს ადამიანი შეიგრძნობს ძლიერ ან გამოტოვებულ გულის დარტყმას. იმპულსი, რომელიც გულს ამოძრავებს, ჩვეულებრივ, მარჯვენა წინაგულში მდებარე სინუსურ კვანძში რეგულარულად და თანაბრად წარმოიშობა, მერე კი წინაგულ-პარკუჭოვან კვანძსა და პარკუჭებში ვრცელდება. ექსტრასისტოლიის დროს გულის მამოძრავებელი იმპულსი წარმოიშობა არა სინუსურ კვანძში, არამედ პარკუჭებში ან მათ ზემოთ, წინაგულებში, ზოგჯერ კი – წინაგულოვან-პარკუჭოვან კვანძში. ამის მიხედვით განასხვავებენ სუპრავენტრიკულურ ანუ პარკუჭზედა და პარკუჭოვან ექსტრასისტოლიებს. პარკუჭზედა ექსტრასისტოლია, ჩვეულებრივ, საშიში არ არის.
თუ ექსტრასისტოლიის ყველა სერიოზული მიზეზი გამოირიცხა, მას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ.
რჩევის სახით მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● ერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს, ნიკოტინს – მათი დოზის შემცირება ხშირად ამცირებს გულის ფრიალს;
● ისწავლეთ სტრესისა და შფოთვის მართვა – ამაში სუნთქვითი ვარჯიშები ან კუნთების ღრმა მოდუნება დაგეხმარებათ;
● ეფექტურია იოგა, მედიტაცია, ზოგ შემთხვევაში – ვარჯიში;
● ეცადეთ, საკვები ხშირად და მცირე ულუფებით მიიღოთ.
წამლების დოზირების, გაგრძელებისა თუ შეწყვეტის თაობაზე, უმჯობესია დამოუკიდებლად არ მიიღოთ გადაწყვეტილება და მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჩვენი მხრიდან პრეპარატთან დაკავშირებით დისტანციურად რჩევა არაეთიკურია.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა