დაუნის სინდრომის სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს 5დ გამოსახულებიანი ექოსკოპიით თუ გამოჩნდება ცხრა თვის ორსულის მუცლადმყოფ ბავშვს აქვს თუ არა დაუნის სინდრომი? ჰო
პასუხი:

მოგესალმებით! ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა ითვალისწინებს ორსულობის 18-20 კვირაზე პაციენტის სკრინინგს, თუმცა 12 კვირაზე აუცილებლად კეთდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, როდესაც ხდება ე.წ. ”კისრის ნაოჭის” გაზომვა, რომ გამოირიცხოს დაუნის სინდრომი. აუცილებლად კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, უსიმპტომო ბაქტერიების გამორიცხვის მიზნით. აქვე პაციენტების პრენატალური სკრინინგი ტარდება, ორმაგი გენეტიკური ტესტი, რომელიც კეთდება 11-13 კვირაზე, ეს არის ქორიონული გონადოტროპინისა და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის განსაზღვრა, რომელიც გვეხმარება გამოვრიცხოთ გენეტიკური პათოლოგიები. კიდევ ერთი, სამმაგი გენეტიკური ტესტი ორსულობის 16 კვირაზე, რომელიც გულისხმობს ალფაფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინისა და თავისუფალი ესტრიოლის განსაზღვრას. ამით არ მთავრდება გენეტიკური კვლევების ნუსხა. არის მთელი რიგი კვლევები რომელიც 9 კვირიდან შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად ე.წ. ”პანორამა ტესტი”, ან ”ჰარმონია ტესტი”… ”პანორამა ტესტის” ჩატარება ორსულობის ყველა ვადაზეა შესაძლებელი. თუკი ულტრაბგერითი კვლვევისას რაიმე ეჭვი გაჩნდა, მაგალითად 25 კვირის ვადაზე, როდესაც ორმაგი და სამმაგი ტესტების ჩატარება უკვე გვიან არის, ამ დროს გვაქვს საშუალება ”პანორამა” ან ”ჰარმონია” ტესტი ჩავატაროთ და გამოირიცხოს ესა თუ ის გენეტიკური პათოლოგია. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, 5D გადამწოდის წყალობით შესაძლებელია ადრეული ვადებიდანვე გამოვავლინოთ ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, რაც ადრე შეუძლებელი იყო. უამრავი ულტრათანამედროვე ფუნქცია ექიმს საშუალებას აძლევს დასვას დიაგნოზი ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა