C ჰეპატიტი

კითხვა: C ჰეპატიტი. დიალიზზე მყოფ ქალს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი, მკურნალობა ამ მხრივ ჯერ არ დაწყებულა, რამდენად საშიშია ეს სიცოცხლისთვის?
პასუხი:

მოგესალმებით,
სამწუხაროდ ,ასეთი შემთხვევები ხშირია და უკავშირდება ხანგრძლივ ინვაზიურ , ინტერვენციულ და ტრანსფუზიულ პროცესებს ,რომელიც ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ .
რაც შეეხება C ჰეპატიტის ვირუსს (HCV) ჰეპატოვირუსების ოჯახს ეკუთვნის, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ცნობილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას.
C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
● წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინტრავენური მიღებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
● ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
● სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;
HCV ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დაავადებას პათოგნომური სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია HCV -ს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
ამჟამად C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია სისხლში ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულებისა და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. ვირუსის იდენტიფიცირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ხორციელდება. მხოლოდ ეს გამოკვლევა იძლევა უტყუარ პასუხს იმის თაობაზე, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში. ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა მხოლოდ ირიბად მიანიშნებს, რომ პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციის მწვავე სტადიაში ანტისხეულები შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ან ძალიან მცირე კონცენტრაციით იყოს სისხლში, ამიტომ მწვავე C ჰეპატიტზე ეჭვის დროს ანტისხეულების ერთჯერადი განსაზღვრა საკმარისი არ არის.
ვინაიდან ინფექციის მწვავე ფაზა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მწვავე C ჰეპატიტს ხშირად შემთხვევით, რუტინული გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ.
ღვიძლის უჯრედების დაზიანების ხარისხის, ღვიძლის ფუნქციისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად, საბოლოო შედეგის პროგნოზირებისთვის აუცილებელია სისხლში ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. ღვიძლის ფიბროზის ხარისხის, ციროზის, კარცინომის დასადგენად მიმართავენ ღვიძლის ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ღვიძლის ბიოფსიას, ღვიძლის ელასტოგრაფიას და სხვა.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია 2015 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობს, ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა C ჰეპატიტის მართვის ცენტრთან ერთად, ასევე შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებშიც.
ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა