მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე სავარაუდოთ საქმე ეხება ალერგიულ დერმატოზს - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, მეტალების, საკვები პროდუქტების, აერო- და სხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კანზე უშუალო ზემოქმედების გზით, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ინექციის საშუალებით.
ალერგიული დერმატოზებისათვის დამახასიათებელია კანის ქავილი და შეწითლება, კანზე გამონაყარი ჭინჭრის ციების (შეშუპება, ბუშტუკები) ან ეგზემის (აქერცვლა, სიმშრალე, კანის სურათის შეცვლა) ტიპით. კანის მხრივ გამოვლინებების გარდა, საკვებ ნივთიერებებზე და მედიკამენტებზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ასევე სიმპტომებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ - ენისა და ტუჩების შეშუპებით, გულისრევით, პირღებინებით, მუცელში სპასტიური ტკივილებით, დიარეით.
ყველაზე გავრცელებული ალერგოდერმატოზებია - ატოპიური დერმატიტი (ექსუდაციური დიათეზი, ნეიროდერმიტი), ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი.
კონტაქტური დერმატიტი ეს არის კანის რეაქცია ზოგიერთი განსაზღვრული გამაღიზიანებლის (დაახლოებით 3000-მდე ქიმიური აგენტი - შხამიანი მცენარეები, შხამ-ქიმიკატები, ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკა, საღებავები, მეტალები, მედიკამენტები, და სხვ.) უშუალოდ კანზე ზემოქმედებაზე. ამ რეაქციების 80% გაღიზიანების შედეგია (მაგ. “მრეცხავის ხელი”), ხოლო 20% - ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ კანის ალერგიული რეაქცია ყალიბდება 1-3 დღეში, და რჩება 1 კვირა და უფრო ხანგრძლივადაც. რეაქცია უფრო გამოხატულია კონტაქტის ადგილას, თუმცა შეიძლება სხვა ადგილზეც განვითარდეს.
ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიცირებას. არსებობს მკურნალობის სამი ძირითადი მიმართულება:
1. მიზეზობრივი ფაქტორების რაც შეიძლება სრული ელიმინაცია (მოცილება) ავადმყოფის უშუალო გარემოდან;
2. ალერგიით დაზიანებულ ქსოვილებში გაღიზიანების შემცირება, რაც მიიღწევა სხვადასხვა წამლებით ალერგიის სიმპტომების მკურნალობის გზით;
3 ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის შემცირება ვაქცინაციით (სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზირება).
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–ალერგოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!