კითხვა: გამარჯობა, ვარ 25 წლის, გარდატეხის ასაკიდან მაწუხებს აკნე, ჩირქიანი გამონაყარი სახეზე. თითქმის ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე არაფერი ცვლილება არ მაქვს ორგანიზმში რაც შეიძლება მოქმედებდეს გამონაყარზე როგორც ენდოკრინოლოგმა მითხრა. ამჟამად ვიყენებ შინაგანი გამოყენებისთვის და ასევე სახეზეც ვისმევ ალტაის მუმიოს მაინტერესებს რა რჩევას მომცემდით საერთოდ აკნესთან და ამ პრეპარატთან დაკვშირებით?
პასუხი:

მოგესალმებით,
აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული. იგი ეთნოგენეტიკურ დაავადებათა რიგს განეკუთვნება და უპირატესად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აუზში მცხოვრებ ხალხებში, მათ შორის – ქართველებშიც. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის დროს ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს განსაზღვრული ტიპის ანდროგენებს (მამაკაცის ჰორმონებს), რაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამას ემატება თმის ფოლიკულის არხში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნაც. შედეგად ჩნდება საცობი, დაგროვილი მასა კანის ზედაპირამდე ვეღარ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იბერება, ხოლო მისი სადინარი იხშობა; წარმოიშობა კომედონები (ფერიმჭამელები), ხოლო მათი ინფიცირებისას – ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე). ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია მსუბუქი ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.
აკნეს მიმდინარეობას ამძიმებს:
● აკნეს თვითმკურნალობა, რომლის შედეგადაც კანის საფარველის მეორეული ინფიცირება ღრმავდება;
● ცხიმის შემცველი კოსმეტიკა, რომელიც ზრდის ფოლიკულების სადინართა დახშობის და, შესაბამისად, აკნეს გამწვავების რისკს;
● მტვერი და ჰაერის მაღალი ტენიანობა.
აკნესთან დაკავშირებული კვლევები მოიცავს სისხლის ჰორმონულ ანალიზს თირკმელზედა ჯირკვლისმიერი ანდროგენების (DHEA-S, 17α-OHP, An) განსასაზღვრავად, აგრეთვე – გინეკოლოგიურ და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიულ კვლევას.
დაავადების განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე, სებორეა/აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მისი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვა.
მკურნალობა საშუალოდ 6-12-თვიანია და მოითხოვს კომპლექსურ თერაპიას, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.
სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.
აკნესგან თავის დაღწევა შესაძლებელია, მთავარია, მას სწორად ვუმკურნალოთ.
თქვენს მიერ აღნიშნული „მუმიო“ ტაბლეტები არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, იგი ითვლება საკვებ დანამატად, ხოლო მის ე.წ „გელს“ არაერთ შემთხვევაში აქვს თმის ზრდის დამაჩქარებელი ეფექტი .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, შეფასდება თქვენი მდგომარეობა და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხებიც.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა