ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)

ახალი კარდიოლოგიური კვლევა კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია კარდიოლოგიაში, რომელიც გულის პათოლოგიური ცვლილებების დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. (TEE) ულტრაბგერის საშუალებით ტარდება და შესაბამისად, პაციენტი სხივურ დატვირთვას არ განიცდის.

კვლევის მეთოდის შესახებ დაწვრილებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ექიმი-კარდიოლოგი ინგა ჟვანია გვესაუბრება:

-ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია გულის მცირეინვაზიური, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევაა. ულტრაბგერითი გადამწოდი, ე.წ. მოქნილი ზონდი, შეგვყავს საყლაპავ მილში გულის დონეზე. საყლაპავის გულთან სიახლოვის გამო, ამ გზით გულის უფრო ზუსტ გამოსახულებას ვიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივი, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით, რადგან გულმკერდის კუნთები, ნეკნები, კანქვეშა ცხიმი თუ ფილტვის ქსოვილი აბრკოლებს ულტრაბგერის გულამდე მიღწევას და ზოგიერთ შემთხვევაში ართულებს გულის სტრუქტურების ვიზუალიზაციას და სრულფასოვან დიაგნოსტირებას.

-როდის, რა შემთხვევაში ტარდება ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია?

-გულის სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფასებლად სრულფასოვან ინფორმაციას გვაწვდის ტრადიციული, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიული კვლევა, თუმცა ზოგჯერ გულის სტრუქტურის განსაკუთრებული სიზუსტით გამოსახვაა საჭირო. სწორედ ამ დროს უპირატესობა TEE–ს ენიჭება. მაგალითად, მისი მეშვეობით ვიღებთ მარცხენა წინაგულის ყურის სრულფასოვან გამოსახულებას, სადაც ხშირად ყალიბდება თრომბული მასები, განსაკუთრებით არითმიის დროს. ეს კი, ზრდის თრომბული მასის მოწყვეტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების რისკს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გამოკვლევა აუცილებელია კარდიოვერსიის, გულის რიტმის აღსადგენი პროცედურის ჩატარებამდე. ამას გარდა, იგი გულის სარქვლოვანი აპარატის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ის გამოირჩევა ინფორმაციულობით, როდესაც საეჭვოა ენდოკარდიტი ან გულში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა. გამოიყენება შეძენილი და თანდაყოლილი მანკების, გულმკერდის აორტისა და მისი კედლების შესაფასებლად. ასევე, TEE კვლევის ჩატარება შესაძლებელია ღია გულზე ოპერაციის და ინტრაკარდიული ტრანსკათეტერული პროცედურების დროს.

-როგორ ტარდება (TEE) კვლევის პროცედურა?

-ისევე, როგორც გასტროსკოპიული გამოკვლევა, TEE-ც უზმოზე ტარდება. პაციენტს, სულ მცირე, ექვსი საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები და სითხე. კვლევა 20-30 წუთი გრძელდება და არ არის მტკივნეული. ექიმს ზონდი საჭირო დონემდე შეჰყავს საყლაპავში და მონიტორზე ვიღებთ გულის გამოსახულებას რეალურ რეჟიმში. საჭიროებისამებრ, გამოკვლევა შეიძლება, ჩატარდეს ლოკალური ანესთეზიისა და სედაციის ფონზე.

-რა რისკები ახლავს კვლევას?

-კვლევის მიმდინარეობისას უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები. მცირე ალბათობით, მაგრამ მაინც შესაძლოა, დაზიანდეს კბილები, საყლაპავი, კუჭის ლორწოვანი გარსი. გამორიცხული არ არის, საანესთეზიო საშუალებებმა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, განვითარდეს სუნთქვის გაძნელება, არითმია. თუმცა, საერთო ჯამში, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკი 0.1%–ზე ნაკლებია.

-რა ღონისძიებები ტარდება გამოკვლევის შემდეგ?

-პროცედურის შემდეგ ფასდება პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები და მასზე დაკვირვება სედაციური მედიკამენტების მოქმედების დასრულებამდე გრძელდება. პაციენტმა 2-3 საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს საკვებისა და სითხის მიღებისგან, კლინიკა დატოვოს  თანმხლებ პირთან ერთად და 24 საათის გასვლამდე არ მიუჯდეს საჭეს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!