მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება ორმაგი მობილობის ენდოპროთეზის გამოყენებით და მისი უპირატესობები
ენდოპროთეზირება მკურნალობის ის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს, რომლის დროსაც სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციონირებს.
ენდოპროთეზირების ორმაგი მობილობის შესახებ გვესაუბრება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ტრავმატოლოგი მიხეილ ფერიაშვილი.
-რა არის ენდოპროთეზირება და რას გულისხმობს თანამედროვე მიდგომები?
-ორთოპედიაში ეს არის ადამიანის რომელიმე დაავადებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით, მისი თანამედროვე მიდგომა კი გულისხმობს, პაციენტის ქმედუნარიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენას, ოპერაციული რისკებისა და შემდგომი გართულებების შემცირების ხარჯზე.
-რა შემთხვევაშია აუცილებელი ენდოპროთეზირება?
-აღნიშნული მეთოდით მკურნალობა აუცილებელია, როცა დარღვეულია ქვემო კიდურის ფუნქცია, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, ხოლო კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ზემოაღნიშნულ მდგომარეობას იწვევს როგორც ტრავმული დაზიანება, ისე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებები, როგორიცაა სახსრის ართროზი და ოსტეოპოროზი.
-რას გვეტყვით ენდოპროთეზის სახეებისა და მასალის კომპონენტების შესახებ?
-პათოლოგიის ადგილმდებარეობისა და მისი ტიპის მიხედვით შეიძლება, გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის პროთეზი. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ართროზის (კოქსართროზი) მკურნალობისათვის გამოიყენება სტანდარტული ან ორმაგი მობილობის ენდოპროთეზი, რომელიც მზადდება ქიმიურად და ბიოლოგიურად ინერტული მეტალების შენადნობისგან, როგორიცაა ტიტანი და უჟანგავი ფოლადი. ასევე, პროთეზის ზოგიერთი კომპონენტი შედგება კერამიკისა და მაღალმოლეკულური პოლიეთილენისგან, რაც ამცირებს მათ ცვეთას და ზრდის პროთეზის ე.წ. მომსახურების ვადას.
-რომელი კლინიკური კვლევები ტარდება დიაგნოსტირებისთვის?
-ჩონჩხოვანი სისტემის პათოლოგიების გამოსავლენად გამოიყენება ისეთი რადიოლოგიური კვლევები, როგორიცაა:
- რენტგენოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- დენსიტომეტრია.
ასევე, დამატებით შესაძლოა, ძვლის ასეპტიკურად მიმდინარე ნეკროზების გამოსავლენად, ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამ დროს, ძვლის მკვდარი უბანი ნელ-ნელა გაიწოვება და მის ადგილას ხდება ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩალაგება, რის შედეგადაც ვითარდება ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით ხშირია პერტესის დაავადების გადატანის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, ასევე, ტრავმის შემდგომ პერიოდში.
-რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი ხელოვნური სახსრის გამოყენება?
-ნებისმიერი სახსრის ჩანაცვლება ენდოპროთეზით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ქვეითდება პაციენტის შრომისუნარიანობა, რაც სოციალიზაციის პროცესზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამ ოპერაციების ჩატარების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს როგორც კიდურის საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენა, ისე რესოციალიზაცია. პაციენტს აქვს შესაძლებლობა, ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს, ყოველდღიურ საქმიანობას, ტკივილისა და შეზღუდვების გარეშე.
-რა არის ორმაგი მობილობის იმპლანტი?
-ორმაგი მობილობის იმპლანტი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზის თანამედროვე მოდელი. სტანდარტული მობილობის პროთეზთან შედარებით, ის იძლევა ქვედა კიდურის მოძრაობის უფრო ფართო ამპლიტუდას და მისი ამოვარდნის შანსი დაყვანილია მინიმუმამდე. ჩვეულებრივი პროტეზისაგან განსხვავებით, ორმაგი მობილობის ენდოპროთეზი ზრდის სახსრის მოძრაობის დიაპაზონს 187 გრადუსამდე, როცა ჩვეულებრივი პროთეზი 90-გრადუსიანი კუთხითაა შეზღუდული. ამ კომფორტის საშუალებით, პაციენტებს აღარ ეკრძალებათ ისეთი მოძრაობებისგან თავის შეკავება, როგორიცაა:
- დაბალ სკამზე დაჯდომა;
- კიბეზე ასვლა ან ჩამოსვლა;
- ხანგრძლივი სიარული და დატვირთვა;
- სპორტული აქტივობა;
- როტაცია.
-საჭიროებს თუ არა პაციენტი ენდოპროთეზირებისთვის წინასაოპერაციო მომზადებას?
-ქირურგიული ჩარევისთვის საჭიროა სტანდარტული წინასაოპერაციო მომზადება. ტარდება ყველა ის ლაბორატორიული და რადიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლში გლუკოზის განსაზღვრა;
- ინფექციები (ჰეპატიტების კვლევა, აივ ინფექცია);
- ელექტროკარდიოგრამა.
ასევე, პაციენტებმა არ უნდა მიიღონ საკვები ოპერაციის წინა საღამოს 20:00 საათის შემდეგ, სითხე 24:00 საათის შემდეგ, ხოლო ალკოჰოლი ოპერაციამდე 72 საათის განმავლობაში.
ოპერაციის დაწყებამდე ტარდება ანტითრომბოზული პროფილაქტიკური თერაპია.
პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოლოგიური, ნევროლოგიური ან სხვა ვიწრო სპეციალობის ექიმთა ჩართულობა, წინასაოპერაციო უტარდებათ მათივე კონსულტაციების საფუძველზე.
-რამდენ ხანს ატარებს პაციენტი კლინიკაში და რა დროს მოიცავს რეაბილიტაციის პერიოდი?
-სტანდარტული პოსტოპერაციული პერიოდი, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ენდოპროთეზირების შემდეგ, მოითხოვს პაციენტის სტაციონარში დაყოვნებას 5 დღის განმავლობაში. ოპერაციიდან მესამე დღეს იწყება პაციენტის გააქტიურება და დამოუკიდებლად გადაადგილება პალატის ფარგლებში, ხოლო შემდგომი რეაბილიტაცია გრძელდება ამბულატორიულ პირობებში, მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
-როგორია ორმაგი მობილობის იმპლანტის გამძლეობის საშუალო ხანგრძლივობა?
-ორმაგი მობილობის იმპლანტის გამძლეობის საშუალო ხანგრძლივობა 20-25 წელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რამდენად შეასრულებს პაციენტი ექიმის მითითებებს ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში და ოპერაციის შემდეგ! ყველა პაციენტს, მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების შემდეგ გადაეცემა გასათვალისწინებელი, აუცილებელი რეკომენდაციების ჩამონათვალი.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ისარგებლებთ სხვადასხვა ფასდაკლების აქციით, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად გამოვლინდეს პათოლოგია და განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
გთავაზობთ ტრავმატოლოგ–ორთოპედის უფასო კონსულტაციას
დაგვიკავშირდითნომერზე (032) 2 12 25 25 ან (+995) 577 059 900!
გისურვებთ ჯანმრთელობას!