კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” ჩატარდა ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის ეგიდით ორგანიზებული ყოველთვიური შეხვედრა.
ღონისძიების უშუალო მონაწილეები და მომხსენებლები იყვნენ სხივური თერაპიის ამერიკელი ექსპერტები ემორის უნივერსიტეტიდან – პროფესორები პიტერ ჯონსტონი, ჯეი შელტონი და ნათია ესიაშვილი.
შეხვედრაზე პროფესორებმა ყურადღება გაამახვილეს ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინურ მართვასა და იმაზე თუ ის რა გავლენას ახდენს მკურნალობის საბოლოო შედეგზე.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა. ბატონმა ბესიკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის დიდი სიხარულით უმასპინძლებს მსგავს მნიშვნელოვან ღონისძიებას და რომ კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტისთვის სასარგებლოა ამერიკული გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიებაზე ბატონმა პიტერ ჯონსტონმა წარმოადგინა პრეზენტაცია უროგენიტალური ონკოლოგიური დაავადებების რადიოთერაპიული მკურნალობის შესახებ, ბატონმა ჯეი შელტონმა მოგვითხრო ონკოგინეკოლოგიური დაავადებების რადიოთერაპიულ მკურნალობაზე, ხოლო ქალბატონ ნათია ესიაშვილის თემა გახლდათ ლიმფომების რადიოთერაპიული მკურნალობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის საინტერესო კლინიკური შემთხვევები.
მომდევნო დღეს ემორის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაათვალიერეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი და უფასო კონსულტაცია ჩაუტარეს ონკოლოგიურ პაციენტებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მდიდარი ტრადიციების მქონე მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც დიაგნოსტირება და მკურნალობა უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
კლინიკაში სიახლეა – ფუნქციობას იწყებს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, მაღალი სტანდარტის რადიოთერაპიულ მკურნალობას.
თითოეული პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის და დასხივების გეგმის შედგენა მოხდება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექსპერტების, აშშ–ის ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსის, პროფესორის, ნათია ესიაშვილის და ესპანეთის Genesis Care–ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტის, ESTRO-ს საერთაშორისო რადიოთერაპევტთა საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია ჯუღაშვილის მიერ.
რადიოთერაპია განხორციელდება Varian-ის ფირმის TrueBeam სხივური ამაჩქარებლით. პაციენტების დაგეგმარება კი მოხდება როგორც კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Large Bore CT–ზე, ასევე GE-ს ფირმის Discovery PET სკანერზე.
საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოში იმკურნალონ და ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად ისარგებლონ ონკოლოგიაში არსებული ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რის გამოც უცხოეთში გამგზავრება უწევდათ. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა სრული ონკოლოგიური მომსახურება მიიღონ სამშობლოში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!