გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა და გაფრთხილება სჭირდება.
ინფარქტი, გულის შეტევა მწვავე კორონარული სინდრომის ყველაზე მძიმე ფორმაა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმდენად გახანგრძლივებულია დისბალანსი მიოკარდიუმისათვის სისხლის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, რომ ვითარდება გულის კუნთის შეუქცევადი ნეკროზი (კვდომა).
მწვავე კორონარული სინდრომი (სინდრომები) სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ეს პათოლოგია კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოვლინდეს. არსებობს როგორც არასტაბილური სტენოკარდიის, ისე გულის კუნთის მასიური ინფარქტის განვითარების რისკი, შესაბამისად, გულის სისხლძარღვთა დაავადების ნაადრევ გამოვლენასა და პროფილაქტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი, ტრედმილი, სარბენი ბილიკი
ელექტროკარდიოგრაფიული დატვირთვის ტესტი (ერთგვარი სარბენი ბილიკი, გარკვეული სიჩქარით მოძრავი ბილიკი, რომელზეც პაციენტი დადის და სწორედ ფიზიკური დატვირთვის პროცესში ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა) მოწოდებულია მიოკარდიუმის იშემიის დასადგენად ან შესაფასებლად გიდ-ის (გულის იშემიური დაავადება) მქონე პაციენტებში ან პირებში, რომლებიც საეჭვოა გიდ-ზე.
ვინ უნდა ჩაიტაროს დატვირთვის ტესტი, ისარგებლოს ტრედმილით, სარბენი ბილიკით
რეკომენდებულია:
- გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების მქონე პაციენტებისთვის;
- დიაბეტით დაავადებული უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომლებიც აპირებენ ვარჯიშს დიდი დატვირთვებით;
- სპეციფიკური პროფესიის მქონე 40 წელს გადაცილებული უსიმპტომო მამაკაცებისთვის, მაგალითად, ავტობუსის მძღოლები, მფრინავები;
- პაციენტები, რომლებზეც ვეჭვობთ დატვირთვით გამოწვეული არითმიების არსებობას.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი თეკლა ივანიშვილი.
– ქალბატონო თეკლა, რას გვეტყვით ინფარქტის სიმპტომებზე?
– გულის შეტევისთვის დამახასიათებელია ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით მარცხენა ბეჭში, მკლავში, ყბაში. ტკივილი იწყება სწრაფად და იმდენად მკვეთრად მატულობს მისი ინტენსივობა, რომ პაციენტს ასხამს ცივი ოფლი და უჩნდება სიკვდილის შიში. სტენოკარდიისგან განსხვავებით, ტკივილი მოსვენებისას არ მსუბუქდება, ხოლო ნიტროგლიცერინის მიღება ძალიან უმნიშვნელო შეღავათს აძლევს.
– რა უნდა ვიცოდეთ ინფარქტის გამომწვევ მიზეზებსა და რისკ–ფაქტორებზე?
– ინფარქტის, გულის შეტევის გამომწვევი მიზეზია კორონარულ არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქის გახეთქვა და სანათურში თრომბის ფორმირება, რის შედეგადაც მოცემული სისხლძარღვის სანათური მთლიანად ან ნაწილობრივ იხშობა და გულის კუნთის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგება წყდება, ან მკვეთრად მცირდება.
გულის შეტევის რისკ–ფაქტორები, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს:
- დისლიპიდემია (სისხლში ქოლესტერინის დონის ცვლილება);
- თამბაქოს მოხმარება;
- ჰიპერტენზია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- სიმსუქნე (განსაკუთრებით მუცლის ტიპის);
- არააქტიური ცხოვრების წესი.
– რამდენად შესაძლებელია ტრედმილით მოსალოდნელი ინფარქტისგან თავის დაცვა და რატომ ითვლება ეს მოწყობილობა გულის შეტევის პრევენციის ერთ–ერთ საშუალებად?
– კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ინგლისური წარმოების, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი BTL სისტემის სტრეს ტესტის მოწყობილობა.
ტრედმილი, სარბენი ბილიკი არის საუკეთესო საშუალება დროულად გამოვავლინოთ მიოკარდიუმის იშემია, შევაფასოთ მისი სიმძიმე და მოვახდინოთ ამ მძიმე დაავადების პროფილაქტიკა.
– ქალბატონო თეკლა, როგორ მიმდინარეობს კვლევა?
– ტესტის პრინციპი ეფუძნება ფიზიოლოგიურ მექანიზმს, რომლის დროსაც გულის მუშაობისას მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული ბალანსი მიოკარდიუმისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. დაუზიანებელი სისხლძარღვების შემთხვევაში, დატვირთვის მომატებისას, სისხლძარღვები ფართოვდება და გულის სისხლმომარაგება იზრდება (დადგენილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, კორონარული სისხლის ნაკადი, მისი მოსვენების დონესთან შედარებით 5-ჯერ მატულობს), თუმცა ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში, სისხლძარღვები ვერ ფართოვდება, ვეღარ უზრუნველყოფს გულის კუნთს მომატებული სისხლმომარაგებით და ჟანგბადის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი ირღვევა. სწორედ ამ დროს პაციენტს უვითარდება სიმპტომები, ხოლო ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება შესაბამისი ცვლილებები.
საწყისი ეტაპი მოიცავს სიარულს სწორ ზედაპირზე (0 გრად. დახრილობით) და 1.7 მილი/სთ სიჩქარით, რომელიც თანდათან იზრდება, 3 წუთში ერთხელ. დატვირთვისას შესრულებული სამუშაო ფასდება მეტაბოლური ეკვივალენტებით, MET-ით. 1 MET ასახავს ენერგიის დანახარჯს მოსვენებულ მდგომარეობაში და შეესაბამება ორგანიზმის მიერ დახარჯული ჟანგბადის რაოდენობას 3,5 მლ/კგ/წთ-ის ოდენობით, ხოლო ინდექსი ჯერადია ამ მოსვენების მდგომარეობაში გამოყენებული ენერგიისა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი ასრულებს 10 ან მეტი MET-ის სამუშაოს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს ნორმა მცირდება. ჩვეულებრივ დატვირთვის მაქსიმუმს ანგარიშობენ მოცემული ასაკისთვის გულისცემის სიხშირის ზღვრულ დონემდე მიღწევის მიხედვით, ანუ რიცხვ 220-ს ვაკლებთ პაციენტის ასაკს. თუ ამ ზღვრულ დონემდე მიღწევისას პაციენტს გამოუვლინდა სიმპტომები, რაც ელექტროკარდიოგრამაზე აისახება შესაბამისი ცვლილელებით, ტესტი ითვლება დადებითად, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი უარყოფითია.
– რა ტიპის პათოლოგიებისა თუ დაავადებების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს დატვირთვის ტესტი?
– ტესტის უპირატესობაა ის, რომ დატვირთვის მსვლელობისას ტარდება გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის მონიტორინგი. საშუალება გვეძლევა, რომ უწყვეტად დავაკვირდეთ ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერს და დავადგინოთ ისეთი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, როგორიცაა st სეგმენტის დეპრესია ან დატვირთვასთან ასოცირებული რიტმისა და გამტარებლობის დარღვევები.
– დატვირთვის ტესტამდე რა ტიპის გამოკვლევები ესაჭიროება პაციენტს?
– პაციენტს დატვირთვამდე 2-3 საათით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები, არ უნდა მოსწიოს თამბაქო და 12 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს შესრულებული მძიმე ფიზიკური სამუშაო. პაციენტმა დროებით უნდა შეწყვიტოს ისეთი პრეპარატების მიღება, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტესტის შედეგზე.
პროცედურამდე საჭიროა პაციენტის მოკლე ანამნეზის შეკრება და აუსკულტაციური გამოკვლევა, რათა დავრწმუნდეთ მისი მდგომარეობის სტაბილურობაში. პაციენტს დაწვრილებით ვუხსნით ტესტის მსვლელობის შესახებ ინსტრუქციას, ვაფრთხილებთ შესაძლო გართულებების შესახებ.
ტესტის წინ პაციენტს უნდა გადავუღოთ 12-განხრიანი ელექტროკარდიოგრამა ჯერ მწოლიარე მდგომარეობაში, შემდგომ ფეხზე დგომისას და ჰიპერვენტილაციის (ღრმა და გახშირებული სუნთქვა) შემდგომ.
რესპირაციის, გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის ცვლილების ხასიათი, დატვირთვის ინტენსივობის მიღწეული დონე საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად შევაფასოთ კარდიოვასკულური კონდიცია და ფუნქციონირება.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგს თეკლა ივანიშვილს ნომერზე 597 33 09 06.
გისურვებთ ჯანმრთელობას!