კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი თეონა ყანდინაშვილი
სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის D ვიტამინი?
- რა როლი აკისრია D ვიტამინს და რომელი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს მისი დეფიციტი?
- ვინ მიეკუთვნება D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ-ჯგუფებს?
- როგორ ხდება D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირება?
- რომელი პროდუქტები შეიცავს D ვიტამინს?
- სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა ჩავიტაროთ D ვიტამინის ანალიზი.
რა არის D ვიტამინი?
D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მნიშნვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქიონირებისათვის. მის უდიდეს ნაწილს ჩვენი ორგანიზმი მზის სხივების დახმარებით იღებს. სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონადაც განიხილავს და ბევრ სამედიცინო ლიტერატურაში D ჰორმონის სახელითაც შევხვდებით, რადგან ჩვენს ბევრ უჯრედს აქვს მისი დამაკავშირებელი რეცეპტორები. D ვიტამინის დეფიციტი უფრო ხშირად აღინიშნება ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში, რადგან ამ დროს ნაკლებია მზის სხივების ზემოქმედება.
D ვიტამინის ნორმალური დონე სისხლში ახდენს უამრავი დაავადების პრევენციას, მათ შორისაა:
- ოსტეოპოროზი;
- კარდიოვასკულური დაავადებები;
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
- სიმსივნური დაავადებები;
- გაფანტული სკლეროზი.
ახლა კი, მოგახსენებთ D ვიტამინის დეფიციტის ძირითად მიზეზებსა და სიმპტომებზე. ასევე იმაზე, თუ როგორ ხდება მისი დეფიციტის გამოვლენა.
რა როლი აკისრია D ვიტამინს და რომელი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს მისი დეფიციტი?
D ვიტამინი აუცილებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. იგი ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმის და ფოსფორის შეწოვას, მის გარეშე საკვებით მიღებული კალციუმის მხოლოდ 10-15% შეიწოვება, ხოლო ფოსფორის 60%. ამიტომ ძვლების სიჯანსაღისთვის აუცილებელია D ვიტამინის ნორმალური დონე სისხლში. ზოგჯერ, ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ძვლის მინერალური სიმკვრივე თვლიან, რომ ჭირდებათ კალციუმის დანამატის მიღება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით. ამ დროს გაზრდილია ძვლების მოტეხილობის რისკი. D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება, გამოიწვიოს ძვლების და წელის ტკივილი.
D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის ფორმირებაში, იგი ასტიმულირებს ორგანიზმში ე.წ „ბუნებრივი ანტიბიოტიკების’’, კათლიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას და ავლენს ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ მოქმედებას. ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მის დეფიციტს ახასიათებს, არის სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ხშირი ავადობა. COVID 19 პანდემიის პერიოდში უფრო აქტიურად საუბრობენ მასზე, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორზე, კოვიდინფიცირებულ, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში მაღალია სუნთქვის უკმარისობის, რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკი.
დაღლილობა
მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. სისხლში D ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
შფოთვა და დეპრესია
დეპრესიული განწყობა შეიძლება იყოს D ვიტამინის დეფიციტის ნიშანი. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის მიცემა დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის ხელს უწყობს დეპრესიის გაუმჯობესებას სეზონური დეპრესიის ჩათვლით, რომელიც ჩვეულებრივ ცივ თვეებში ვითარდება.
თმის ცვენას ხშირად სტრესს მიაწერენ, რაც, რა თქმა უნდა, გავრცელებული მიზეზია. თუმცა, როდესაც თმის ცვენა ძლიერია, ეს შეიძლება, იყოს დაავადების ან საკვები ნივთიერებების დეფიციტის შედეგი. ხშირად, ქალებში თმის ცვენა დაკავშირებულია D ვიტამინის დაბალ დონესთან.
ვინ მიეკუთვნება D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ-ჯგუფებს?
D ვიტამინის დეფიციტის მქორე რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან:
- ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ მზის სხივებს საკმარისი რაოდენობით;
- დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში;
- აცვიათ დახურული ტანსაცმელი;
- იყენებენ მზის დამცავ კრემებს SPF-ის მაღალი შემცველობთ;
- იმყოფებიან ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტაზე;
- არ იღებენ თევზს;
- ხანდაზმული ასაკის პირები.
როგორ ხდება D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირება?
ექიმის მიერ შეკრებილი უნდა იყოს დეტალური ანამნეზი სიმპტომების, ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, უნდა გაირკვეს იღებს თუ არა სხვა რაიმე მედიკამენტს პაციენტი, რადგან ზოგიერთი წამალი D ვიტამინის შეწოვას უშლის ხელს.
დიაგნოზი ისმება სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრით. ანალიზის შედეგის მიღების შემდეგ, პაციენტის ასაკის და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, ინიშნება D ვიტამინის შესაბამისი დოზა.
რომელი პროდუქტები შეიცავს D ვიტამინს?
- ცხიმიანი თევზები: ორაგული, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია;
- სოკო;
- კვერცხის გული;
- რძე.
სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა ჩავიტაროთ D ვიტამინის ანალიზი:
- ძვლების და კუნთების ტკივილი;
- იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ავადობა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- დეპრესია;
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
- თმის ცვენა.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!