კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ ორსულებს სრულ სერვისსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს
ორსულობა ადამიანის ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც, პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. აუცილებელია მშობელმა შვილზე ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდან დაიწყოს. ნაყოფის ნორმალური განვითარების ერთ–ერთი მთავარი პირობა ანტენატალური მეთვალყურეობა ანუ ექიმთან ვიზიტები გახლავთ, რათა ვაკონტროლოთ ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები.
ანტენატალური სერვისის შესახებ გვესაუბრება კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მიმართულების ხელმძღვანელი, თათია ცხომელიძე.
- ორსულობის რომელ კვირაზე უნდა მიმართოს ორსულმა ექიმს?
– ექიმთან კონსულტაცია, სასურველია, ორსულობის მე–13 კვირამდე, ასევე, სასურველია, ორსულობის დიაგნოსტირება და ვადის დადგენა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ვინაიდან ჩასახვის პირველი კვირები უფრო მეტად საპასუხისმგებლო და კრიტიკულია.
– რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო ორსულობის ადრეულ ვადაზე?
– სწორედ პირველ თვეებში ყალიბდება ნაყოფის ორგანოები, ამიტომ სწორი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთ-ერთი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის საშუალებითაც იკვლევენ ნაყოფს. ექოსკოპიით შესაძლებელია სხვადასხვა პათოლოგიის ვიზუალიზება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვიყენებთ General Electric–ის უახლეს ექოსკოპიის აპარატს – Voluson E10, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მას ახალ ლეგენდასაც კი უწოდებენ. Voluson E10 საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ პაციენტი 2D, 3D, 4D რეჟიმში და მივიღოთ ნაყოფის გამოსახულება რეალურ დროში. საგრძნობლად გაიზარდა 4D კვლევის მნიშვნელობა, რადგან იგი ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიის ადრეული ვადიდან გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს.
– რომელი გამოკვლევები ეკუთვნით ორსულებს უფასოდ?
– ორსულებს ეკუთვნით 8 უფასო ვიზიტი ექიმთან. ვიზიტები მოიცავს კვლვევებს, რაც ასევე უფასოა. ვაუჩერით იფარება:
- მეან-გინეკოლოგის 8 კონსულტაცია;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის კულტურალური გამოკვლევა;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
- რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ქალებში პირველ და მესამე ანტენატალურ ვიზიტზე;
- სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ-ინფექცია და სიფილისი);
- ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველ და მეორე ანტენატალურ ვიზიტზე უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიის აპარატით – Voluson E 10;
- გლუკოზის ტოლერანტობის მცირე ტესტი;
- შარდში ცილის განსაზღვრა მე–6 ანტენატალურ ვიზიტზე;
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რისკ–ჯგუფის ორსულებს ჩაუტარდებათ უფასო გენეტიკური სკრინინგი.
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია მომსახურების სრული სპექტრი: ორსულობის დაგეგმვა, ორსულობის წარმართვა, მშობიარობა და ახალშობილთა მოვლა – ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ორსული ქალბატონი პირველივე ვიზიტიდან ეცნობა და ეჩვევა იმ გარემოს, სადაც უნდა იმშობიაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– დამატებით რომელი გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი ორსულობის დროს?
– საქართველო იოდოდეფიციტის ენდემური კერაა. ანტენატალური მეთვალყურეობის დროს საჭიროა მრავალი კვლევის ჩატარება, მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლისა და მასთან დაკავშირებული პათოლოგიების დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა. ასევე, მნიშვნელოვანია ორსულებში გესტაციური ანუ ორსულობასთან ასოცირებული დიაბეტის მართვა და წონის კონტროლი. ორსულობის დროს წონის ზედმეტი მატება ბევრ გართულებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჩვენს კლინიკაში პაციენტის ორსულობას მეან-გინეკოლოგთან ერთად კვალიფიციური ენდოკრინოლოგი წარმართავს.
საქართველოში ასევე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია (ზოგიერთ რეგიონში მისი მაჩვენებელი 70-75%-საც კი აღწევს), ამიტომ ჰემოგლობინის გარკვეული პერიოდულობით შემოწმება, ჰემატოლოგისა და მეან-გინეკოლოგის ერთობლივი დაკვირვება ორსულთა სისხლის მდგომარეობაზე შესაძლო დაავადებების დროული დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის საშუალებას იძლევა. ჩვენი კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტი მუშაობს გუნდური პრინციპით, ორსული სრული სერვისით არის უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, თბილ და კომფორტულ გარემოშია.
– რას გვეტყვით უშუალოდ მშობიარობაზე?
– იმისთვის, რომ მშობიარობა კომფორტული იყოს, აუცილებელია მეანობის თანამედროვე და ძირითადი პრინციპების დაცვა. ქალი და მისი ახლობლები სრულყოფილად უნდა იყვნენ ინფორმირებული მშობიარობის პროცესის შესახებ. მე-20 საუკუნის ბრიტანელი მეანის, გრენტლი დიქ-რიდის, ცნობილი სამკუთხედი ,, შიში-დაძაბულობა-ტკივილი“ ასახავს სწორედ იმ სამი ფაქტორის ურთიერთქმედებას, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ნაკლებად ეშინია ქალს, მით უფრო ნაკლებადაა ის დაძაბული და, შესაბამისად, უფრო მცირეა ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს. მშობიარე თავს კომფორტულად და კარგად მისთვის ნაცნობ გარემოში გრძნობს, ამიტომ პაციენტი პირველივე დღიდან ეცნობა და ეჩვევა იმ გარემოს, სადაც უნდა იმშობიაროს. ჩვენი კლინიკა სრულ კომფორტს უქმნის ქალებს ამ ურთულესი პროცესის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!