კოვიდკლინიკა ორსულებისთვის
კლინიკა “ახალი სიცოცხლე” უკვე 10 თვეა, რაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იბრძვის. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ამ ხნის განმავლობაში, კლინიკამ 910 ინფიცირებული მიიღო. მათგან 275 (30%) იყო კრიტიკულად მძიმე და მძიმე, 635 (70%) კი, საშუალო სიმძიმის. კრიტიკულად მძიმე პაციენტებში მთავარი სირთულე, კოვიდინფექციასთან ერთად, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია იყო. სწორი მკურნალობისა და პროტოკოლების სრული დაცვის შედეგად, 732-მა ინფიცირებულმა კორონავირუსი დაამარცხა. სხვა ვირუსიანები კი, განაგრძობენ მკურნალობას.
ქრონიკული პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ჰემატოლოგიური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები. მათი ქრონიკული დაავადების გამო, გართულების ალბათობა მაღალია, მკურნალობის პროცესი კი, საკმაოდ გახანგრძლივებული.
კლინიკაში ინფიცირებულთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან: თერაპევტები, კარდიოლოგები, ინფექციონისტები, ნევროლოგები, რეანიმატოლოგები, მეან-გინეკოლოგები, ლაბორატორიული სერვისის და რადიოლოგიის, აგრეთვე, სხვა სპეციალობის თანამშრომლები. ასევე, საჭიროებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში, ხელმისაწვდომია ყველა დამატებითი სპეციალისტის კონსულტაცია.
ბოლო დროს, დაფიქსირდა გართულების მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებში. კოვიდის დიაგნოზით კლინიკაში შემოვიდა რამდენიმე სრულად ვაქცინირებული პირიც! თუმცა, ვირუსის მართვისა და პაციენტების მკურნალობის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
რეანიმაციულ განყოფილებაში, დინამიკაში ჩატარებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის პასუხების საფუძველზე ხდება დანიშნულების მოდიფიცირება. სუნთქვის მწვავე უკმარისობის კორექცია ხორციელდება HighFlow და CPAP/NIV რეჟიმებით, უკიდურეს შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სპონტანური სუნთქვის პარამეტრების ნორმალიზება, ტარდება სასუნთქი გზების პროთეზირება და გამოიყენება მართვითი სუნთქვა. აქ მყოფ პაციენტებში ჭარბობს პნევმონიები, თრომბოზები. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობას უფრო ხშირად ართულებს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, უპირატესად კარდიოლოგიური და ენდოკრინული.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ერთი თვეა კოვიდის მკურნალობის პროცესში ჩაერთო სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტიც, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია 37 საწოლი. ამ ერთი თვის სტატისტიკით, სამეანო დეპარტამენტში უკვე შემოსულია ლაბორატორიულად კოვიდდადასტურებული 16 ორსული. განყოფილებაში ორსულთათვის სრული პირობებია შექმნილი. კლინიკაში ორსულობის და მშობიარობის დროს კოვიდ ინფექციის მართვა ხორციელდება კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო პროტოკოლით, რომელიც ემყარება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ისრაელისა და ჩინეთის ორსულობისა და მშობიარობის დროს კოვიდ-19 ინფექციის მართვის გაიდლაინებს.
სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტში მყოფი ორსული ქალებიდან გარკვეულ რაოდენობას დიაგნოსტირებული ჰქონდა ისეთი თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები, როგორიცაა:
- ფილტვის სარკოიდოზი;
- თანდაყოლილი თრომბოფილია;
- აივ ინფექცია (შიდსი);
- ანემია.
მათგან ორ შემთხვევაში მშობიარობა საკეისრო კვეთის გზით დასრულდა. 7 ორსული გაეწერა ბინაზე - სტაბილური მდგომარეობით, შესაბამისი რეკომენდაციებით.
ცნობილია, თუ როგორ ართულებს ნებისმიერი ქრონიკული დაავადება კოვიდთან ბრძოლას, თუმცა, ამ ეტაპზე პროფესიონალთა გუნდის მიერ წარმატებით დაიძლევა ყველა სირთულე და ორსული პაციენტების ნაწილი გამოჯანმრთელებული უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ამ დროისათვის, „ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსიანი პაციენტებისთვის 94 საწოლია გამოყოფილი. აქედან 44 მულტიპროფილური, 13 რეანიმაციული და 37 სამეანო.
უნდა ვახსენოთ, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას ტოვებენ დიდი მადლიერების გრძნობით და უმეტეს შემთხვევაში თავიანთ ემოციებს წერილობით გამოხატავენ. ასეთი წერილების რიცხვმა კი, უკვე ასეულს გადააჭარბა და ყველა მათგანი საპატიო ადგილს დაიკავებს კლინიკის მატიანეში .
დავასრულებთ იმით, რომ ქვეყანაში სწრაფი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი იმედს აჩენს, შემცირდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების და მათ შორის მძიმედ მიმდინარეობის რაოდენობა, თუმცა, კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამედიცინო პოტენციალი კვლავ დარჩება მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მადლობას უცხადებს ყველა პაციენტს ნდობისა და დაფასებისთვის და უსურვებს ხანგრძლივ ჯანმრთელობას!