
დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი გახლავთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია აბალოიძე.
მაია აბალოიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული განხრით. აქვს დამოუკიდებელი საქმიანობის სერტიფიკატი, როგორც ნეონატოლოგიაში, ისე პედიატრიაში.
გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, კვალიფიკაციის ამაღლების კურსი რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიაში. ასევე, გაიარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, UNICEF-ისა და საერთაშორისო ჯანდაცვის WILLSTAR INTERNATIONAL-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგები და სემინარები.
2017 წლიდან დღემდე არის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“, ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი.
– როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
– ექიმობა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან მომწონდა, სკოლის პერიოდში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი, ხოლო ჩემი დარგი - ნეონატოლოგია, ავირჩიე მესამე კურსზე, როდესაც შემეძინა პირველი შვილი და მივხვდი, რომ ასეთი პატარა ანგელოზების ექიმობა მინდოდა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
– ექიმობა ნიშნავს, გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდმივად ზრუნავდე სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ექიმობა მოითხოვს მზაობას, მუდმივ განვითარებას და ულევ ენერგიას, რომელსაც სჭირდება შინაგანი მოწოდება და ძალიან დიდი შრომა.
– რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
– პედიატრია-ნეონატოლოგია, ეს ის დარგია, სადაც გამოწვევა ბევრია, როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით. პროცესი სავსეა ბარიერებით, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ეს არ არის პროფესია, ეს უფრო სიყვარულია, რომლისთვისაც მუშაობ ძალიან ბევრს შენს გუნდთან ერთად, შედეგით კი, პატარა პაციენტთან ერთად ტკბები.
– ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
– იყო ექიმი – ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ექიმი დონორია ცოდნის, ენერგიის და გამოცდილების დონორია, ასევე, სიყვარულისა და სითბოს გამცემია. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა რწმენაზე დაფუძნებული დაავადების დამარცხების უცილობელი გარანტიაა. მიზნის მისაღწევად აუცილებელია მონდომება და მოთმინება. არასდროს ვიხევ უკან, მიუხედავად დიდი სირთულეებისა და სტრესისა. ბევრს ვშრომობ, თავს არ ვზოგავ. ვფიქრობ, რომ შრომა და ჩემი ახლობლების მხარდაჭერაა ის, რაც ყოველთვის მიმიყვანს დასახულ მიზნამდე. მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან მუდამ ძიებაში ვარ და ხშირად ვიმარჯვებ.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
– ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და შრომისუნარიანობაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის წარმატებას. ვურჩევ, იყვნენ მომთმენნი, გულთან მიიტანონ პაციენტის პრობლემები და რა თქმა უნდა არ დაივიწყონ - ცნება „არ ავნო“.
– რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე - COVID-19?
– ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. ზედმიწევნით გაითვალისწინეთ ზოგადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები. ძალიან დიდ იმედი მაქვს, ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება მსოფლიო უახლოეს მომავალში.
– როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
– ნეონატოლოგია - მეცნიერების დიდი და რთული დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება. წარმატება იცით რა იქნება? როცა არ იარსებებს განუკურნებელი ბავშვი და დაუსმელი დიაგნოზი. ჩემი წარმატების მაჩვენებელი იქნება - ბევრი გადარჩენილი ახალი სიცოცხლე!
გისურვებთ ჯანმრთელობას!