
დღეს ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მამოლოგი ბესიკ აბშილავა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დიპლომისშემდგომი განათლება ონკოქირურგიისა და ონკოგინეკოლოგიის მიმართულებით გერმანიასა და უკრაინაში მიიღო. ქირურგიის ეროვნული ცენტრის წევრი კი თითქმის ორი წლის წინ გახდა.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-ონკოლოგიით სტუდენტობიდან ვიყავი დაინტერესებული. მიუხედავად მრავალრიცხვოვანი მასალისა და საინტერესო კლინიკური შემთხვევებისა, ამ დარგში უამრავი კითხვა პასუხგაუცემელია. ასევე, ძალიან საინტერესოა პაციენტების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პრობლემაც.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-პირველ რიგში, ექიმობა რაციონალური სიკეთის კეთებაა, რისთვისაც ბოლომდე ვიხარჯებით. ექიმობა პაციენტებთან ადამიანური და თბილი დამოკიდებულება, მათთვის სწორი მკურნალობის შერჩევა და მისი მართვაა.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, ონკოლოგიაში სიკვდიალიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მთავარ გამოწვევად სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება-გახანგრძლივება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რჩება.
-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
-ალბათ, როგორც ყველა ექიმის, ჩემი მიზანიც გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სიმრავლეა. ამას გარდა, ერთ-ერთი უმთავრესია სიმსივნის ადრეული ფორმების გამოვლენა და კიბოს დამარცხება!
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-მომავალმა ექიმებმა აუცილებლად ბევრი უნდა იკითხონ, გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას. რაც შეეხება პრაქტიკულ საქმიანობას, ამბიციასთან ერთად, დაფიქრება და სიფრთხილეა საჭირო. ასევე, იმის გააზრება, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი სიცოცხლის ტოლფასია!
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
-ვფიქრობ, ამ ვირუსისა და მისი მაღალი მუტაგენობის დამარცხების, ჯერჯერობით, ერთადერთი გზა ვაქცინაციაა!
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-დროსთან ერთად, კიბოს მკურნალობაში ქირურგიის პრიორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, განვითარების მწვერვალებს მიაღწევს მედიკამენტური და სხივური მკურნალობის მეთოდები. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ სოციალური დონის ამაღლებასთან ერთად, გაუმჯობესდება სიმსივნის ნაადრევი ფორმების გამოვლენის მაჩვენებელი და მინიმუმამდე დავა ონკოპაციენტთა სიკვდილიანობა.