ეპიდემიოლოგიას მიძღვნილი სიცოცხლე

ეპიდემიოლოგიას მიძღვნილი სიცოცხლე

ქალბატონი როენა მანჯგალაძე იუბილარია

დღეს ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი, როენა მანჯგალაძე. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ეპიდემიოლოგიას მიუძღვნა და რომელმაც მედიცინას თავისი სიცოცხლის ნახევარი საუკუნე დაუთმო. ქალბატონი როენას პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის თუ პაციენტების სიყვარული კოვიდ-19 პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. დღეს იუბილარია, 75 წელი შეუსრულდა და სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ მასთან სამახსოვრო ინტერვიუს:

-რატომ აირჩიეთ ეპიდემიოლოგია და როგორ გაიხსენებდით ამ სფეროში გატარებულ 50 წელს?

-1966 წელს ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და ლექციებზე ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია ეპიდემიოლოგიის საგანმა, რომელსაც  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. კონსტანტინე კაციტაძე გვასწავლიდა. ის ხშირად გვეუბნებოდა, რომ ეპიდემიოლოგიას, როგორც მეცნიერებას ეპიდემიებისა და ეპიდპროცესების შესახებ ჯერ კიდევ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, მაგრამ ეს დარგი უახლოეს მომავალში ძალიან საჭირო და პრიორიტეტული გახდებოდა. ამის მიზეზი კი ის იქნებოდა, რომ ინფექციური დაავადებები, მიუხედავად პროფილაქტიკური აცრების ჩატარებისა, მაინც არ მოისპობოდა მთლიანად, რადგან მათ ციკლური პერიოდულობა გააჩნია ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ და საჭირო გახდებოდა მათი მართვა და ეპიდღონისძიებების გატარება. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ექიმი- ეპიდემიოლოგი. ამას დაემატა ოჯახური ფაქტორიც, რომ დედა, ბიძა და მამიდა ექიმები იყვნენ.

20 წელი ვიმუშავე თბილისში სანეპიდსადგურში უბანზე და 1991 წელს მომენიჭა უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება. მის შემდეგ დღემდე ვმუშაობ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელად. ამ 50 წლის მანძილზე მუშაობას  ძირითადად დადებითად გავიხსენებ, მაგრამ გვქონდა რთული პერიოდებიც (დიფთერიისა და წითელას ეპიდაფეთქება) რის წინააღმდეგაც მალევე გატარდა სათანადო ღონისძიებები და ამჯერად, მოსახლეობა ყურადღებით ეკიდება პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას.

რაც შეეხება ჩემი მუშაობის წლებს, რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდები, მაგრამ მიზანდასახულობა ძალიან დამეხმარა მრავალი სირთულის გადალახვაში. მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიული განვლილი გზით, რომელზეც ბევრი კოლეგა და ახლო მეგობარი შევიძინე.

-როდის შემოვუერთდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

-1972 წელს, როდესაც მუშაობა დავიწყე, ყოველ კვარტალში ერთხელ, სამკურნალო დაწესებულებებში დავდიოდი ეპიდრეჟიმის შესამოწმებლად. ამ დროიდან იწყება ჩემი ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაც. ხოლო, უშუალოდ ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ეპიდემიოლოგი 2016 წლის მაისის თვიდან გავხდი.

-რას ფიქრობთ კოვიდ-19-ზე?

-დღეს სრულიად მსოფლიო კოვიდთან საბრძოლველადაა გაერთიანებული. საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მიუხედავად მეცნიერების და მთლიანად სამედიცინო მუშაკთა დიდი მიღწევებისა, ეს ვირუსი ჯერ კიდევ გვჯობნის. ცხადია, გაჩნდა იმედი, რაც ვაქცინაციის პროცესს უკავშირდება, მაგრამ უკეთესი ტემპია  საჭირო, რომ მოსახლეობის 70% აიცრას და შეჩერდეს პანდემია.

-როგორ უნდა დავამარცხოთ პანდემია?

როგორც ვხედავთ კოვიდპანდემიის დამარცხება ადვილი არ არის. ვიცით, რომ  ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მრავალი ბრძანება, განკარგულება და კოვიდრეგულაცია გამოსცა. თუ ამ პროტოკოლებს დავიცავთ, თუ საქართველოს მოსახლეობა დროზე მოვა გონს კოვიდ აცრების ჩატარების აუცილებლობაზე, პირბადის სწორად ტარებაზე, დისტანციის დაცვაზე, შეკრებებისა და წვეულებების დროებით აკრძალვასა და ხელის ჰიგიენის დაცვაზე, მაშინ, ვიმედოვნებ, რომ 2022 წლის ბოლოს კოვიდ პანდემია აღარ იარსებებს!

-როგორ წარმოგიდგენიათ ეპიდემიოლოგიის განვითარება მომავალში?

-უკეთესად, ვიდრე დღეს არის, ვინაიდან მომავალი ახალგაზრდების ნაწილს სურს მიიღოს განათლება ეპიდემიოლოგიაში. ახლაც გვყავს რამდენიმე ასეთი ეპიდემიოლოგი, რომლებიც გაერთიანებული არიან ინფექციონისტთა და ეპიდემიოლოგთა  სამეცნიერო საზოგადოებაში, აქვთ თავიანთი  წინადადებები, ჩართული არიან კონფერენციებსა და ტრენინგებში. თუკი ხელს შევუწყობთ სათანადო ანაზღაურებით, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი ქვეყნის  განვითარებაში.

-რას უსურვებთ მომავალ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს და თქვენს კოლეგებს?

-ყველა მომავალ ექიმს ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, რათა მართონ და გადაარჩინონ პაციენტები, იყვნენ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულნი! განსაკუთრებით, მინდა შევეხო ეპიდემიოლოგებსა და მათ თავდაუზოგავ შრომას, კოვიდპანდემიის პირობებში. მათ შეიძლება, დღეში ასამდე ზარი განახორციელონ კოვიდთან იზოლაციაში მყოფ პირებთან, ამავე დროს, უნდა მიხედონ და მართონ მათ უბანზე ინფექციები. იმუნიზაციაში ჩართულმა პირებმა იმავე დღესვე შეისწავლონ აცრის შემდგომი იშგამი(იმუნიზაციის შემდგომი არასასურველი მდგომარეობა) და გადასცენ იმავე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ შრომას და თავდადებას. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად ჩემი რთული და ტრაგიკული ცხოვრებისა, აქამდე მომიყვანა, მადლობა ორივე სამსახურის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ხელს მიწყობდა ჩემი საქმე, სამუშაო, სწორად და კეთილსინდისიერად შემესრულებინა.

ღმერთმა დაგლოცოთ კოლეგებო, სულ წარმატების გზებზე გევლოთ!

პ.ს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დირექციისა და სრული კოლექტივის სახელით, ქალბატონ როენას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს!

მადლობა თავდაუზოგავი სამსახურისთვის!