ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალი ექიმი ჰიპოკრატეს ფიცს დებს, მაგრამ ზუსტი განმარტება ცოტამ თუ იცის.
რასაკვირველია, თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა იმ სამედიცინო ცოდნის მეცნიერული ანალიზისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც კაცობრიობამ არსებობის მანძილზე დააგროვა.
მსოფლიოს მასშტაბით, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულთათვის ჰიპოკრატეს ფიცის დადება კვლავაც საზეიმო ცერემონიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვინ იყო ექიმი, რომლის სახელიც საუკუნეების შემდეგაც ყველამ ზეპირად იცის?
ვინ იყო ჰიპოკრატე?
მედიცინის მამა, როგორც მას უწოდებენ, საბერძნეთში, კუნძულ კოსზე დაახლოებით ძვ. წ. 460 წელს დაიბადა. ანტიკური მედიცინის რეფორმატორი ათენში სწავლობდა და სწავლის დასრულების შემდეგ ე.წ. მოხეტიალე ექიმის საქმიანობას ეწეოდა. მოგზაურობდა საბერძნეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში – საფუძვლიანად შეისწავლა მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინა.
შეეძლო პაციენტის ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა, დაავადების დიაგნოსტირებისთვის შეისწავლიდა შარდისა და განავლის ფერს, სუნს. მან დასაბამი დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის (ანამნეზი, ავადმყოფობის ისტორია) აღწერას, შეიმუშავა ნახვევის დადების, მოტეხილობის მკურნალობის მეთოდები და სხვა.
ნაშრომებში აღწერდა სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობას, მკურნალობის წესებს. საკუთარ დაკვირვებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააცნობიერა, რომ ექიმმა დიაგნოზის დასმისას და დაავადების მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებანი და ორგანიზმზე როგორც შინაგანი, ისე გარე ფაქტორთა გავლენა.
მან შექმნა ფიცი, რომელიც განიხილება როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი.
რა არის ჰიპოკრატეს ფიცი?
რა გასაკვირია, რომ ფიცმა საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა სახე, თუმცა მისი ძირეული აზრი არ შეცვლილა. უმეტეს თანამედროვე ვარიანტში ყურადღება მახვილდება ვალდებულებაზე, რომელსაც მომავალი ექიმი პაციენტთან დაკავშირებით საკუთარ თავზე იღებს, აგრეთვე დაპირებაზე, რომ ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სასარგებლოდ იმოქმედებს.
ჰიპოკრატეს თავდაპირველი ფიცი კი ასეთი შინაარსის იყო:
„ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემი ძალ–ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში, მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევა–დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემსა ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.
ვფიცავ ჩემი ძალ–ღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარი ვნების მიყენებას და უსამართლობას; არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არცერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება.
რომელ სახლშიც შევიდე მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებულობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის გავუმხილო იგი.
და მე, განუხრელად შემსრულებელსა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე!“, – წერდა ჰიპოკრატე.
როგორ დებენ ჰიპოკრატეს ფიცს?
რასაკვირველია, საუკუნეების განმავლობაში, სამედიცინო სფეროს განვითარებასთან და თანამედროვე გამოწვევებთან ერთად პირვანდელმა ტექსტმა რედაქტირება განიცადა, თუმცა უცვლელი დარჩა უმთავრესი – მედიკოსმა ყველაფერი გააკეთოს დაავადების დასამარცხებლად.
ყველა უნივერსიტეტში თავისებური ცერემონია იმართება და ფიცის დადების რიტუალიც განსხვავებულია – გამონაკლისი არც საქართველოა.
თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ჰიპოკრატეს ფიცს სად და რა ვითარებაში, როგორი სცენარით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარმოთქვავ, დედამიწის ყველა წერტილში მცხოვრებ მომავალ ექიმს, კურსდამთავრებულს აერთიანებს ერთი მთავარი შეგრძნება – ცხოვრებას უკავშირებს ყველაზე უფრო ჰუმანურ საქმეს, რაც კი კაცობრიობას უკეთებია. ამ ღონისძიებაზე სიამაყისგან და სიხარულისგან ბევრი ცრემლიც დაღვრილა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!