ვიზიტი ბავშვთა ოფთალმოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ ჩემს პატარას აქვს თვალები დასიებული ცალ თვალიდან ცრემლიც კი მოსდის ძალიან აწუწუნებულია როცა ბრაზდება ხოლმე თავზე ხელს ირტყამს ან თმებს დაიწიწკნის ექიმთან მყავდა და მითხრა კალცის ნაკლებობამ იცის მასეო 1 თვე ვასვი კალცი მაგრამ მაინც ასე დაეწყო კიდე ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს ესეთი ქცევები
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა სავარაუდოდ საქმე გვაქვს ბავშვთა კონიუნქტივიტთან.
ონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა. კონიუნქტივა ლორწოვანი გარსია, რომლიც ფარავს ქუთუთოების უკანა კედელს (შიდა ზედაპირს), ზედა და ქვედა ღარს და თვალის კაკალს რქოვანამდე. თვალის დახუჭვის დროს ეს გარსი დახურულ სივრცეს – კონიუნქტივურ პარკს ქმნის.
კონიუნქტივიტის მიზეზთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც ეგზოგენურ – გარეგან, ასევე ენდოგენურ - შინაგან - ფაქტორებს. ეტიოლოგიური ანუ გამომწვევი ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან, ალერგიულ და ზოგადი დაავადებების ფონზე განვითარებულ კონიუნქტივიტებს, მიმდინარეობის მიხედვით კი მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ფორმა თანაბრად გხვდება ბავშვებსა და ზრდასრულებში.
კონიუნქტივიტის დიაგნოზის დასმა ოფთალმოლოგისთვის არ არის რთული; ის ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებსა და დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, თუმცა საჭიროა მისი დიფერენცირება წითელი თვალის სინდრომით მიმდინარე ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, რქოვანას ანთება - კერატიტი, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება - უვეიტი.
გადამწყვეტი როლი ენიჭება ლაბორატორიულ კვლევებს ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური, სეროლოგიური მეთოდით.
რაც შეეხება თმის დაწიწკვნას, თავად აღნიშნეთ რომ ეს ქცევა ახასიათებს როცა ბრაზდება, ესე იგი რაღაცაზე პროტესტს გამოხატავს.
ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რას აკეთებთ, როცა ბავშვი დაღლილია, მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირის, ცხადია ამ დროს საჭიროა მოფერება, ხოლო თუ ისტერიკაშია იმის გამო , რომ რაღაც უნდა და თქვენ არ აძლევთ, უბრალოდ დააიგნორეთ.
ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ეს ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს და მიზანს ვერ მიაღწევს , არ იზამს.
გირჩევთ, პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა ოფთალმოლოგთან, რომ დადგინდეს ზუსტი მიზეზი, რატომ აქვს ბავშვს თვალები შეშუპებული და დროულად დაენიშნოს მკურნალობის კურსი, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა