ტროფიკული წყლული

კითხვა: გამარჯობა, ავადმყოფს აწუხებს ტროფიკული წყლული მარცხენა ფეხზე (გატანჯულია თვითონაც და მთელი ოჯახიც და უპირველესად ავადმყოფი), ინვალიდის ეტლშია და ჭირს მისი ტრანსპორტირება, თუ შესაძლებლებელია სურათები მოვიტანოთ ადგილზე, ოთხშაბათს კონსულტაციაზე და სურათით მოხდეს ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება? და საჭიროებისამებრ რა თქმა უნდა მერე ადგილზე მოვიყვანთ .. მადლობა...
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტროფიკული წყლული საკმაოდ ფართო ცნებაა და ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეულ შეუხორცებელ ჭრილობას, კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტს ნიშნავს. ტროფიკული წყლულების 80% ვენური წყლულების წილად მოდის, რაც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა. წყლული შესაძლოა განვითარდეს არტერიული პათოლოგიის ფონზეც, ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს. ცალკე გამოყოფენ დიაბეტური ტერფის თანმხლებ წყლულებს. წყლული შესაძლოა წარმოიშვას სისტემური დაავადებების – რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტის, ოსტეომიელიტის – და კანის სიმსივნის შედეგადაც, თუმცა მათი გავრცელება საკმაოდ მცირეა. არსებობს იშვიათი წყლულებიც, მაგალითად, მარტორელის წყლული, რომელიც ავთვისებიანად მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის დროს ჩნდება და სხვა.
დაავადების განვითარების მექანიზმი, გამომწვევის კვალობაზე, სხვადასხვაა. ნორმაში სისხლი ზედაპირული ვენებიდან პერფორანტულის გავლით ღრმა ვენებში გადადის, საიდანაც გულისკენ მიედინება. როდესაც ვენურ სისტემაში მიზეზთა გამო წნევა იმატებს, ხდება სისხლის უკუდენა, ანუ ვენური სისხლი ღრმა ვენებიდან პერფორანტულის გავლით კანქვეშა ვენებისკენ მიედინება. თუ კანქვეშა ვენებში წნევამ მეტისმეტად მოიმატა, ვენის კედლიდან მიგრირებენ სისხლის ფორმიანი ელემენტები, მათ შორის – ლეიკოციტებიც. მათი დაშლის პროდუქტები კი ძალზე ტოქსიურია. სწორედ ეს იწვევს ქსოვილების დაზიანებას და წყლულის წარმოშობას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დიახ, შეგიძლიათ საწყის ეტაპზე არ ჩამოიყვანოთ და ჩატარებული კვლევების მიხედვით ( რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი ) დაიგეგმოს შემდგომი მოქმედების ტაქტიკა .
გაცნობებთ, რომ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა