ტონზილიტი / რევმატიული ართრიტი / კალციუმის დეფიციტი

კითხვა: გამარჯობა. ვარ 27 წლის ორი შვილის დედა. კალცის ნაკლებობა სულ მაწუხებდა. მაქვს შეკითხვა თქვენთან ზამთრის სეზონიდან დამეწყო ყელის ტკივილები და ექიმმა ქრონიკული ტონზილიტი მითხრა. ვსვი წამლებიც კალციც და ცოტა გამოვედი მაგრამ ამ ბოლოს ისევ დამეწყო სისუსტე სისსხლის საერთო ანალიზში ცვლილება არ მაქვს მხოლოდ გემოგლობინი მაქვს 66 და მტკივა სახსრები ძალიან და მიტკაცუნობს ხან იდაყვები და ხანაც მუხლები, ხანდახან წინ ნეკნებიც მტკივა! მინდა თქვენი რჩევა ვის მივმართო ან როგორ მოვიქცე?!
პასუხი:

მოგესალმებით! ტონზილიტი ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც ხახის რკალის ერთი ან რამდენიმე ლიმფოიდური წარმონაქმნის (ტონზილების) ანთება ახასიათებს. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს. მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, იწვევს, შედარებით იშვიათად - ვირუსი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია. ტონზილების ლორწოვან გარსში გამომწვევი შეიძლება მოხვდეს ჰაერწვეთოვანი და ალიმენტური გზით, ასევე - პირდაპირი კონტაქტის დროსაც. გარდა ამისა, დაავადება შეიძლება გამოიწვიონ იმ მიკრობებმა და ვირუსებმა, რომლებიც მუდამ ბინადრობენ ხახის ლორწოვან გარსზე. ამას ექიმები აუტოინფექციას ვუწოდებთ. აუტოინფიცირების მიზეზი შეიძლება იყოს:

• იმუნიტეტის დაქვეითება;
• ადამიანის პირობითპათოგენური ან პათოგენური მიკროფლორის პათოგენურობის მომატება.
აუტოინფიცირება ყველაზე ხშირად ხდება ქრონიკული ტონზილიტის დროს. უნდა მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ოტო–რინოლარინგოლოგს, ან ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კონსულტაციაზე.
რაც შეეხება კალციუმის დეფიციტს და სახსრების ტკივილს, კალციუმი ადამიანის ორგანიზმისათვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. იგი აუცილებელია არა მარტო ძვლებისათვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისათვის. კალციუმის დეფიციტი იწვევს სახსრების ტკივილს, კბილების დაშლას და ღრძილებიდან სისხლდენას, რთულია დისტანციურად გავცეთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული რეკომენდაცია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევებისა და ანალიზების პასუხები. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა