თავის ტვინის ანევრიზმა, სიმპტომები

კითხვა: გამარჯობა ვარ 22 წლის და ერთი წელია აკვიატებული თავის ტკივილები მაქვს, ნერვიულობის ფონზე უფრო მიმატებს მგონია როომ თავზე მაწუხებს მიჭერენ ხან მაცივნებს თავში და ხან ცალ მხარეზე მოპულსირე ტკივილის სახით გამომივლინდება. ძალიან მეშინია ანევრიზმის, და მაინტერესებს ასეთი სიმპტომებით ხომ არ ხასიათდება?
პასუხი:

ანევრიზმა - ეს არის არტერიის (იშვიათად - ვენის) ან გულის კედლის გამობერვა მისი განლევისა და დაჭიმვის გამო. შედეგად წარმოიშობა ე.წ. ანევრიზმული ტომარა, რომელიც შესაძლოა ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დააწვეს. ანევრიზმა შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩეს და ბავშვი ნორმალურად ვითარდებოდეს. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადების ფონზე, რომელიც სისხლძარღვის კედლის გათხელებას იწვევს (ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი, სიფილისის გვიანი სტადია). სისხლძარღვის ტრავმისა და ჭრილობის შედეგად ზოგჯერ ყალიბდება ცრუ ანევრიზმა, რომელიც ასევე ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ანევრიზმის მთავარი მიზეზი ათეროსკლეროზია. ამ დაავადების დროს არტერიის კედელზე ქოლესტერინი, კალციუმი და ფიბროზული ქსოვილი ლაგდება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რაც კედლის დასუსტებასა და გამობერვას იწვევს.
თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:
სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით; ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს); თავის ტრავმით, ჭრილობით; მაღალი არტერიული წნევით; ინფექციით; სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით); ათეროსკლეროზით; თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.
ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს, მისდევს ჩვეულ საქმიანობას და არაფერს უჩივის. ამასობაში ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს.
სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის. დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:
თვალების მიდამოს ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან სახის ერთი ნაწილის დამბლა; გუგების გაფართოება; მხედველობის დაბინდვა.
ანევრიზმის გახეთქვის დროს ადამიანი შეიგრძნობს უეცარ და ძალიან ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, პირღებინებას, გულისრევას, კეფის არეში დაჭიმულობას. შესაძლოა, გონებაც დაკარგოს. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის ე.წ. გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები - საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა, კრუნჩხვაც კი. თუ გაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, მეტადრე - თუ ის შერწყმულია ჩამოთვლილ ნიშნებთან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს,უმჯობესია ჯერ ნევროლოგს ,საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სხვა სპეცილიასტთან. ვიდრე ვიზიტს განახორციელებთ , გთხოვთ , ნუ განსაზღვრავთ თქვენ თვითონ დიაგნოზს ,ჩვენ მოგაწოდეთ სრულფასოვნად ინფორმაცია.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა