თავბრუსხვევა

კითხვა: გამარჯობა. ვარ 26 წლის. მაქვს მუდმივი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მარცხენა ყურში შუილი. ბოლო დროს საგრძნობლად დამიქვეითდა სმენა და მხედველობა. ვიყავი ნევროლოგთან, გამომიწერა დამამშიდებლები და მირჩია ფიზიკური დატვირთვა. დღეს უკვე 10 დღიანი წამლების კურსი დავასრულე და ისევ ისე ვარ, როგორც ადრე. მაქვს შეგრძნება, რომ თავში და კისერში მარილები მაქვს და მოძრაობის დროს შ ესაბამის ხმას გამოსცემენ.
პასუხი:

ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
ერთ–ერთი ხშირი მიზეზი არის ოსტეოქონდროზი. ხერხემლის, განსაკუთრებით კი კისრის მალების ოსტეოქონდროზი, შესაძლოა ყურებში ხმაურის მიზეზად იქცეს. ეს პათოლოგიური პროცესი იწვევს ხერხემლის კისრის ნაწილის ვიწრო არხებში გამავალი არტერიების სპაზმს ან მათზე ზეწოლას. შედეგად სასმენ აპარატს ნაკლები სისხლი მიეწოდება. ყურებში აღმოცენდება ხმაური, რასაც ერთვის თავბრუსხევევა, თავის ტკივილი, დაძაბვა და დისკომფორტი კისრის არეში, კეფის ქვედა ნაწილში, ადვილად დაღლა. ზოგჯერ ყურებში ხმაური საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ან მიმდებარე კუნთების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ხმაური ტკაცუნის მსგავსია.
ასევე შესაძლოა ვივარაუდოთ ნევროზი, დეპრესია ან უბრალოდ ძლიერი გადაღლა,რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების იმიტაციას ახდენს. არცთუ იშვიათად, მათი ერთადერთი გამოვლინება ყურებში ხმაური და თავბრუსხვევაა. ასეთ დროს დიაგნოსტიკა ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ტრავმა, სიმსივნე) გამოწვეული ხმაურის გამორიცხვით იწყება. ნევროზის დროს პაციენტი ზედმეტად არის კონცენტრირებული თავისი ჩივილების ირგვლივ, ძლიერ უქვეითდება შრომის უნარი, გუნება-განწყობილება, გამოკვლევა კი ორგანულ მიზეზს არ ავლენს. ამავე დროს, ნევროზი და სტრესი საგრძნობლად აძლიერებს ყურებში სხვა მიზეზით (ყურის ან ნერვული სისტემის დაავადებებით) განპირობებულ ხმაურს.
თქვენ შემთხვევაში,ჩვენი რჩევა იქნება დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და უთხრათ ,რომ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე,რომელიც ობიექტური გასინჯვის შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა