მოგესალმებით ! შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ ინფექციის ბოლო სტადიაა. აივ ინფექცია აზიანებს და იწვევს იმუნური სისტემის ნგრევას, რაც ადამიანის ორგანიზმს ართმევს უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებსა და დაავადებებს. აივ ინფექცია არის აქტიური ტუბერკულოზის დაავადების განვითარების ძირითადი რისკ–ფაქტორი.
შიდსის სიმპტომებია:
• ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;
• ლიმფური კვანძების გადიდება;
• ძლიერი საერთო სისუსტე;
• მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
• გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
• ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
• თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
• პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.
ვირუსი არ გადადის:
• კოცნით – ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, რომ კოცნით ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საშიშია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოჰყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და მასში ვირუსი იოლად აღწევს; . მწერების ნაკბენით – კოღოები, ტკიპები და სხვა სისხლისმწოველი არსებანი;
. სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს, მანიკიურ-პედიკიურით, თმის შეჭრითა და გაპარსვით;
. ანალიზების ჩაბარების დროს;
. აუზზე, აბანოსა და საუნაში;
. ხელის ჩამორთმევით;
. პირადი ჰიგიენის ნივთებით (მაგალითად, პირსახოცით, ჭურჭლით) და ტანსაცმლით;
. დონორობისას.
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის რამდენიმე გზა:
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ან დაინფიცირებულ პირთან სექსუალური კავშირი;
• ინფიცირებული სისხლის გადასხმით;
• აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა ბასრი ინსტრუმენტის გამოყენებით;
• ინფიცირებული დედისგან ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, დაძლიეთ ემოციები და გამოიკვლიეთ თავი შიდსზე, რადგან აივ ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია:
• დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და დაიწყოთ სპეციფიური მკურნალობა, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას; • მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აივ ინფექციის ფონზე ნებისმიერი თანმხვედრი დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და საჭიროა სათანადო მკურნალობა განსაკუთრებით ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და ვენერიული დაავადებების დროს;
• თავიდან აიცილეთ თქვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანების ინფიცირება
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!