გამარჯობა! თქვენი მონათხრობით ვითარება გავს ე.წ. "ქრონიკული დაღლილობის " სინდრომს ,რომლის მიზეზები მრავალგვარია .
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მასზე უკვე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ .
აშშ-ში ქრონიკული დაღლილობის ნაციონალური ცენტრიც კი არის შექმნილი.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს პაციენტს აქვს ბევრი თანმხლები სიმპტომი,როგორიცაა; საერთო სისუსტე,ადვილად დაღლა,შრომისუნარიანობის დაქვეითება,თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და ა.შ.ძირითადი ნიშნები კი გახლავთ გახანგრძლივებული დაღლილობის შეგრძნება, უხალისობა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ქდს-ის დიაგნოსტიკისას აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ასეთსავე სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი.
ქდს რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთა პროფესიაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასეთები არიან, მაგალითად:ავიადისპეტჩერები;სარკინიგზო ტრანსპორტის ოპერატორები;ექიმები;პედაგოგები;პოლიციელები;ბიზნესმენები, რომელთაც მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად უდიდესი ფსიქოემოციური დატვირთვის ატანა უწევთ; ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები;ავადმყოფები, უმთავრესად - სიმსივნით დაავადებულები, ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ქდს-ს მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:ცხოვრების არასახარბიელო ეკოლოგიურ-ჰიგიენური პირობები;ზემოქმედებები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმის ზოგადი, იმუნოლოგიური და ნერვულ-ფსიქიკური წინააღმდეგობის უნარს (ნარკოზი, ოპერაციული ჩარევა, ქრონიკული დაავადებები, ქიმიო- და სხივური თერაპია, სხვა არაიონიზებული გამოსხივება, თუნდაც კომპიუტერი); ხშირი და ხანგრძლივი სტრესი სამუშაო ადგილზე;არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა;ცხოვრებისეული პერსპექტივის არარსებობა, ფართო ინტერესების უქონლობა.
სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:თამბაქოს წევა;სმა;არასრულფასოვანი კვება;გამოუძინებლობა;ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, მათ შორის : ანალგინის, პარაცეტამოლის, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, საძილე და შარდმდენი პრეპარატების.
ქდს-ის დიაგნოსტიკის საკითხი მეტად აქტუალურია. ექიმი ორიენტირებას ახდენს დაავადების კლინიკურ გამოვლინებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში.
გასათვალსიწინებელია,რომ ქდს–ს მსგავსი სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საკვებისმიერი ალერგია, გადამეტებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შედეგები, ვირუსული ინფექციები.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის მთავარი პრინციპია პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია დამზოგველი რეჟიმი და პაციენტის ხშირი კონტაქტი მკურნალ ექიმთან. აუცილებელია:
დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმის მოწესრიგება; ყოველდღიური ფეხით სეირნობა (პარალელურად სასურველია მთელი სხეულის ან საყელოს ზონის სეგმენტური მასაჟი); განტვირთვა და დიეტოთერაპია, რომლის შედეგადაც იშლება წიდა, აქტიურდება უჯრედული ცვლა, ხდება ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციური სტიმულაცია. ამ დროს აუცილებელია დღე-ღამეში 1,5-2ლ სითხის მიღება; ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, B2, B12, C; ფსიქოთერაპია - როგორც აუტოგენური, ისე ჯგუფური; იმუნოკორექტორები და ადაპტოგენები; სხვა დამხმარე საშუალებები (დღის ტრანკვილიზატორები, ენტეროსორბენტები, ნოოტროპული საშუალებები და სხვა სიმპტომური სამკურნალო პრეპარატები); ფართოდ გამოიყენება კოენზიმ Q10, მელატონინი, სელენის, რკინის, თუთიის შემცველი პრეპარატები.
პაციენტმა უნდა მიიღოს მეტი ცილოვანი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ერიდოს ალკოჰოლს და სხვა მაგარ სასმელებს, რეგულარულად მიირთვას ნიგოზი, თაფლი, ჩირი, ნიორი, ლიმონი და სხვა ციტრუსები. კარგია სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები (ყველაზე ცნობილია ჟენ-შენი და ექინაცეა). იმუნიტეტის მოძლიერებას ხელს უწყობს შტოშის, ჟოლოს, შინდის მურაბა. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. სასურველია, ავდგეთ და დავწვეთ ერთსა და იმავე დროს. დღისით ზომიერად დავიტვირთოთ და ვერიდოთ თვალის მოტყუებას, ხოლო ღამით შევქმნათ სასურველი განწყობა სრულფასოვანი ძილისათვის. არის შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილია მსუბუქი საძილე საშუალებების გამოყენებაც.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პრევენციისთვის ეცადეთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ გადატანილი ემოციური თუ ფიზიკური სტრესი, ოდნავ მაინც გართულებული ვირუსული ინფექცია. დროულად ჩაიტარეთ ექიმის მიერ მითითებული ლაბორატორიული გამოკვლევები, რათა თქვენმა პრობლემებმა ქრონიკული სახე არ მიიღოს და ამ უსიამოვნო სინდრომში არ გადაიზარდოს.
ამიტომ, უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს ,რომელთანაც გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე ყოველი პარასკევი , ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 11 9 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!